ილონ მასკი მსოფლიოში მეოთხე უმდიდრესი ადამიანი გახდა
ილონ მასკმა უმდიდრესი ადამიანების სიაში კიდევ უფრო წინ წაიწია და რიგით მეოთხე ადგილი დაიკავა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ბოლო თვეებში Tesla-ს აქციების ღირებულება მნიშნელოვნად გაიზარდა.
იგი ამჟამად $90 მილიარდზე მეტს ფლობს. ამ მაჩვენებლით მასკმა საფრანგეთის უმდიდრეს ადამიანს, ბერნარ არნოს გადაუსწრო. პირველ სამ ადგილს კი Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი, Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეიტსი და Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი იკავებენ.
წელს Tesla-ს აქციების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. მასკმა, რომელიც კომპანიის აქციების 21%-ს ფლობს, ჯერ კიდევ მაისში ტვიტერზე განაცხადა, რომ წილის ღირებულება ძალიან მაღალი იყო. გარდა ამისა, გაიზარდა ავტომობილების ფასიც, რის გამოც Tesla-მ ღირებულებით Toyota-ს გადაუსწრო.
Tesla ამ ეტაპზე ელექტრული მანქანების ინდუსტრიაში წამყვან ადგილს იკავებს და თვითმავალი მანქანების შექმნაზე მუშაობს.
თუმცა, 2020 წელს აქციების ღირებულების ზრდა არაპროფესიონალი ინვესტორების შერკინებასაც დაუკავშირეს. 450 ათასზე მეტმა მცირე ინვესტორმა Tesla-ს აქციები საკომისიოს არარსებობის გამო შეიძინა. კომპანიისადმი მათი ინტერესი გასული კვირას გაკეთებულმა იმ განცხადებამაც გააძლიერა, რომლის მიხედვითაც, ტესლა აქციების ხუთად გაყოფას გეგმავს, რაც შესასყიდად ხელმისაწვდომი წილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მათი ფასის დაცემასაც გამოიწვევს. ეს ტექნიკურად კომპანიის ღირებულებაზე არ იმოქმედებს, თუმცა თითო აქციის ფასს მცირე ინვესტორებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
ჯერ კიდევ 2018 წელს კომპანიის მიზანს კაპიტალის $650 მილიარდამდე გაზრდა წარმოადგენდა — ეს იმაზე 12-ჯერ მეტი იყო, ვიდრე იმდროინდელი Tesla-ს და General Motors-ის ღირებულება ერთად. უკვე დღეისთვის კი Tesla-ს ღირებულება General Motors-ისაზე რვაჯერ მეტია.
კომენტარები