ტვიტერი თანამშრომლებს სამუდამოდ სახლიდან მუშაობის უფლებას აძლევს
ტვიტერის ხელმძღვანელმა, ჯეკ დორსიმ სამშაბათს თანამშრომლებს ელ.ფოსტაზე წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ მათ სახლიდან მუშაობის გაგრძელების უფლება ექნებათ. ეს არ ეხება იმ შემთხვევებს, როცა თანამშრომლის ადგილზე ყოფნა აუცილებელია (მაგ. სერვერების ტექნიკური მხარდაჭერა).
"ჩვენ ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, რომელიც სახლიდან მუშაობაზე გადავიდა და ამ პროცესს დიდი დაკვირვებით მივუდექით. გვინდა, რომ დავრჩეთ კომპანიად, რომელიც ადამიანებისა და საზოგადოების ჯანმრთელობას პირველ ადგილზე აყენებს", — აცხადებს ტვიტერის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ ტვიტერმა საკუთარი თანამშრომლები სახლიდან მუშაობის რეჟიმზე მარტის დასაწყისში გადაიყვანა. მსგავსი გადაწყვეტილება სხვა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, მათ შორის გუგლმა, მაიკროსოფტმა და ამაზონმაც მიიღო.
ტვიტერის HR-ის უფორსის, ჯენიფერ კრისტის თქმით, კომპანიის მუშაობა "ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო".
"ადამიანებმა, რომლებიც თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდნენ სახლიდან მუშაობას, აღმოაჩინეს, რომ უკეთესად უმკლავდებიან საქმეს", — თქვა კრისტიმ, — "მენეჯერები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ დისტანციურად გუნდის მართვა გაუჭირდებოდათ, საპირისპიროში დარწმუნდნენ. მე მართლა ვფიქრობ, რომ ძველებურ რეჟიმს აღარ დავუბრუნდებით".
თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში დორსი განმარტავს, რომ ოფისების გახსნა სექტემბრამდე გადაიდო, ხოლო საქმიანი მოგზაურობები მცირე გამონაკლისების გარდა წლის ბოლომდე გაუქმებულია. გარდა ამისა, ტვიტერმა ყველა თანამშრომელს $1 000 გამოუყო, რათა სახლიდან სამუშაო პირობები შეექმნათ.
კომენტარები