ჯერ კიდევ ბევრ თქვენგანს ახსოვს, თუ როგორი იყო ცხოვრება უინტერნეტოდ. ამ დროს ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება რთულ და შრომატევად პროცესთან იყო დაკავშირებული. უფრო მეტიც, ხშირად საჭირო ინფორმაციის მიღება უბრალოდ შეუძლებელიც კი იყო.

უინტერნეტოდ არამხოლოდ მსოფლიოს უამრავ ამბავს ვაკლდებოდით, არამედ ქვეყნის შიგნით მიმდინარე მრავალ პროცესსაც.

სამწუხარო ისაა, რომ უინტერნეტობის წარმოსადგენად წარსულში გახედვა სულაც არ გვჭირდება. დღეს 4 მილიარდზე მეტ ადამიანს — განსაკუთრებით კი ქალებსა და ღარიბი მოსახლეობის დიდი ნაწილს — ამ უმნიშვნელოვანეს რესურსზე ხელი არ მიუწვდება.

Giveinternet.org პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, რომ სოციალურად დაუცველი უფროსკლასელები ინტერნეტითა და ლეპტოპით უზრუნველყონ, რუსუდან ჯაყელი კი მისი თანადამფუძნებელია.

ყველაფერი Educare Georgia-ს დახმარებით დაიწყო, ეს საგანმანათლებლო ფონდია, რომლის მისიაც მსოფლიო დონის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ფონდის ერთ-ერთი პროექტი ხანის აკადემიაა — ონლაინ პლატფორმა, სადაც უფასოდ, საკუთარი ტემპით შეგიძლია, რომ თითქმის ყველაფერი ისწავლო. პროექტის წყალობით ამჟამად STEM საგნებში 7 მილიონზე მეტი სიტყვა და 4 ათასზე მეტი ვიდეოა გაქართულებული.

თუმცა Eduare Georgia-ს გუნდისთვის ერთი რამ ცხადი მალევე გახდა, მათ მიერვე შექმნილ სასწავლო რესურსებზე ხელი საზოგადოების სწორედ იმ ნაწილს არ მიუწვდებოდა, რომელსაც ის ყველაზე მეტად სჭირდებოდა — საქართველოში 78 000-მდე მოსწავლეს ინტერნეტი და კომპიუტერი არ ჰქონდა.

ჩართე

2017 წელს Educare Georgia-ს თანადამფუძნებლის, გიორგი ჯიბლაძის ინიციატივით, დეველოპერ თორნიკე გელაშვილისა და დიზაინერ შალვა ბუკიას მხარდაჭერით, საქველმოქმედო პლატფორმა ჩართე შეიქმნა. ეს პროექტია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, თუნდაც 1 ლარად დაუფინანსოს ინტერნეტი ან ლეპტოპი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.

"Charte.ge-ს საშუალებით მოსწავლეებს უჩნდებათ წვდომა ინტერნეტზე, ქრომბუქზე და პროექტის პარტნიორი პლატფორმების უფასო და ფასიან საგანმანათლებლო რესურსებზე. მათ ასევე უტარდებათ ტრენინგი მედიაწიგნიერებაში, ფინანსურ და ონლაინ განათლებაში იმისთვის, რომ შეძლონ ვების კრიტიკულად, ფრთხილად და ნაყოფიერად გამოყენება", — ამბობს რუსუდანი.

ჩართეს ერთი ამოცანა ჰქონდა: ადამიანები დაერწმუნებუნა, რომ უფროსკლასელებისთვის ინტერნეტის დაფინანსება საჭირო იყო.

"ეს ყველაფერი კი ქვეყანაში, სადაც ფილანთროპიის კულტურა ძალიან დაბალია, სადაც უამრავი სოციოეკონომიკური პრობლემაა და სადაც ინტერნეტს ისე უყურებენ, როგორც უცხო, "საშიში" კულტურებისა და მოსაზრებების, პორნოგრაფიისა და ყურადღების გამფანტავი, თვალებისთვის საზიანო თამაშების ლაბირინთს.”

“არ ვიცი, რამ გაამართლა: პრობლემის მნიშვნელობამ, ფილანთროპიის ბაზარზე კონკურენციის ნაკლებობამ, პროექტის მოდელმა, მისმა გამჭვირვალობამ, თუ საოცარი, ინტერესებით სავსე მოსწავლეების შესახებ შექმნილმა ფოტო-ვიდეო მასალამ, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით უკვე 900-მდე ყოველთვიური შემომწირველი გვყავს.", — ამბობს რუსუდანი.

შემომწირველების წყალობით ახლა უკვე 500-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს საკუთარი კომპიუტერი და ინტერნეტი აქვს. მათი უმეტესობა კი დევნილთა დასახლებებსა და კონფლიქტისპირა სოფლებში ცხოვრობს

"გვსაყვედურობენ, რომ ფულს ინტერნეტისთვის ვითხოვთ, როცა მოსახლეობის ნაწილს უფრო პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უჭირს, მაგრამ ჩემთვის ერთი რამ აბსოლუტურად ცხადია: დღეს ინტერნეტის გარეშე ადამიანი იმდენად არაკონკურენტუნარიანია, რომ სიღარიბისგან თავის დაღწევისა და წარმატების შანსი ფაქტობრივად არ აქვს. ის პრაქტიკულად მოწყვეტილია ქვეყნისა და მსოფლიოს ყველა მოვლენას, კულტურას, იდეას, პოლიტიკურ მოძრაობას, ხელოვნების ნიმუშს, სამეცნიერო აღმოჩენას - ყველაფერს, რაც პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის და საზოგადოებრივი სარგებლის შექმნისთვისაა აუცილებელი. ინტერნეტი, რომელიც სულ რაღაც 20 ლარი ღირს, ბევრად უფრო მეტად ზრდის ჩვენი აკადემიური, ეკონომიკური და პროფესიული წარმატების შანსებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რესურსი თუ შემოწირულობა."

Giveinternet.org

აღმოჩნდა, რომ ამ ხედვას სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იზიარებენ — განსაკუთრებით კი ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები. ისიც აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში არ არსებობს ჩართეს მსგავსი საერთაშორისო პლატფორმა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვისთვის ინტერნეტის დაფინანსება.

ასე გაჩნდა GiveInternet.org — ჩართეს საერთაშორისო ვერსია, რომელიც იმავე გუნდის მიერ კვლევის, ექსპერიმენტებისა და სხვა პლატფორმებზე დაკვირვების შედეგად აეწყო.

"ჩვენი გეგმა ძალიან ამბიციურია — შევიდეთ ამერიკის ფილანთროპიის უზარმაზარ ბაზარზე, მოვიზიდოთ ამერიკული და ვეროპული შემოწირულობები და "ჩავრთოთ" უფროსკლასელები როგორც აქ, ისე სხვა ქვეყნებსა თუ კონტინენტებზე", — ამბობს რუსუდანი.

ორგანიზაციის რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია და ის ამერიკაში მალე tax-deductible (501(c)3) სტატუსსაც მიიღებს, რაც ნიშნავს, რომ ამერიკელი შემომწირველები სახელმწიფო გადასახადების შეღავათებით ისარგებლებენ.

GiveInternet-ში რუსუდანის მთავარი ფოკუსი ციფრული მარკეტინგი და კომუნიკაცია, ანალიტიკა, პლატფორმაზე მუშაობა და დაფინანსების მოძიებაა.

"ციფრულ კომუნიკაციაში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ უკვე ვიცი, თუ როგორ უნდა ვესაუბროთ ქართველ მომხმარებლებს და როგორ უნდა მოვიპოვოთ მათი ნდობა. ახლა კი სრულიად ახალ, საოცრად მრავალფეროვან და უცხო ქვეყნებში ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ. ხშირად ვერც კი ვიჯერებთ, რამხელა გამოწვევას შევეჭიდეთ. "

"საბედნიეროდ, უცხოელი მომხმარებლისგან საოცრად პოზიტიური შეფასება გვაქვს. მათ, როგორც წესი, მოსწონთ ჩვენი მოდელი — ავტომატური შემოწირულობა და ჩვენი გამჭვირვალობა — საიტი, სადაც თითოეული ბავშვის ისტორიას კითხულობენ. არ ვიცი, ერთ-ერთ ყველაზე გაჯერებულ ფილანთროპიულ ბაზარზე შესვლის ექსპერიმენტი როგორ დასრულდება, თუმცა ჩართეს თავდადებული გუნდის წყალობით უკვე ბევრად უფრო მნიშვნელოვან საქმეში შევიტანე წვლილი, ვიდრე ამას ოდესმე წარმოვიდგენდი: დღეს 482 უფროსკლასელს აქვს აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ გახდეს ის, ვინც უნდა, რომ გახდეს."

Giveinternet.org-ისა და ჩართეს დახმარებით ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდაში წვლილის შეტანა ყველა თქვენგანს შეუძლია.