ტრამპს უნდა, რომ COVID-19-ის ვაქცინით ხალხის აცრა დაგეგმილზე ადრე, არჩევნებამდე დაიწყოს
ტრამპის ადმინისტრაციას სურს, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინის გამოცდის პროცესი ააჩქაროს, რათა ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უკვე მასობრივი გამოყენებისთვის იყოს მზად. ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times ავრცელებს.
თუმცა ამ ცნობის საპასუხოდ AstraZeneca-მ განაცხადა, რომ ეს საკითხი თეთრ სახლთან ერთხელაც არ განუხილავს.
ვაქცინის კლინიკური ცდების უკანასკნელი, მეორე და მესამე ფაზები გაერთიანებულ სამეფოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს ნებისმიერი ვაქცინის შემუშავების პროცესის უმნიშვნელოვანესი საფეხურებია, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა სწორედ ამ დროს გამოიცდება.
ტრამპი ბოლო პერიოდია, პანდემიასთან ბრძოლისთვის შემუშავებულ მეთოდებზე ხშირად აკეთებს კომენტარებს. მაგალითად, მან მოიწონა საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს, FDA-ის გადაწყვეტილება COVID-19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისთვის გამოჯანსაღებული პაციენტების სისხლის გამოყენების დაშვების შესახებ.
თუმცა, ტრამპმა გასულ კვირას FDA ვაქცინის ცდების დაყოვნებაში ყოველგვარი დამადასტურებელი საბუთის გარეშე დაადანაშაულა. "ცხადია, მათ არ უნდათ, რომ შედეგი 3 ნოემბრამდე გახდეს ცნობილი. ჩვენ სიჩქარეზე და სიცოცხლეების გადარჩენაზე უნდა ვფოკუსირდეთ", — განაცხადა ტრამპმა ტვიტერზე. შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.
ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ FDA მიზანმიმართულად ცდილობს სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინის შემუშავების პროცესის შენელებას.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი აცხადებს, რომ "FDA-ის პასუხისმგებლობაა, მედიკამენტები მათი უსაფრთხოების და ეფექტიანობის ხარისხის გათვალსიწინებით დაამტკიცოს და არა — თეთრი სახლიდან წამოსულ ისეთ ბრძანებებზე დაყრდნობით, რაც FDA-ის პოლიტიზირებას ახდენ". პელოსიმ ტრამპის განცხადებას "ძალიან საშიში" უწოდა და დაურთო, რომ ეს "ტრამპისთვისაც კი ყოველგვარ საზღვრებს სცდება".
ტრამპმა ეს განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა ახალი კორონავირუსის ბოლომდე გამოუცდელი ვაქცინა დაამტკიცა და ამის გამო ჯანდაცვის საერთაშორისო საზოგადოებისგან კრიტიკა დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ პუტინმა ვაქცინის ვარგისობა იმ მეცნიერული მტკიცებულებების წარდგენის გარეშე სცნო, რომლებიც მის უსაფრთხოებას აჩვენებდა. ამ კვირიდან მოყოლებული რუსეთში 40 ათასი მოხალისის ვაქცინა Sputnik V-ით აცრის პროცესი დაიწყება.
კომენტარები