პირველად ისტორიაში, კოსმოსში ადამიანის ხრტილი შექმნეს
ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობების შემთხვევაში დაზიანებებთან გამკლავება სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნება. ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე კოსმოსურ სადგურზე აქტიურად მუშაობენ. ახლახანს კი ერთ-ერთმა კოსმონავტმა პირველად ისტორიაში კოსმოსში ხელოვნური ხრტილი შექმნა.
ბიოპრინტერები, რომლებსაც ადამიანის ქსოვილის წარმოქმნა შეუძლია, დედამიწაზე უკვე არსებობს, თუმცა ისინი უმეტესწილად გრავიტაციაზე არიან დამოკიდებულები. კოსმოსში კი განსხვავებული მეთოდების ძებნაა საჭირო. კოსმონავტმა მიზიდულობა მაგნეტიზმით ჩაანაცვლა. მაგნეტიზმის დახმარებით მიკროგრავიტაციის ეფექტებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა შესაძლებელი და შესაბამისად, ხრტილის უჯრედების ერთ ადგილას თავმოყრაც, რათა მათ გაერთიანება შეძლონ.
თავად უჯრედებისგან განსხვავებით, მოწყობილობაში არსებული სითხე მაგნიტურია და მისი გამოყენება ქსოვილის კონტროლისთვისაა შესაძლებელი. სანამ ექსპერიმენტები კოსმოსურ სადგურზე დაიწყებოდა, მეცნიერებმა მათემატიკური მოდელები და კომპიუტერული სიმულაციები შექმნეს, რათა პროცესის სიცოცხლისუნარიანობა განესაზღვრათ. შემდეგ გუნდმა ადამიანის ხრტილის უჯრედებზე დაფუძნებული სფეროიდები შექმნა, რომელიც ISS-ზე გაიგზავნა.
სანამ სფეროიდებს მოწყობილობაში მოათავსებდნენ, რათა მათ სწორი ფორმა მიეღოთ, ისინი გააცივეს და ჰიდროგელის შეფუთვიდან გამოათავისუფლეს.
იმავე მეთოდის გამოყენებით სამომავლოდ კოსმოსში მეტად კომპლექსური მატერიის შექმნა იქნება შესაძლებელი. თუმცა მსგავს დონემდე მისასვლელად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა წინ.
ასევე აღსანისნავია, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხორცსა და ხილს უკვე ზრდიან.
"წარმოიდგინეთ, რომ მომავალში, თუკი ჩვენ მარსის კოლონიზაციას მოვახერხებთ ან ხანგრძლივ კოსმოსურ მოგზაურობას წამოვიწყებთ, შესაძლოა, ისეთი ექსპერიმენტები ჩავატაროთ, სადაც ფუნქციურ ქსოვილებს შევქმნით და მათ სხვადასხვა გარემოში გამოვცდით", — აცხადებენ მკვლევრები.
კომენტარები