ეფლმა აშშ-ის გამოძიების ბიუროს დემონსტრანტის პირადი მონაცემები მიაწოდა
სიეტლში ეფლმა აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიაწოდა iCloud-იდან ამოღებული მონაცემები იმ მომხმარებლის შესახებ, რომელიც მაისის ბოლოს გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მანქანის გადაწვაში იყო ეჭვმიტანილი.
Forbes-ის ცნობით, ეჭვმიტანილის iCloud-ის ანგარიშიდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ისვრის დემონსტრანტი მოლოტოვის კოქტეილს პოლიციის ავტომობილის ფანჯარაში.
FBI-მ საგამოძიებო მოქმედებების დროს მტკიცებულების სახით ამოიღო სურათები სოციალური ქსელებიდან, რომლიდანაც დგინდებოდა ეჭვმიტანილი კელი ჯეკსონის ადგილმდებარეობა საპროტესტო მსვლელობის დროს. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ასევე ამოიღო იმ პერიოდში განხორციელებული ზარების ჩანაწერები და დაადგინა, რომ ეჭვმიტანილი iPhone 7-ს იყენებდა.
ამ დროს FBI-მ ეფლს ეჭვმიტანილის iCloud-დან საჭირო ინფორმაციის ამოღება მოსთხოვა. ჩხრეკის ორდერის მიხედვით, ტექნოლოგიურმა გიგანტმა საგამოძიებო უწყებას მიაწოდა დიდი ოდენობით ფოტო და ვიდეომასალა, მათ შორის სქრინშოთები, რომლებიც ეჭვმიტანილის iCloud-ზე ინახებოდა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, კადრებში კარგად ჩანს თეთრკანიანი კაცის ხელები, რომლებითაც ის მოლოტოვის კოქტეილს ამზადებს. სხვა ვიდეოში კი ჩანს, თუ როგორ აგდებს კაცი აალებულ ბოთლს პოლიციის ავტომობილის კარში.
FBI-ის ცნობით, კადრებში არ ჩანს ეჭვმიტანილის სახე, თუმცა სხვა ვიდეოებში, რომლებიც მომდევნო დღეებშია გადაღებული, ჯექსონის სახე ჩანს და მას, დიდი ალბათობით, იგივე ზედა აცვია, რაც ჩანდა წინა ვიდეოში, სადაც აღბეჭდილია პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტი.
კითხვაზე, გასცემს თუ არა ეფლი ინფორმაციას iCloud-იდან აშშ-ის მხრიდან ოფიციალური მიმართვის შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლები პასუხისგან თავს იკავებენ. კომპანიის ოფიციალური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ეფლმა, 2019 წლის მეორე ნახევარში ინფორმაციის გაცემაზე 4095 მოთხოვნა მიიღო — კომპანიამ 3645 მათგანი დააკმაყოფილა.
ამასთანავე, Reuters-ის ცნობით, კომპანია ეფლმა, FBI-ის მოთხოვნით, მომხმარებლების მონაცემების სარეზერვო ასლის დაშიფვრის შესაძლებლობა აღარ განახორციელა.
კომენტარები