ბვინდის ეროვნულ პარკში გორილების "ჩვილების ბუმია"
ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ბვინდის ეროვნულ პარკში 5 გორილა დაიბადა, რაც უგანდას ველური ბუნების დაცვის მომსახურების (UWS) განცხადებით, ნამდვილ ჩვილების ბუმს წარმოადგენს.
UWS-ის თქმით, იანვრის შემდეგ სულ 7 გორილა დაიბადა, რაც 2019 წლის შედეგთან შედარებით, როდესაც მთელი წლის განმავლობაში 3 გორილა დაიბადა, ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. მთის გორილები გადაშენების პირას იმყოფებიან, ამჟამად მათი რაოდენობა დაახლოებით 1 000-ს შეადგენს.
ორგანიზაციის თქმით, ეს წელი გორილების შობადობისთვის უპრეცედენტოა, თუმცა ამის მიზეზი მათთვის უცნობია. ბოლო 5 ნაშიერი გორილების სხვადასხვა ოჯახს ეკუთვნის.
მარტში უგანდას ტურიზმის სექტორი კორონავირუსის გამო დაიხურა, ახლა კი ინდუსტრია ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრნუდება. ამჟამად პარკებში ვიზიტორების მცირე ჯგუფები დაიშვებიან. ოფიციალური პირებისთვის ბრაკონიერები ასევე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ, განსაკუთრებით კი კარანტინის დროს. ივლისში, ერთ-ერთ კაცს, რომელმაც პარკის გორილა მოკლა, თავისუფლების აღკვეთა 11 წლით მიუსაჯეს.
ბვინდის ეროვნულ პარკში დაახლოებით 400 გორილა და 10 ოჯახური ჯგუფი ცხოვრობს.
მთის გორილები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რუანდასა და უგანდაში სპეციალური დაცვის ქვეშ იმყოფებიან. ბვინდის ეროვნული პარკის გარდა მათი პოვნა ასევე ვირუნგაშია შესაძლებელი, რომელიც სამი ქვეყნის საზღვარს აერთიანებს.
2018 წელს მთის გორილები გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიიდან ამოიღეს — მას შემდეგ, რაც მათ გადასარჩენად უამრავი ღონისძიება გატარდა.
კომენტარები