ილონ მასკი 28 აგვისტოს Neuralink-ის შესახებ სიახლეებს შემოგვთავაზებს
ილონ მასკის განცხადებით, კომპანია Neuralink ადგილობრივი დროით 28 აგვისტოს 18:00 საათზე, თბილისის დროით კი 29 აგვისტოს დილის ორ საათზე, განახლების შესახებ გააკეთებს განცხადებას და, დიდი ალბათობით, ნეიროკომპიუტერულ ინტერფეისს წარადგენს.
მასკს ხშირად უთქვამს, რომ მსგავსი მოწყობილობა საჭიროა, რათა ადამიანებს AI-სთან გაერთიანებაში და ჩვენი ტვინის უნარების განვითარებაში დავეხმაროთ — სწორედ ეს წარმოადგენს კომპანიის გრძელვადიან მიზანს. რაც შეეხება მოკლევადიანს — ამჟამად კომპანია იმპლანტირებად მოწყობილობას ქმნის, რომელიც ადამიანებს ტვინის მეშვეობით საკუთარი ტელეფონებისა და კომპიუტერების კონტროლის საშუალებას მისცემს.
მასკმა 28 აგვისტოს განახლების შესახებ ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა, ახლა კი უფრო მეტი დეტალი შემოგვთავაზა. მისი თქმით, განახლება მოიცავს მეორე თაობის რობოტს, რომელიც იმისთვისაა შექმნილი, რომ კომპანიის ტექნოლოგია ტვინს დაუკავშიროს.
მასკის სხვა პროექტებთან, Tesla-სთან და SpaceX-თან შედარებითაც კი, Neuralink ბევრად ამბიციურია. კომპანიას სურს, რომ ტვინს მოქნილი ელექტროდების მეშვეობით დაუკავშირდეს, რომლებიც ადამიანის თმის ღერზე თხელი იქნება. ამჟამინდელი ელექტროდები მტკიცეა და მათ ადამიანის ტვინის დაზიანება შეუძლიათ. თუმცა მოქნილი ელექტროდების იმპლანტაცია ბევრად რთული ამოცანაა. სწორედ ამის გამო კომპანია კონცეტრირებულია "საკერავი მანქანის" მსგავსი რობოტის შექმნაზე, რომელიც ამ ამოცანას თავად შეასრულებს.
კომპანიას იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში ნეიროკომპიუტერული ინტერფეისის ინსტალაცია არაინვაზიური გახდება — როგორც თვალის ლაზერული ოპერაცია. მასკს აქამდეც უთქვამს, რომ მსგავსი ავტომატური ოპერაციის საჭიროება არსებობს, რათა მაღალი დონის ქირურგების დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯები თავიდან აიცილონ.
ძალიან ბევრი მეცნიერი მასკის ჩართულობას ამ სამედიცინო სფეროში მიესალმება, რადგან მისი მოწყობილობა პოტენციურად უამრავ პარალიზებულ და ნევროლოგიური აშლილობების მქონე ადამიანს დაეხმარება. სპეციალისტთა გარკვეული ნაწილის თქმით კი, ამ მოწყობილობის გრძელვადიანი სარგებლიანობა დამტკიცებული არ არის და ამჟამინდელი მოლოდინები ზედმეტად ოპტიმისტურია.
მასკმა გასულ წელს განაცხადა, რომ კლინიკურ ცდებს 2020 წლის ბოლოსთვის დაიწყებდა, თუმცა ამის შესახებ სხვა ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
კომპანიას ჯერჯერობით არ განუცხადებია, თუ სად შეგვეძლება ღონისძიებისთვის თვალის დევნება, თუმცა, დიდი ალბათობით, კონფერენცია YouTube-ით გადაიცემა.
კომენტარები