როგორ შეგიძლია გახდე MAST-ის სტუდენტი
ვინ უნდა ვიყო? ეს კითხვა თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც დაგვისვამს საკუთარი თავისთვის. ხშირად ეს კითხვა არც მაშინ გვტოვებს, როცა პროფესიაც არჩეული გვაქვს და უკვე ვმუშაობთ კიდეც. შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში, Miami Ad School-ში ღრმად სწამთ, რომ ყველა, ვინც შემოქმედებით სფეროში წარმატებულია, ასეთად დაიბადა, მერე კი უბრალოდ გახდა ის, ვინც ისედაც უნდა ყოფილიყო. ასე რომ, თუ თქვენში ქორიფაითერი ან არტდირექტორი ცხოვრობს, რომელსაც უწევს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე რაიმე სხვა აკეთოს, ეს სტატია თქვენთვისაა.
Miami Ad School Tbilisi და თავისუფალი უნივერსიტეტი, თიბისის მხარდაჭერით, მხარდაჭერით, სტუდენტებს ორწლიან საერთაშორისო სასერტიფიკატო პორტფოლიო-პროგრამას არტ-დაირექშენისა და ქოფირაითინგის მიმართულებით სთავაზობენ. მეორე ნაკადზე დარეგისტრირების ვადა 10 სექტემბერს იწურება, სწავლა კი ოქტომბერში დაიწყება. სკოლის უკეთ გასაცნობად 3 სექტემბერს ღია კარის დღე იმართება. აღმაშენებლის ხეივნის 240 ნომერში, თავისუფალი უნივერსიტეტის Miami Ad School Tbilisi-ის კამპუსში, 19:00 საათზე, ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, რომ პირადად გაიცნოს სკოლის ადმინისტრაცია, ლექტორები, დეტალურად გაეცნოს არტ დირექტორისა და ქოფირაითერის პორტფოლიო პროგრამას და დასვას მისთვის საინტერესო ყველა კითხვა.
რის გამო ირჩევენ Miami Ad School-ს?
Miami Ad School, იგივე MAS, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრეატიული სკოლაა, რომელიც 1993 წელს დაფუძნდა. დღესდღეობით მისი ქსელი 16 ქალაქს მოიცავს: აქედან 4 აშშ-ში, ხოლო 12 — მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ბერლინში, რიო-დე-ჟანერიოში, სიდნეიში, ტორონტოსა და მადრიდში მდებარეობს. ამ ქალაქების ჩამონათვალს ცოტა ხნის წინ თბილისიც დაემატა, სადაც ბერლინის სკოლასთან თანამშრომლობით პორტფოლიოს პროგრამა შეიქმნება.
თუკი ინტერნეტში ოდესმე გადააწყდით სტატიას, სახელწოდებით "მომავლის პროფესიები", შეამჩნევდით, რომ ამ პროგნოზების უმეტესობაში ფიგურირებს მარკეტინგის და სარეკლამო ინდუსტრია.
თანამედროვე ციფრულ სამყაროში კი ამ ინდუსტრიაში დასაქმებისთვის აუცილებელია კონკრეტული უნარებისა და ცოდნის ზედმიწევნით ფლობა. MAS სწორედ ამ სფეროში კვალიფიციური კადრების შექმნას ემსახურება.
"რამდენიმე წლის წინ LinkedIn-ზე შეტყობინება მივიღე, სადაც ახალგაზრდა მეკითხებოდა, სად შეიძლებოდა, ესწავლა, თუკი სარეკლამო ინდუსტრიაში სურდა მუშაობა", — ამბობს Burger King-ის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი, ფერნანდო მაშადო, — "მე კი ვუპასუხე, რომ თუ ამაზე ფიქრობდა, MAS საუკეთესო არჩევანი იყო. ამ სკოლის არაერთ სტუდენტთან ვთანამშრომლობ და ყველანი ძალიან ნიჭიერები არიან. სკოლა თეორიის მიღმაც იჭრება და სტუდენტებს რეალური პროექტებით, ლაბორატორიებითა და სტაჟირებებით აძლევს საჭირო პრაქტიკულ ცოდნას, რათა მათი წარმოსახვა მხოლოდ საკლასო პროექტებით არ შემოიფარგლოს".
მაშადოს ნახსენები სწავლების პრინციპი — Learning by Doing — ანუ სწავლა კეთებით, MAS-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხარეა. სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა უმეტესობაც მოწინავე პოზიციებზეა დასაქმებული სარეკლამო ინდუსტრიაში, სწორედ სწავლების მოდელს უმადლიან წარმატებას. ისინი ამბობენ, რომ სკოლა მათ დაეხმარა, საკუთარი იდეებისთვის ფორმა მიეცათ.
"წარმატების მისაღწევად ჩვენს ინდუსტრიაში უამრავი გზა არსებობს, თუმცა MAS სწორედ იმაში გეხმარება, რომ საკუთარი გზა იპოვო. ყველა სამუშაო, რომელიც მქონია, ამ სკოლასთანაა დაკავშირებული", — ამბობს ერთ-ერთი კურსდამთავრებული.
Miami Ad School-ის წარმატებაზე მეტყველებს სტატისტიკაც, რომელზეც შთამბეჭდავი რიცხვებია ასახული.
დასაქმებული კურსდამთავრებულები მუშაობენ ფეისბუქში, დისნეიში, კოკა-კოლაში, ნაიკში, სტარბაქსსა და სხვა არაერთ ცნობილ კორპორაციაში.
როგორ შეგიძლია MAST-ის სტუდენტი გახდე?
პროგრამაზე სწავლის დასაწყებად სავალდებულოა, სრულწლოვანი იყო და გაინტერესებდეს სარეკლამო ინდუსტრიის შემოქმედებითი პროფესიები, სხვა წინაპირობები რეგისტრაციისთვის არ არსებობს. რეგისტრაციის გავლა კი შესაძლებელია ამ ბმულზე.
სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას აუცილებელია, ატვირთო საკუთარი ნამუშევარი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი მითითებული დავალების მიხედვით შექმნა და წარადგინო იგი.
ამის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს მოუწევთ გასაუბრების გავლა, რომელიც სექტემბრის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. გასაუბრების შემდეგ აირჩევა მაქსიმუმ 15 სტუდენტი, რომელიც Miami Ad School-ის სტუდენტი გახდება.
რას და როგორ შეისწავლი MAS Tbilisi-ში?
"ერთი წელი გავიდა თბილისის სკოლის გახსნიდან. განსაკუთრებულად რთული და სარისკო იყო პანდემიის პირობებში სკოლის გახსნა, რადგან რეალობა ძალიან სწრაფად გვეცვლებოდა და მასთან მუდმივად მორგება გვჭირდებოდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ტურბულენტური პერიოდის მიუხედავად, შევძელით მიზნის მიღწევა — მივიღეთ პირველი ნაკადი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე სტუდენტებით, ორი სტუდენტი გავუშვით გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად. 3 სტუდენტი ოქტომბრიდან აგრძელებს გერმანიაში სწავლას. მომავალში გვინდა რომ სკოლამ რეგიონის მასშტაბით მიიღოს სტუდენტები", — გვიამბობს გიორგი პოპიაშვილი, Miami Ad School Tbilisi-ის დამფუძნებელი.
პროექტი თიბისისთან და თავისუფალ უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება, სასწავლო ბაზად კი კახა ბენდუქიძის კამპუსი იქნა შერჩეული.
დასაწყისისთვის MAS Tbilisi მსურველებს პორტფოლიოს პროგრამას სთავაზობს ორი მიმართულებით: არტ-დაირექშენი და ქოფირაითინგი.
ეს ორი პროფესია თითქმის მთლიანად მოიცავს სარეკლამო ინდუსტრიის იმ ნაწილს, რომელსაც "კრეატიული" ეწოდება. სწორედ შემოქმედებითობა და უნიკალური ხედვა მოეთხოვება ადამიანს, რომელსაც სურს, კარიერა ამ სფეროში აიწყოს. ქოფირაითერიც და არტ-დირექტორიც რეალურად ერთ საქმეს ემსახურებიან: იდეების გენერირებასა და განხორციელებას. თუ ქოფირაითერის შემთხვევაში ეს სიტყვების საშუალებით ხდება, არტ-დირექტორი ჩანაფიქრს ვიზუალურად გადმოსცემს.
ისევე როგორც Miami Ad School-ის სხვა სკოლებშიც, ქართულ სკოლაშიც სწავლების ყველაზე ეფექტური მეთოდი — "სწავლა კეთებით" იქნება გამოყენებული. სტუდენტი მიცემული დავალების შესრულებისას პროფესიონალებისგან რჩევებსა და უკუკავშირს მიიღებს, რათა საკუთარ ნამუშევარს დასრულებული სახე მისცეს.
MAST-ში სწავლება ორწლიანია და პორტფოლიოს შექმნის 8 კვარტალს მოიცავს.
1—4 კვარტალი — სწავლა თბილისის სკოლაში;
5,6,7 კვარტალი — საერთაშორისო პრაქტიკების სკოლის მსოფლიო ნეთქვორკში გაწევრიანებულ წამყვან სააგენტოებში;
8 კვარტალი — პორტფოლიოს შეკვრა ბერლინის სკოლაში.
სწავლება საწყის ეტაპზეც ინგლისურ ენაზე წარიმართება, ამდენად, საჭიროა ამ ენის "სასაუბრო" დონეზე ფლობა მაინც, რათა სტუდენტმა დავალებების შესრულება და მიღებული უკუკავშირის გაგება შეძლოს.
რაც შეეხება ლექტორებს, თბილისის სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ბერლინის სკოლის ლექტორებთან. სკოლას დღესდღეობით ქოფირაითინგში და გრაფიკულ დიზაინში ორი ლექტორი ბერლინიდან ჰყავს მოწვეული, მომავალში კი გეგმავენ თანამშრომლობის გაფართოებას.
რაც შეეხება მეორე წელიწადს, ამ დროს, ალბათ, ყველაზე საინტერესო გამოცდილება იწყება: სტაჟირება რომელიმე უცხოურ სააგენტოში.
პოპიაშვილის თქმით, MAS-ის კიდევ ერთი გამორჩეული მხარე ის არის, რომ მას დამოუკიდებელი სისტემა გააჩნია, რომელიც 80-მდე სარეკლამო სააგენტოს მოიცავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათთან თანამშრომლობით სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანონ და ექვსი თვის განმავლობაში სტაჟირება გაიარონ სარეკლამო ინდუსტრიის წამყვანი კომპანიებიდან ერთ-ერთში, რომელსაც აგრეთვე თავად აირჩევენ.
დასკვნითი ეტაპი სწავლების მერვე კვარტალს მოიცავს. საბოლოდ, მერვე კვარტალს სტუდენტი Miami Ad School Europe-ში, ბერლინის სკოლაში ატარებს, რათა მენტორის დახმარებით მისცეს პროექტებს საბოლოო სახე და შეკრას პორტფოლიო. აქვე აღსანიშნავია, რომ ბერლინის სკოლა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულებისთვის სააგენტოებთან გასაუბრებებს, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ თავისი პორტფოლიო წარუდგინონ წამყვანი სააგენტოების ტოპ მენეჯმენტს.
ყოველი კვარტლის ბოლოს გათვალისწინებულია ორკვირიანი არდადეგებიც.
რა დაგჭირდება სწავლისთვის?
სკოლა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, თუმცა, საჭიროა სტუდენტს ჰქონდეს პერსონალური სამუშაო ნივთებიც: ლეპტოპი (სასურველია MacBook) და ფოტოაპარატი.
გაიგე მეტი დეტალი Miamiadschool.ge-ზე
რეგისტრაცია მთავრდება 10 სექტემბერს.
კომენტარები