ტვიტები, რომლებშიც ტრამპს სიკვდილს უსურვებთ, წესებს არღვევს და წაიშლება — Twitter
ტვიტერი აცხადებს, რომ ის პოსტები, რომლებშიც კორონავირუსით ინფიცირებულ ამერიკის პრეზიდენტს სიკვდილს უსურვებენ, პლატფორმის წესებს არღვევს და მათი ავტორებისთვის, შესაძლოა, ანგარიშის წაშლით დასრულდეს.
აშშ-ს პრეზიდენტსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს, კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ. ამჯერად ტრამპი საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და სამსახურში დროულად დაბრუნება სურს.
"მე უნდა დავბრუნდე, რადგან ჩვენ უნდა გავხადოთ ამერიკა დიადი, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი", — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპს, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპონენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა, თუმცა ყველას არ ამოძრავებს კეთილი სურვილები ტრამპის მიმართ. COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ტრამპს ხშირად ადანაშაულებენ შესაბამისი ზომები არ მიღების გამო, რასაც არაერთი სიცოცხლე შეეწირა. მისი მმართველობის პერიოდში აშშ-ში ვირუსს 200 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, პრეზიდენტს აკრიტიკებდნენ იმის გამოც, რომ თავადაც არ იცავდა სოციალურ დისტანციას და არ ატარებდა პირბადეს. ტესტის დადებით პასუხამდე ერთი დღით ადრე დონალდ ტრამპი მინესოტაში ამომრჩეველს შეხვდა. როგორც სხვა ღონისძიებებზე, მას პირბადე აქაც არ ეკეთა. რამდენიმე დღით ადრე, მან პირბადის ტარების გამო ჯო ბაიდენსაც დასცინა. ტრამპი აცხადებდა, რომ პირბადის ტარება უბრალოდ "რეკომენდაცია" იყო და არა ვალდებულება. ტრამპს უამრავი მხარდამჭერი ჰყავს როგორც აშშ-ში, ისე მსოფლიოში, ვინც მის შეხედულებებს იზიარებს.
ტვიტერი აცხადებს, რომ აღნიშნული ტვიტები სოციალური მედიის "ძალადობრივი ქმედების პოლიტიკას" არღვევს, რომელიც კრძალავს პოსტებს, რომლებშიც "სერიოზულ ზიანს უსურვებენ კონკრეტულ ადამიანს თუ ადამიანების ჯგუფს".
"ტვიტები, რომლებშიც ადამიანებს სიკვდილს, ფიზიკურ ზიანს ან სასიკვდილო დაავადებას უსურვებენ, აკრძალულია და წაიშლება, თუმცა ეს ანგარიშის ავტომატურ გაუქმებას არ ნიშნავს", — განაცხადა ტვიტერმა.
ახალი პოლიტიკა ტვიტერმა აპრილში მიიღო და როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის, მხოლოდ ტრამპზე არ ვრცელდება. თუმცა, განცხადებამ უამრავ მომხმარებელში გაოცება და პროტესტი გამოიწვია. მაგალითად, ტრანსგენდერი ქალი ევან გრინი აცხადებს, რომ ის ტვიტერის ანგარიშზე თითქმის ყოველდღიურად იღებს მკვლელობის საჯარო მუქარებს, თუმცა პლატფორმა მათ აქტიურად არ შლის.
რაც შეეხება ფეისბუქს, მარკ ცუკერბერგის პლატფორმაზე მომხმარებლებს უფლება აქვთ სიკვდილი ნებისმიერ საჯარო ფიგურას უსურვონ, თუ ის პოსტზე არაა მონიშნული.
კომენტარები