რა შეზღუდვები იხსნება — მოკლედ
საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო ეტაპი შემდეგი კვირიდან, ქალაქების გახსნით დაიწყება და ტურიზმის ამოქმედებით გაგრძელდება. დღეს, 7 მაისს მთავრობამ პოსტკრიზისული გეგმა წარმოადგინა, რომლის თანახმად:
- 11 მაისიდან იხსნება ჩაკეტილი თბილისი. ორშაბათიდან მოქალაქეებს შეუზღუდავად შეეძლებათ დედაქალაქში შესვლა და გასვლა;
- 11 მაისიდანვე, ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან. შეზღუდვები კვლავ ეხება ტანსაცმლის/ფეხსაცმლის მაღაზიებსა და სავაჭრო მოლებს;
- მალევე, 14 მაისიდან მიმოსვლა სრულად გაიხსნება რუსთავსა და გარდაბანში. ეს ქალაქები დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისთან, ქუთაისთან და ბათუმთან ერთად ჩაკეტეს;
- 18 მაისს სრულად გახსნიან მარნეულს, სადაც მკაცრი კარანტინი მოქმედებს. ამ ქალაქის შედარებით გვიან გახსნა პრემიერმინისტრმა გახარიამ იმით ახსნა, რომ ჯერ კიდევ საჭიროა, იქ მაცხოვრებლებს ტესტირება ჩაუტარდეს.
ტურიზმის გახსნა
მთავრობის გეგმით, 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმის სერვისები გაიხსნება, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო უცხოელ ტურისტებს მიიღებს.
"ეს გაკეთდება უსაფრთხო კორიდორების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და ასევე, ტურისტულად საინტერესო ქვეყნებთან. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ინფრასტრუქტურას უცხოელებისთვის", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.
გიორგი გახარიამ განმარტა ის შეღავათები, რითაც ტურიზმის სფეროს გახსნისთვის დაეხმარებიან:
- 2020 წელს ტურიზმის სექტორი სრულად განთავისუფლდება ქონების გადასახადისგან;
- ტურიზმის სექტორში მომშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადი გადავადდება წლის ბოლომდე;
- 5 მილიონის სესხის 80 პროცენტამდე სუბსიდია შეეხება იმ სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა არის 20 მილიონ ლარამდე.
რა გაიხსნა აქამდე
ეკონომიკის ამოქმედების 6-ეტაპიანი გეგმის პირველი ეტაპი თითქმის დასრულდა. ბიზნესსაქმიანობების გახსნის ეტაპებს შორის შუალედი ორი კვირაა, თუმცა პრემიერის განმარტებით, ეტაპების ამოქმედება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. დღეის მდგომარეობით, შეზღუდვები შემდეგნაირად შემსუბუქდა:
- 5 მაისიდან უკვე გახსნილია ბათუმსა და ქუთაისში მიმოსვლა;
- 27 აპრილიდან დასაშვები გახდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსების ოპერირება;
- ამოქმედდა ონლაინ ვაჭრობა;
- შესაძლებელი გახდა ნებისმიერ პროდუქტზე მიტანის სერვისით სარგებლობა;
- გაიხსნა ღია ტიპის აგრარული ბაზრების ნაწილი.
რა შეზღუდვები რჩება ძალაში
ამოქმედებული შეზღუდვებიდან ისევ ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი. მოქალაქეს, ვინც გარეთ გავა 21 საათიდან დილის 6 საათამდე, 3-ათასლარიანი ჯარიმა ემუქრება. ისევ არ ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჯერჯერობით ისევ დახურულია სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები. ასევე, დახურულია სავაჭრო მოლები და რესტორნები, მათ შორის, ღია ტიპის. 22 მაისამდე ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობაც.
კომენტარები