ინჟინრებმა გამოსცადეს თვითმფრინავი, რომელშიც მგზავრები ფრთებში სხდებიან
Flying-V ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდია, რომლის მაკეტის პირველი სატესტო ფრენა მგზავრების გარეშე შესრულდა. ეს ხომალდი განსაკუთრებული იმითაა, რომ მასში მგზავრებისთვის განკუთვნილი სივრცე ფრთებშია მოთავსებული.
აღსანიშნავია, რომ უჩვეულო დიზაინის გამო, Flying-V თანამედროვე თვითმფრინავების უმრავლესობასთან შედარებით 20%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. თუმცა, ექსპერიმენტული დიზაინის გამო, ბოლომდე ცხადი არ არის, რამდენად პრაქტიკული იქნება ის, როცა საქმე მგზავრების გადაყვანამდე მივა.
სატესტო მოდელს რეალური ხომალდის პროპორციები არ აქვს. ამის მიუხედავად, წარმატებული ფრენა მაინც მნიშვნელოვანი იყო. პროექტზე მომუშავე ინჟინრები დარწმუნებული არ იყვნენ, რამდენად კარგად გაართმევდა თავს Flying-V აფრენას და დაშვებას.
"ჩვენ ვღელავდით, რომ ხომალდს აფრენა გაუჭირდებოდა. წინა გამოთვლების მიხედვით, თვითმფრინავის 'როტაცია' შეიძლება პრობლემური ყოფილიყო", — ამბობს პროექტზე მომუშავე ინჟინერი, როელოფ ვოსი, — "ჩვენმა გუნდმა სატესტო მოდელში შესწორებები შეიტანა. თუმცა, მეტი სარწმუნოობისთვის სატესტო ფრენა მაინც საჭირო იყო".
ნებისმიერი თვითმფრინავით ფრენისას დაშვებისას ყოველთვის გრძნობ, როგორ ირხევა ხომალდი. იგივე მოხდა Flying-V-ს სატესტო ფრენის დროსაც. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დროს მგზავრები თვითმფრინავის ფრთებში უნდა ისხდნენ, დიდი ალბათობით, დაშვების ეს რამდენიმე წამი მათთვის განსაკუთრებით არაკომფორტული იქნება.
კომენტარები