მკვლევრებმა მუმიფიცირებული ეგვიპტელი ბავშვის სახე აღადგინეს
ევროპელმა მეცნიერებმა ძველ ეგვიპტეში მცხოვრები იმ ბიჭის სახის რეკონსტრუქცია შეძლეს, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში მუმიფიცირდა. აღსანიშნავია, რომ ბიჭის გაციფრულებული ვერსია მასთან ერთად დამარხულ პორტრეტს საოცრად ჰგავს.
ძველი წელთაღრიცხვით პირველიდან მესამე საუკუნემდე ე.წ. მუმიის პორტრეტების მუმიფიცირებული გვამების თავთან განთავსება საკმაოდ პოპულარული პრაქტიკა იყო.
ბავშვის უძველეს პორტრეტთან შედარებით, თანამედროვე რეკონსტრუქცია მნიშნელოვან მსგავსებას აჩვენებს, თუმცა ერთი აღსანიშნავი გამონაკლისით. ძვლებისა და კბილების ანალიზმა აჩვენა, რომ ბიჭი სიკვდილის დროს 3-4 წლის იყო, თუმცა პორტრეტის მიხედვით იგი უფრო დიდი ჩანს.
პორტრეტში სახის მეტად მომწიფებული ვერსიის რეპრეზენტაცია, შესაძლოა, ხელოვანის პირად ხედვას უკავშირდებოდეს.
ბიჭის პორტრეტსა და ციფრულ ვერსიას შორის მსგავსება, შესაძლოა, იმ კითხვაზე პასუხის გაცემაშიც დაგვეხმაროს, რომელიც ბრიტანელ მეცნიერებს მას შემდეგ აწუხებთ, რაც 1880-იან წლებში მუმიების პორტრეტები აღმოაჩინეს: ვის გამოსახავენ ეს ნამუშევრები?
"ერთ-ერთ მსგავს პროტრეტზე ახალგაზრდა ბიჭია გამოსახული, მაგრამ ის თეთრწვერიანი მოხუცი კაცის მუმიას ახლდა თან", — აღნიშნავენ მკვლევრები. მათი აზრით, ეგვიპტელები პორტრეტებს სიკვდილამდე ამზადებდნენ და ინახავდნენ.
მკვლევრების მიხედვით, ნაპოვნი პორტრეტები როგორც ეგვიპტური, ასევე რომაული კულტურის გავლენითაა შექმნილი. რეალისტური პორტრეტები რომაელებისთვის იყო დამახასიათებელი, მუმიფიცირება კი — ეგვიპტელებისთვის.
მუმიის ანალიზის მიხედვით, ბიჭი პნევმონიით დაიღუპა, მუმიფიცირების დროს კი მას კონკრეტული ორგანოები და ტვინი ამოაცალეს.
აღსანიშნავია, რომ ციფრული ვერსია ძვლების ანალიზს ეყრდნობა, პორტრეტი კი მხოლოდ თვალის ფერისა და ვარცხნილობის დასაზუსტებლად დაიხმარეს.
საბოლოოდ, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რეკონსტრუქციასა და პორტრეტს შორის არსებული მსგავსება იმით აიხსნება, რომ იგი ბიჭის სიკვდილის პერიოდში ან მისი სიკვდილის შემდეგაა დახატული.
კომენტარები