საკვებ რაციონში ხორცის შემცირებით, შესაძლოა, შემდგომი პანდემიების რისკმა იკლოს
ღორებში აღმოჩენილმა გრიპის ახალმა ვირუსმა, რომელსაც "პანდემიის გამოწვევის პოტენციალი" გააჩნია, ქარხნული ფერმერობის რისკებსა და ხორცის მოხმარების საფრთხეებზე საზოგადოებაში დისკუსია გამოიწვია. ბრიტანელი ექიმების ჯგუფის აზრით, კვების ინდუსტრიის ამგვარი ფორმით დასრულება სამომავლოდ COVID-19-ის მსგავსი პანდემიების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
როგორც მოკვლევამ აღმოაჩინა, აქამდე უცნობი ღორის გრიპის შტამი, G4 EA H1N1, სასაკლაოებსა და ფერმებში დასაქმებულ ადამიანებშიც თავისუფლად ვრცელდება. ამის ყველაზე ადრეული შემთხვევა 2016 წლით თარიღდება. მეცნიერები შიშობენ, რომ დროთა განმავლობაში ვირუსი ადამიანის ორგანიზმში უკეთ ადაპტირდება, რაც პოტენციური პანდემიის რისკებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
"ეს კვლევა კარგი შეხსენებაა იმისთვის, რომ ჩვენ ახალი ზოონოზური პათოგენის აღმოცენების მუდმივი რისკის ქვეშ ვართ", — ამგვარად გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხს ჯეიმს ვუდი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
"მაისი ხორცის გარეშე"
ექიმი ჯემა ნიუმენი არასამთავრობო ორგანიზაციის, Plant-Based Health Professionals წარმომადგენელია. წლის დასაწყისში მან პეტიცია მოამზადა და მოსახლეობას მოუწოდა, მაისის თვეში ხორცპროდუქტების მოხმარებაზე უარი ეთქვათ. ნიუმენის პეტიციას ხელი დაახლოებით 33 ათასმა ადამიანმა მოაწერა. აღსანიშნავია, რომ მის მსგავს მოწოდებას 2019 წელს მხოლოდ 10 ათასი ადამიანი გამოეხმაურა
როგორც შემდგომმა კვლევამ გამოკვეთა, პეტიციაზე ხელმომწერთა 38%-ის მოტივი სწორედ ხორცის ინდუსტრიისა და მასთან კავშირში მყოფი დაავადებების ირგვლივ არსებული ეჭვებია.
სოციალური კამპანიის თანადამაარსებლის, რაიან ალექსანდერის აზრით, რთული სათქმელია, თუ რამდენად პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანთა გადაწყვეტილებებზე მიმდინარე პანდემია.
"თუმცა, ფაქტია, რომ ადამიანები ინტენსიურ ქარხნულ ფერმერობასა და საზოგადო ჯანდაცვის პრობლემებს შორის კავშირებს ხედავენ", — განაცხადა რაიანმა
რა პრობლემას წარმოადგენს ხორცპროდუქტების ინდუსტრია?
Covid-19 ზოონოზური დაავადებაა, ანუ მას ადამიანებსა და ცხოველებს შორის გავრცელება შეუძლია. მსგავსი დაავადებები ეპიდემიის გამომწვევის როლში აქამდეც მოგვევლინენ. მაგალითისათვის H1N1 და ებოლა გამოდგება. მიუხედავად ამისა, ძალიან მცირე მტკიცებულებაა იმის შესახებ, რომ ხორცპროდუქტებზე უარის თქმა ინფიცირების რისკს პირდაპირ ამცირებს.
გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო მოვლენა ადამიანებისა და ფერმის ცხოველების მჭიდრო კონტაქტის ზრდაა. ეს პათოგენს საშუალებას აძლევს, სახეობებს შორის "გადახტეს". 2016 წელს ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ცხოველური მრეწველობის ბუნებრივ ეკოსისტემაში აქტიური შეჭრა ზოონოზური დაავადებების მთავარი მამოძრავებელი გახდებოდა, ამ ყოველივეს კი კატასტროფამდე შეიძლებოდა მივეყვანეთ.
"ზოგიერთი პოლიტიკოსი COVID-19-ის გამო ბრალს ჩინეთს დებს, თუმცა მათ ავიწყდებათ იქვე აღნიშნონ, რომ ბოლო პერიოდის ყველა ეპიდემიის მიზეზი ცხოველთა საცხოვრებელ გარემოში უხეში ჩარევა გახლდათ", — აღნიშნავს ნიუმანი. მისი აზრით, შექმნილი სიტუაცია "დენთის კასრს" ჰგავს და ხორცის საკვები რაციონიდან ამოღება შეიძლება უფრო "უსაფრთხო მომავლის" გარანტი აღმოჩნდეს.
კომენტარები