ღორის გრიპის ახალი ვირუსი შეიძლება ახალი პანდემიის გამომწვევი აღმოჩნდეს — კვლევა
ჩინეთში, მეღორეობის ფერმებში ჩატარებული კვლევით, მეცნიერებმა ახალი გრიპის ვირუსი აღმოაჩინეს, რომელსაც ადამიანების დაინფიცირება შეუძლია. მკვლევართა აზრით, ამჟამად მდგომარეობა განგაშის საფუძველს არ იძლევა, თუმცა ვირუსს ნამდვილად აქვს პოტენციალი ახალი პანდემია გამოიწვიოს.
ჩინელმა მეცნიერებმა 2011-2018 წლების შუალედში ჩინეთის 10 პროვინციაში განთავსებული მეღორეობის ფერმების გამოკვლევისას დაახლოებით 30 ათასი ნაცხი შეაგროვეს. ღორების ცხვირიდან აღებულ ნიმუშებში მათ გრიპის გამომწვევი 179 ვირუსი გამოყვეს. 2016 წლიდან დომინანტური ხაზი აქამდე უცნობ გამომწვევს უჭირავს. ამ უკანასკნელს G4 უწოდეს.
უფრო დეტალური პასუხების მისაღებად, მეცნიერებმა ამ ვირუსით ყარაყუმები დააინფიცირეს. ზოგადად, კვერნისებრთა ოჯახის ამ წარმომადგენლებს გრიპის ვირუსების კვლევებში აქტიურად იყენებენ, რადგანაც გრიპით ავადობისას მათ ადამიანების მსგავსი სიმპტომები უვითარდებათ: სიცხე, ხველა და ცემინება. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ G4 დაინფიცირებისა და გამრავლების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება და ყარაყუმებში იგი ჩვეულებრივ გრიპის ვირუსთან შედარებით უფრო მწვავედ მიმდინარეობს. საყურადღებოა ისიც, რომ გრიპის საწინააღმდეგოდ ჩატარებული ვაქცინაცია ამ ახალი ტიპის ვირუსის წინააღდეგ იმუნიტეტს ვერ ეხმარება.
შემდგომი კვლევები ამ ფერმებში დასაქმებულ პერსონალზე ჩაატარეს. როგორც აღმოჩნდა, მათ 10,4%-ს ახალი ტიპის გრიპი უკვე მოხდილი აქვს. კვლევის ავტორთა აზრით, "მეღორეობის ინდუსტრიაში დასაქმებულთა ჯანმრთელობის აქტიური მონიტორინგი სასწრაფოდ უნდა დაიწყოს".
"ვირუსს ყველა საჭირო ნიშანი აქვს, რომ შემდგომი პანდემიის გამომწვევი გახდეს", — ვკითხულობთ კვლევაში, რომელიც ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS) გამოქვეყნდა.
სტატია ასევე ხაზს უსვამს ცხოველებიდან ადამიანებზე ვირუსის გავრცელების საფრთხეებს, განსაკუთრებით ჩინეთის მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. ამ ადგილებში ადამიანები და ცხოველთა ფერმები, სასაკლაოები და ე.წ. "სველი ბაზრები" ერთმანეთთან ძალიან ახლოს თანაარსებობენ.
"არსებობს საშიშროება, რომ G4-ით დაინფიცირების შემთხვევაში, ვირუსი ადამიანებში ადაპტირდება, რაც პანდემიის განვითარების რისკს ზრდის", — აღნიშნავენ მკვლევრები. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ღორები გრიპის პანდემიის გამომწვევი ვირუსებისთვის შესანიშნავ მასპინძელს წარმოადგენენ. შესაბამისად, პრობლემის გადასაჭრელად უფრო აქტიური, სისტემური დაკვირვებაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ჩინეთში H1N1 ვირუსმა ე.წ. "ქათმის გრიპის" ეპიდაფეთქება გამოიწვია. შედეგად ათობით ათასი ადამიანი კარანტინში აღმოჩნდა, ხოლო ზოგ ქვეყანაში საერთაშორისო ფრენები შეიზღუდა. ახალი ვირუსი სწორედ იმ H1N1-ის ერთ-ერთი რეკომბინაციური შტამია. მიუხედავად იმისა, რომ მას ადამიანის დაინფიცირება შეუძლია, ახალი პანდემიის ალბათობა საკმაოდ მცირეა, როგორც ამას ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიოლოგი, კარლ ბერგსტრომი აცხადებს.
"ეს კვლევა კარგი შეხსენებაა იმისთვის, რომ ჩვენ ახალი ზოონოზური პათოგენის აღმოცენების მუდმივი რისკის ქვეშ ვართ. ფერმის ცხოველებს, რომელთანაც ადამიანებს უფრო მჭიდრო კონტაქტი აქვთ, ვიდრე ველურ ბუნებასთან, შეუძლიათ, პანდემიური ვირუსების წყაროები აღმოჩნდნენ", — აღნიშნავს ჯეიმს ვუდი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
კომენტარები