ლურჯი ფუტკრები, რომლებიც გადაშენებული ეგონათ, ფლორიდაში დააფიქსირეს
ცენტრალურ ფლორიდაში უიშვიათესი ლურჯი ფუტკარი (blue calamintha) შენიშნეს, რომელიც მეცნიერებს აქამდე გადაშენებული ეგონათ.
უკანასკნელად იგი ოთხი წლის წინ უელსის ტბის რეგიონში, მხოლოდ ოთხ ლოკაციაზე დააფიქსირეს.
"როდესაც ის პირველად შევნიშნეთ, ძალიან აღელვებული ვიყავი, რადგან ვიცოდი, შეიძლებოდა, რომ იგი სხვა დროს ვეღარ გვენახა", — განაცხადა მკვლევარმა ჩეის კიმელმა.
კიმელმა ფუტკარი უნიკალური გარეგნობისა და ქცევის წყალობით ამოიცნო. ლურჯი ფუტკრები მცენარე კალამინტონს (Clinopodium ashei) აყვავების დროს სტუმრობენ. ისინი ყვავილს რაც შეიძლება მეტ მტვერს აცლიან და მიდიან.
ფლორიდის ველური ბუნების დაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ფუტკარს კონსერვაციული დახმარება ესაჭიროება, მიმდინარე კვლევა კი მათ იმის გაგებაში დაეხმარება, სჭირდებათ თუ არა ლურჯ ფუტკრებს გადშენების პირას მყოფი სახეობის სტატუსი და შესაბამისი დაცვა.
blue calamintha საკმაოდ მარტოსული ფუტკარია. მეთაფლია ფუტკრებისგან განსხვავებით, ისინი ბუდეებს ინდივიდუალურად იშენებენ და ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათი უკეთ შესწავლისთვის კი მკვლევრებმა ჯერ ლურჯი ფუტკრების ბუდეები უნდა იპოვონ.
"ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენს ცოდნაში არსებული ჩავარდნები ამოვავსოთ. ამ ფუტკრების საზოგადოების შესახებ ძალიან ცოტა რამაა ჩვენთვის ცნობილი", — აცხადებს კიმელი.
პანდემიის გამო ზოგიერთი კვლევა დროებით შეჩერდა. კიმელს მოგზაურობისა და დაკვირვების უფლება მისცეს, თუმცა გუნდის სხვა წევრებმა სამწუხაროდ ეს ვერ მოახერხეს.
"ეს ყველაფერი ერთად მუშაობის შედეგია. რაც უფრო მეტი ადამიანია მუშაობაში ჩართული, მით უფრო უკეთეს შედეგს ვიღებთ", — განაცხადა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა ჯარეტ დენიესმა.
კომენტარები