ლანჩი შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ თანამშრომელთან — Lunch Roulette
ორგანიზაციებში თანამშრომლებს ხშირად, ერთობლივი მუშაობის ნაცვლად, საქმის დამოუკიდებლად შესრულება უწევთ, რაც ერთმანეთთან თანამშრომლობის ნაკლებობითაა განპირობებული. ამასთან, ადამიანები მიდრეკილნი არიან იმისკენ, რომ სამსახურში სამეგობროდ მათი მსგავსი სოციალური, ეთნიკური თუ კულტურული შეხედულებების თანამშრომლები აირჩიონ, რაც მთლიანი გუნდის შიგნით კავშირების გამყარებას უშლის ხელს.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი კორპორატიული და გასართობი ღონისძიებები ხშირად არასასიამოვნოა — განსაკუთრებით, ისეთი ინტროვერტი თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ხალხმრავალი სიტუაციები ძაბავთ.
სწორედ ამ სიტუაციის გამოსწორებას ისახავს მიზნად ProductHunt-ზე გამოქვეყნებული აპლიკაცია სლექისთვის, Lunch Roulette, რომელიც თანამშრომლებს შორის კოლაბორაციისა და ერთმანეთის უკეთ გაცნობის პრობლემას აგვარებს.
აპლიკაცია სლექში შემთხვევითობის პრინციპით შეგარჩევინებთ თანამშრომლებს, რომლებთან ერთადაც ლანჩის დროს გექნებათ საშუალება, უკეთ გაიცნოთ ისინი.
აპლიკაციის შემქმნელები ვარაუდობენ, რომ თანამშრომლების ერთმანეთის უკეთ გაცნობის შედეგად ორგანიზაციაში მნიშვნელოვნად გაიზრდება პროდუქტიულობა, რადგან სხვადასხვა დეპარტამენტში მყოფი ადამიანები უფრო მარტივად მოაგვარებენ საკითხებს და ამოცანების შესრულებაც მეტად დაეფუძნება გუნდურობის პრინციპს. ამას კი სწორედ Lunch Roulette-ით ორგანიზებული "შემთხვევითი შეხვედრები" შეუწყობს ხელს.
კომენტარები