გუგლის ასისტენტს გადახდების ხმით ვერიფიცირების ფუნქცია ემატება
გუგლის ასისტენტის ხმის ამოცნობის ფუნქცია მალე უსაფრთხო შოპინგის უზრუნველყოფასაც შეძლებს. Android Police-ის ცნობით, ამ ფუნქციას შეზღუდული რაოდენობის ტესტერები უკვე იყენებენ.
უსაფრთხო შოპინგისთვის გუგლის მხარდაჭერის გვერდზე ჯერჯერობით მხოლოდ სახის და თითის ანაბეჭდის ამოცნობის ფუნქციებია ხელმისაწვდომი, ხოლო ის მომხმარებლები, ვისაც ხმის ამოცნობის გააქტიურების ღილაკი უჩანს, მას ვერ იყენებენ.
Android Police-ის მიერ გამოქვეყნებულ სქრინშოტებში ნათლად ჩანს უსაფრთხოების პარამეტრების გამართვის გვერდი, რომელშიც ნათქვამია, — "ხმით დაუდასტურეთ ასისტენტს შეძენის პროცედურა". აღნიშნული ფუნქციის გააქტიურების გვერდიდან ასევე ვკითხულობთ გაფრთხილებას, — "ნებისმიერმა პირმა მსგავსი ხმით ან თქვენი ხმის ჩანაწერით, შესაძლოა, დაადასტუროს შეძენის პროცედურა იმ მოწყობილობებიდან, რომლებშიც თქვენი ანგარიშია გამოყენებული."
შესაძლოა ხმის ამოცნობით შოპინგი ბოლომდე უსაფრთხო ჯერ არაა, მაგრამ ის თითის ანაბეჭდით ან სახის ამოცნობით დადასტურებაზე უფრო მარტივია.
გასულ თვეში 9to5Google-მა აღნიშნა, რომ კომპანია გუგლმა ხმის ამოცნობის მექანიზმის გაწვრთნის პროცესი განაახლა, რამაც ფუნქციას ხმის უფრო მაღალი სიზუსტით ამოცნობის საშუალება მისცა.
ამასთანავე გუგლის წარმომადგენელი Android Police-თან საუბარში ადასტურებს, რომ ხმის ამოცნობით შენაძენზე გასახარჯი თანხის ოდენობა შეზღუდულია.
ამჟამად უცნობია თუ როდის გახდება ახალი ფუნქცია მასობრივად ხელმისაწვდომი.
კომენტარები