ეფლმა შემთხვევით Flash-ად შენიღბული მავნე პროგრამის გავრცელება დაუშვა
ახალი ანგარიშის მიხედვით, ეფლმა საკუთარ კომპიუტერებზე შემთხვევით დაუშვა იმ მავნე პროგრამის გავრცელება, რომელიც Adobe Flash Player-ის განახლების სახელით ინიღბებოდა.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის, პატრიკ უორდლის თქმით, ეფლმა დაუშვა აპლიკაცია,რომელიც შეიცავდა მავნე პროგრამულ უზრუნველყოფას, სახელწოდებით Shlayer. აღნიშნული მავნე პროგრამა ე.წ. ტროიანის ვირუსის ტიპს განეკუთვნება, რომელიც ყალბი პროგრამების სახელებით ვრცელდება და წარმატებული გაშვების შემდეგ სარეკლამო ფანჯრების უსასრულო რაოდენობას ხსნის. ერთ-ერთი ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, 2019 წელს Shlayer მაკებისთვის ყველაზე გავრცელებულ საფრთხეს წარმოადგენდა.
უორდლის თქმით, ეს მისთვის ცნობილი პირველი შემთხვევაა, როცა ეფლმა შეცდომით დაუშვა მავნე პროგრამული უზრუნველყოფა მას შემდეგ, რაც კომპანიამ პროგრამების შემოწმების პროცესი განაახლა. 2019 წლიდან ეფლი მოითხოვს, რომ macOS-ზე სამუშაოდ თითოეულმა აპლიკაციამ გაიაროს შემოწმება კომპანიის მხრიდან და მიიღოს დეველოპერის ციფრული ხელმოწერა იმ შემთხვევებშიც კი, როცა აპლიკაციის დაინსტალირება AppStore-ის გარეშე ხდება.
მავნე კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის აღმოჩენისთანავე უორდლი ეფლს დაუკავშირდა, რის შედეგადაც, კომპანიამ დაუყოვნებლივ წაშალა დეველოპერის ანგარიში, რომლიდანაც ის გამოქვეყნდა.
როგორც ირკვევა, მოგვიანებით მსგავსი პროგრამა კიდევ ერთხელ გამოჩნდა ეფლის აპლიკაციების მარკეტში, თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენლები TechCrunch-თან საუბარში აღნიშნავენ, ორივე საეჭვო ანგარიში AppStore-დან უკვე წაშლილია.
კომენტარები