ამ ონლაინ-კალკულატორით შეგიძლიათ თქვენი ინსულტის რისკი გამოითვალოთ
ექიმებს უკვე შეუძლიათ პაციენტის იშემიური ინსულტის რისკი მათი მეტაბოლური სინდრომის (არტერიული წნევის სიდიდე, ქოლესტერინის დონე და სიმსუქნე) სიმწვავით გამოთვალონ. ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ამ მიგნების შესახებ სტატია ჟურნალში Stroke გამოაქვეყნა.
კვლევის ფარგლებში მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ინსულტის გაზრდილი რისკი მეტაბოლური სინდრომის სიმწვავესთან პირდაპირ კავშირში იყო. მეტაბოლური სინდრომი ინსულინისადმი რეზისტენტობის ანდა სიმსუქნის მქონე პირებში გულ‐სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორების კლასტერულ ერთიანობას გულისხმობს. როგორც წესი მასში მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მომატებული დონე და ჭარბი წონა მოიაზრება.
ექიმებს უკვე შეუძლიათ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ამ ონლაინ-კალკულატორში შეიყვანონ და თავიანთი პაციენტისათვის ინსულტის რისკი გამოთვალონ. ეს მათ საშუალებას მისცემთ, შემდგომი ავადმყოფთა მენეჯმენტი უფრო ეფექტიანად დაგეგმონ. ონლაინ-კალკულატორის შექმნაში დიდი წვლილი ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებსაც მიუძღვის. ამ ონლაინ-ხელსაწყოს გამოყენება თქვენ თვითონაც შეგიძლიათ, თუ შესაბამისი მონაცემები გეცოდინებათ.
"ჩვენ აქამდეც გამოვკვეთეთ, რომ მეტაბოლური სინდრომის სიმწვავე მომავლში გულის კორონარული დაზიანებისა და II ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ეს კვლევა იშემიურ ინსულტთან კავშირებსაც ცხადყოფს", — აღნიშნა კვლევის მთავარმა ავტორმა, ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა, მარკ დებურმა.
იშემიური ინსულტის რისკი
მარკ დებურმა ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორ მეთიუ ჯეი გურკასთან ერთად ონლაინ-კალკულატორი შექმნა. იშემიური ინსულტისა და მეტაბოლური სინდრომის ურთიერთკავშირის გამოსაკვეთად დებურმა და გურკამ აქამდე გამოქვეყნებულ კვლევებში აღწერილი 13 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააანალიზეს. როგორც აღმოჩნდა, 18,6 წლის განმავლობაში 709 იშემიური ინსულტი დაფიქსირდა. აღნიშნულის მიზეზი თავის ტვინში სისხლის თრომბისა თუ ათეროსკლეროზული ფოლაქების მიერ გამოწვეული სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა გახლავთ. დახშულ არტერიაში სისხლი ვერ გადაადგილდება და მზარდი წნევის გამო ეს უკანასკნელი სკდება.
მეტაბოლურ სინდრომსა და იშემიურ ინსულტს შორის კავშირი ყველაზე თვალნათელი თეთრკანიან ქალებში გახლდათ. აღნიშნულ ჯგუფში მკვლევარებმა მოახერხეს და მეტაბოლური სინდრომის დამოუკიდებელი ფაქტორის, მაღალი არტერიული წნევის და ინსულტის რისკს შორის კავშირი გამოკვეთეს.
მეცნიერებმა ასევე შენიშნეს, რომ ინსულტის რისკ-ფაქტორებში რასა და სქესი რაიმე განსაკუთრებულ როლს არ თამაშობდნენ. შესაბამისად, მათ ივარაუდეს, რომ თეთრკანიან ქალებში ინსულტის მაღალი მაჩვენებელი, შესაძლოა, უბრალო დამთხვევა იყოს. მიუხედავად ამისა, დებურის გუნდი მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი შემდგომი კვლევის მიზეზი უნდა გახდეს და საბოლოოდ დადგინდეს, რასას და სქესს რაიმე რეალური გავლენა თუ აქვთ ინსულტის გაზრდილ რისკზე.
მეტაბოლური სინდრომის სიმწვავისა და ინსულტის რისკს შორის კავშირი ჩვენება ექიმებსა და პაციენტებს საშუალებას აძლევთ, რომ ცხოვრების სტილის შეცვლაზე მუშაობა დროულად დაიწყონ. ამაში იგულისხმება ზედმეტი წონის კორექცია, მეტი ფიზიკური ვარჯიში და ჯანსაღ კვებაზე გადასვლა.
დებური იმედოვნებს, რომ მისი და გურკას შექმნილი ონლაინ-კალუკულატორი ექიმებს პაციენტების მართვაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.
კომენტარები