ორი ხარვეზის მიუხედავად, Perseverance მწყობრშია და მარსისკენ მიემართება
30 ივლისს NASA-ს როვერი Perseverance კანავერალის კონცხიდან, ადგილობრივი დროით დილის 7:50 წუთზე წარმატებით გაფრინდა. ახლახან კი როვერის მართვის გუნდმა ხომალდის შესახებ დეტალური მონაცემები მიიღო. მათ ასევე ბრძანებების გაგზავნაც შეძლეს. მისიის ხელმძღვანელმა მეთ ვოლისმა განაცხადა, რომ ხომალდი მწყობრშია და მარსისკენ მიემართება.
თუმცა გაშვების ოპერაციების დროს ორი ხარვეზი დაფიქსირდა, რომლებზეც ვოლისმა დეტალურად ისაუბრა.
"პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ გაშვების შემდეგ ხომალდის დედამიწის მიმართ სიახლოვემ NASA-ს სიგნალის მიმღებები გადატვირთა. ეს საკმაოდ ნაცნობი ხარვეზია, რომელსაც პლანეტარული მისიების დროს ვაწყდებით. მაგალითად, ეს 2011 წელს Curiosity-ის გაშვების დროსაც მოხდა. შესაბამისად, ჩვენი გუნდი მომზადებული სტრატეგიებით მოქმედებდა. ჩვენ სიგნალის მიმღებები ავშალეთ და ანტენებს მიმართულება ოდნავ შევუცვალეთ, რათა სიგნალი შესაფერის დიაპაზონში მიეღო", — განმარტავს ვოლისი.
"მეორე ხარვეზი კი ხომალდის ტემპერატურას უკავშირდება. მისიის ფარგლებში, ხომალდის ცენტრიდან რადიატორებისკენ სითბოს გადატანა თხევადი ფრეონის მეშვეობით ხდება. ჩვენ რადიატორების თბილი შემყვანი არხებისა და გრილი გამომშვები არხების ტემტერატურის სხვაობას ვაკვირდებოდით. როდესაც ხომალდი დედამიწის ჩრდილში შევიდა, ხომალდისთვის მზე დროებით დაიბლოკა, გამომშვები არხების ტემპერატურა კი ამის გამო დაეცა. ამან შემყვან და გამომშვებ არხებს შორის ტემპერატურის სხვაობა გაზარდა და ხომალდს უსაფრთხო მდგომარეობაში გადასვლა აიძულა", — აცხადებს ვოლისი.
გუნდის მიერ შემუშავებულ მოდელებში დაბნელების დროს მსგავსი მოვლენა ნავარაუდები იყო, თუმცა ტესტირებებისთვის მათ ზუსტი გარემოს შექმნა ვერ მოახერხეს. ასევე არ არსებობს Curiosity-ის მონაცემები, რადგან მისი ტრაექტორია დაბნელებას არ ითვალისწინებდა. ამის გამო გუნდმა ტემპერატურის სხვაობის ლიმიტი დააწესა, რა დროსაც ხომალდი უსაფრთხო მდგომარეობაში უნდა გადასულიყო. ვოლისის თქმით, ხომალდის ამ მდგომარეობაში გადაყვანა მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს, სიფრთხილისთვის და თავის დასაზღვევად მშვენიერი საშუალებაა. უსაფრთხო მდგომარეობა სტაბილურია და მისიის ამ ფაზის დროს მისი გამოყენება როვერისთვის პრობლემატური არ არის.
"ხარვეზის უკეთესი გაანალიზებით ისეთი ოპერაციების ჩატარებას შევძლებთ, რომ ხომალდი უსაფრთხო მდგომარებიდან კვლავ ჩვეულებრივ ფაზაში დავაბრუნოთ", — განაცხადა ვოლისმა.
კომენტარები