კორონავირუსზე უფრო დიდი საფრთხეების მოლოდინში — რას გვიმზადებს 21-ე საუკუნე
კორონავირუსის კრიზისი ადრე თუ გვიან დამთავრდება და ცხოვრების ჩვეულ რიტმზე გადასვლას დავიწყებთ, გამორიცხული არ არის, რომ მომავალი ეპიდემიისთვის მზადება საერთაშორისო დონეზე უფრო მიზნობრივი გახდება.
როგორც სახეობას, ჩვენ ახლო წარსულში მიღებული გამოცდილებიდან გაკვეთილების სწავლის კარგი უნარი გვაქვს. თუმცა ფილოსოფოსი ტობი ორდი წიგნ The Precipice-ში ამტკიცებს, რომ ისეთი კატასტროფებისთვის მზად არ ვართ, რომლის მსგავსი გამოცდილებაც აქამდე არ გვქონია.
ანუ ყოველ ჯერზე, როცა რაღაც გლობალური ხდება, რომელზეც მხოლოდ თეორიული წარმოდგენა გვაქვს, კაცობრიობა ძალიან მოუმზადებელია, არადა ორდის თქმით, ყველა ექსპერტმა იცის, რომ მომავალში უპრეცედენტო კატასტროფები გველოდება.
"ჩვენ რაღაცის დაჯერება გვიჭირს, თუ საკუთარი თვალით არ ვნახეთ", — ამბობს ორდი.
კორონავირუსის პანდემია ამის ნათელი მაგალითია. ამჟამინდელ კრიზისულ სიტუაციამდე ეპიდემიოლოგები ხშირად წინასწარმეტყველებდნენ, რომ ახლო მომავალში მასობრივ ეპიდემიას ვიხილავდით. ექსპერტების გაფრთხილებებით შთაგონებულმა ბილ გეიტსმა 2015 წელს პოტენციურ ეპიდემიას Ted Talk-იც კი მიუძღვნა.
გაფრთხილებების მიუხედავად, მსოფლიო მასშტაბური კრიზისთვის მოუმზადებელი იყო. საქმე იმაშია, რომ თუ საფრთხე თეორიულია (რაც არ უნდა რეალური იყო ის), ჩვენ ისე ვიქცევით, თითქოს ის არასდროს მოხდება.
COVID-19-მა ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და, სავარაუდოდ, ეს რიცხვი კიდევ მოიმატებს, თუმცა ეს პანდემია კაცობრიობას "ეგზისტენციალურ საფრთხეს" ნამდვილად არ უქმნის.
"ეგზისტენციალურ საფრთხეს", როგორც ტერმინს ხშირად ორი მნიშვნელობით იყენებენ. ერთი მხრივ ეს შეგვიძლია გავიგოთ, როგორც კაცობრიობის სრული განადგურების საფრთხე ან მეორე მხრივ, როგორც ცივილიზებული ცხოვრების განადგურების საშიშროება. ანუ ისეთი მოვლენა, რომელიც კაცობრიობას პრეისტორიული განვითარების დონეზე დააბრუნებს.
როცა ისეთ გლობალურ მოვლენებზე ვფიქრობთ, რომლებიც ჩვენს სახეობას გაანადგურებს, ძირითადად რაღაც "გარე" საფრთხეებზე გვეფიქრება, მაგალითად, ასტეროიდის ჩამოვარდნაზე ან რამე მსგავს მოვლენაზე, რომლის შეჩერების შესაძლებლობა არ გვაქვს.
ფიქრთა ასეთი დინება ვფიქრობ ნაწილობრივ იმითაა განპირობებული, რომ სადღაც გულის სიღრმეში დარწმუნებული ვართ, რომ კაცობრიობა თავის თავს არ გაანადგურებს.
ოქსფორდის კაცობრიობის მომავლის ინსტიტუტის მკვლევარი ორდი, აკადემიკოსთა იმ მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც ეგზისტენციური რისკების შეფასებას ცდილობენ. ექსპერტთა ეს ჯფუფი ისეთ საშიშროებებს იკვლევს, როგორიცაა კოსმოსური აფეთქებები, სუპერვულკანის ამოფრქვევა და სხვა.
ორდი თავის წიგნში ამ საფრთხეებს დეტალურად განიხილავს და შემდეგ საუკუნეში მათ ხდომილებაზე საუბრობს. მაგალითად, დედამიწისთვის დამანგრეველი ზეახალი ვარსკვლავის ანთების (სუპერნოვა) ალბათობა 50 მილიონში ერთია.
ორდის თქმით, ყველა მსგავსი ბუნებრივი კატაკლიზმა ერთიანად ნაკლებ ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს კაცობრიობისთვის, ვიდრე, მაგალითად, ბირთვული ომი ან გლობალური დათბობა.
მიუხედავად ამისა, მთავრობები მსოფლიოს გარშემო და პოლიტიკოსები მეტწილად პოტენციურ საფრთხეებზე ნაკლებად ფიქრობენ იმიტომ, რომ უშუალო პრობლემებით არიან დაკავებული. სავაჭრო ხელშეკრულებები, საგარეო პოლიტიკა და მსგავსი ამბები თითქოს სასწრაფო ყურადღებას უფრო მეტად საჭიროებენ, ვიდრე მომავლის ჰიპოთეტური პრობლემები.
თუმცა, რადგან ახლა გლობალურ პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ, კარგი დროა დავფიქრდეთ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალი კატაკლიზმები თავიდან ავიცილოთ.
ორდის თქმით, კაცობრიობა უპრეცედენტოდ სახიფათო დროში ცხოვრობს. იქნება ეს გლობალური დათბობა თუ ბირთვული ომი, გარკვეულმა საშიშროებებმა შესაძლოა ცივილიზაციას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.
ორდის თქმით, კაცობრიობის მომავალი ახლა წყდება. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ახლა ვიღებთ, კაცობრიობის განვითარებას ან მის განადგურებას განაპირობებს. The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ორდი ამბობს, რომ მისი დაკვირვებით, ამ საუკუნეში ეგზისტენციალური კრიზისის ალბათობა 6-დან 1-ია.
მეორენაირად რომ ვთქვათ 21-ე საუკუნე ერთი დიდი რუსული რულეტის თამაშია. ორდის თქმით, ამ საუკუნის უკეთესი შანსებით გადატანა ერთიანი ძალებით სავსებით შესაძლებელია. კემბრიჯის ეგზისტენციური რისკის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი მარტინ რისი ამბობს, რომ ჩვენ თითქოს დავივიწყეთ ძველი მაქსიმა, "უცხო იგივე არაა, რაც არაალბათური".
ერთ-ერთი პოტენციურად ეგზისტენციალური საფრთხე ბირთვული იარაღის ჭარბი წარმოებაა. ცივი ომის დასრულების შემდეგ აქტიური ბირთვული ბომბების რაოდენობა 70 000-დან 3 750-მდე შემცირდა. თუმცა ცივი ომის პერიოდის შეთანხმებები, როგორც ჩანს, ირღვევა. ორდი მიიჩნევს, რომ არც აშშ და არც რუსეთი ბირთვული იარაღის ახალი პროგრამის შეჩერებას არ გეგმავს.
ბევრი ექსპერტი, მათ შორის ორი, მიიჩნევს, რომ მათი შეხედულებები პესიმისტური არ არის. პოტენციური საფრთხის რაციონალური შეფასება გლობალურ კოოპერაციას საფუძველს უმაგრებს. თუმცა, ბევრი მსგავს ინტერნაციონალისტურ მიდგომაში გამოსავალს ვერ ხედავს.
ფილოსოფოსი ჯონ გრეი მიიჩნევს, რომ კორონავირუსი ჰიპერგლობალიზაციას და ინტერნაციონალიზმს ხელს არ შეუწყობს, პირიქით, ის ეროვნული სახელმწიფოს იდეას წარმოაჩენს.
"პროგრესული მანტრის საპირისპიროდ", — წერს გრეი, "ზოგი გლობალური პრობლემა გლობალურად ვერ გადაიჭრება... რწმენა, რომ კრიზისის უპრეცედენტო საერთაშორისო კოოპერაციით გადაჭრა შესაძლებელია, უსაფუძვლოა".
დაეხმარება თუ არა პანდემია კაცობრიობას იმის გააზრებაში, რომ ამ პლანეტაზე ყველანი ერთად ვცხოვრობთ, უცნობია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაზე გლობალურ საფრთხეებთან საბრძოლველად ამის გააზრება ადრე თუ გვიან ალბათ მაინც მოგვიწევს.
როგორიც არ უნდა იყოს მომავალის პრობლემებიდან გამოსავალი, ახლა კარგია დროა, რომ მასზე ვიფიქროთ.
კომენტარები