მკვლევრებმა სიცოცხლის დასაწყისის პოტენციური სცენარის სიმულირება შეძლეს
მეცნიერთა გუნდის მიხედვით, ლაბორატორიის პირობებში მათ იმ ბიოქიმიური პროცესების ხელახლა წარმოქმნა შეძლეს, რომლებმაც დედამიწაზე სიცოცხლის ადრინდელ ფორმებს დაუდო საფუძველი.
დუისბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დედამიწის ქერქის ქვეშ არსებული იმ მკაცრი პირობების სიმულირება მოახერხეს, რომლებიც 3,8 მილიარდი წლის წინ არსებობდა, ანუ მაშინ, როცა, მათი აზრით, სიცოცხლე დაიწყო. მათი თქმით, ამ პირობებში ორი კვირის განმავლობაში 1,500 ვეზიკულის შექმნა და განადგურება შეძლეს — ესაა ბუშტულების მსგავსი ბიოლოგიური სტრუქტურა, რომელიც უჯრედის მემბრანის მსგავსია.
მკვლევართა თქმით, ვეზიკულების წარმოქმნისა და მათი განადგურების პროცესში ზოგიერთი მათგანი მკაცრ პირობებს გადაურჩა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ მათ ზოგიერთი ბიომოლეკულის შთანთქმა შეძლეს, რამაც მათ ამტანობის მხრივ უპირატესობა მიანიჭა. გუნდის თქმით, ბიოლოგიურმა სტრუქტურებმა გადარჩენა პირველად სწორედ ასე მოახერხეს.
"ჩვენ დავასკვენით, რომ ამ გზით ვეზიკულებმა გამანადგურებელი წნევის დაკომპენსირება შეძლეს", — განაცხადა დუისბურგის უნივერსიტეტის ქიმიკოსმა, ქრისტიან მეიერმა.
მაგრამ საინტერესოა, თუ როგორ დაუდეს საფუძველი დედამიწის ქერქის ქვეშ წარმოქმნილმა ამ ვეზიკულებმა მთელ პლანეტაზე სიცოცხლის გავრცელებას. მკვლევართა აზრით, ამაში წვლილი თავად პლანეტის აქტივობას მიუძღვის.
"მსგავსი ვეზიკულები, შესაძლოა, გეიზერის ამოფრქვევისას ზედაპირზე ამოსასვლელად საკმარისად სტაბილურები გამხდარიყვნენ", — განაცხადა გეოლოგმა, ულრიხ შრეიბერმა.
მკვლევართა წიგნი მომდევნო თვეს გამოქვეყნდება და, შესაძლოა, იმის გაგებაში დაგვეხმაროს, თუ ზუსტად როგორ წარმოიქმნა სიცოცხლე.
კომენტარები