მთვარეზე მომუშავე ტუალეტის დიზაინის შემქმნელებს NASA $35 ათასს გადაუხდის
NASA მთვარის ზედაპირზე ტუალეტის მოწყობაზე ფიქრობს და ის მთლიანობაში $35,000-ით დააჯილდოებს იმ სამ გამარჯვებულს, რომლებიც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე მუშა ტუალეტის დიზაინების შექმნას შეძლებენ.
კოსმოსური სააგენტოს ამბიციური მიზანია, რომ 2024 წლისთვის, არტემისის პროგრამის ფარგლებში, მთვარეზე ასტრონავტები გაუშვას. რასაკვირველია, ეკიპაჟის წევრებს მისიის დროს საპირფარეშოთი სარგებლობა მოუწევთ.
NASA-ს სურს, ამ მისიისთვის უნიტაზის ისეთი დიზაინი შეიმუშაოს, რომელიც კოსმოსის მიკროგრავიტაციაში, იმავე უწონადობაშიც იმუშავებს და მთვარეზეც, სადაც გრავიტაცია დედამიწისეული მიზიდულობის ძალის დაახლოებით მეექვსედს შეადგენს. სააგენტოსა და HeroX-ის მიერ გამოქვეყნებული მოთხოვნების მიხედვით, კაცობრიობის წინაშე არსებულ ამ გამოწვევასთან გამკლავების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს მიეცემა.
არტემისის მისია ღირშესანიშნავი იმითაცაა, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს პირველი ქალი ასტრონავტი, რომელიც მთვარეზე დადგამს ფეხს. ასე რომ, საპირფარეშომ ქალისა და კაცის მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა შეძლოს. მოწყობილობას ასევე უნდა შეეძლო წყლის დატევა, რათა "ხომალდში სუნებისგან და სხვა ტიპის დამბინძურებლებისგან თავისუფალი, სუფთა გარემოს შენარჩუნებას შეუწყოს ხელი".
"უპირატესობა მიენიჭება იმ დიზაინებს, რომლის გამოყენების დროსაც ეკიპაჟის წევრებს ღებინების შემთხვევაში თავის უნიტაზში ჩაყოფა არ მოუწევთ", — ნათქვამია მოთხოვნათა სიაში.
დანადგარი ორკაციან ეკიპაჟს 14 დღის განმავლობაში უნდა მოემსახუროს. მისი მეშვეობით ასევე შესაძლებელი უნდა იყოს შეგროვებული ნარჩენების სპეციალურ სათავსოში ან ხომალდის გარეთ გადაგზავნა. მისი გაწმენდა და მწყობრში მოყვანა მარტივი უნდა იყოს. ის ასევე 70 ვატზე ნაკლებ ენერგიას უნდა მოიხმარდეს და აბაზანის სტანდარტული ჰაერის გამწმენდზე ნაკლებ ხმას უნდა უშვებდეს.
მისი პარამეტრებიც გასათვალისწინებელია: მოწყობილობის წონა დედამიწაზე 15 კილოგრამზე ნაკლები უნდა იყოს, ხოლო მოცულობით — 0.12 კუბურ მეტრზე მცირე.
დღეისთვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მომუშავე ტუალეტი პატარა სათავსოს ზომისაა.
კონკურსში გამარჯვებულს $20 ათასი გადაეცემა, მეორე ადგილზე გასულს $10 ათასი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს — $5 ათასი. დიზაინების გაგზავნის დედლაინი 17 აგვისტოა, გამარჯვებულები კი ოქტომბერში გამოვლინდებიან.
კომენტარები