მსოფლიოს მასშტაბით, სამი ბავშვიდან ერთს სისხლში ტყვიის საშიშად მაღალი მაჩვენებელი აქვს
ახალი მონაცემების მიხედვით, 800 მილიონ არასრულწლოვანს სისხლში დეცილიტრზე 5 მიკროგრამზე მეტი ტყვიის შემცველობა აქვს. WHO-ს მიხედვით, ტყვიის "უსაფრთხო რაოდენობა" არ არსებობს, ის სისხლში საერთოდ არ უნდა იყოს, რადგან დაბალ კონცენტრაციაზეც კი ის ძალიან მომწამვლელია.
ახალი მიგნებები Unicef-მა ხუთშაბათს გამოაქვეყნა. ამხელა მაჩვენებელი იმის ფონზე დაფიქსირდა, რომ უკვე წლებია, რაც ტყვიას წყლის მილებიდან, საღებავების და ბენზინის შემადგენლობიდან ეტაპობრივად აკლებენ.
"ეს შოკისმომგვრელი მონაცემებია", — ამბობს Unicef-ის ანგარიშის თანაავტორი ნიკოლას რისი, — "დიდი ხანის, აღმოჩენილია, რომ ტყვია ძალიან ტოქსიკურია, თუმცა მისი გავრცელების მასშტაბზე ბევრი არ ვიცოდით".
სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია მომაკვდინებელია, ხოლო დაბალ კონცენტრაციაზე ის იწვევს ტკივილებს, ღებინებას, მენტალურ პრობლემებს და კოგნიტური უნარების დაქვეითებას.
ტყვია ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიში იმიტომაა, რომ ის მათ განვითარების სტადიაში მყოფ ტვინზე მოქმედებს და დროთა განმავლობაში უფრო სერიოზულ ეფექტებს იწვევს. ორგანიზმში მოხვედრისას ტყვია კალციუმივით იქცევა, ანუ ის შენდება ძვლებში და ორგანოებში, შემდგომ კი ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემას უქმნის.
განვითარებად ქვეყნებში ტყვიით მოწამვლის წყარო ხშირად მანქანის გადაუმუშავებელი ბატარეებია. ნაგავსაყრელებზე აღმოჩენილი ბატარეებიდან ტყვია ჟონავს, მიწაში იფლობა და ბუნებრივ ციკლში ერთვება.
თუმცა, ტყვიით მოწამვლა მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების პრობლემა არაა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ბრიტანეთში ტყვიით 200 ათასამდე ბავშვია მოწამლული.
კომენტარები