მსოფლიოში პირველად, კოლუმბუსის ზოოპარკში სუროგატმა ავაზამ იმშობიარა
2020 წლის 19 თებერვალს კოლუმბუსის ზოოპარკში სუროგატმა ავაზამ იმშობიარა — ეს ავაზებში ემბრიონების გადანერგვის პირველი წარმატებული შემთხვევაა.
"ავაზის რეპროდუქციულ ფიზიოლოგიაში ეს ნამდვილად დიდი გარღვევაა. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ისეთ ინდივიდებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ან არ სურთ ბუნებრივად გამრავლება, ამ პროცესში დავეხმაროთ", — განაცხადა ერთ-ერთმა ბიოლოგმა ადრიანა კროისერმა.
სამი წლის სუროგატმა დედამ, იზაბელამ ორი ნაშიერი გააჩინა. მათი ბიოლოგიური დედა კაბიბი, ასევე კოლუმბუსის ზოოპარკში ბინადრობს და ექვსი წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ მამრი დონორი ტეხასში ცხოვრობს, მკვლევარებმა მისი სპერმის გაყინვა და პროცესისთვის გამოყენება შეძლეს.
"მდედრი დონორი ასაკით შედარებით უფროსი იყო, სამწუხაროდ იგი არასდროს დაფეხმძიმებულა. ჩვენ გვინდოდა, რომ იგი გამრავლებულიყო, სწორედ ამიტომ მისთვის ტეხასში მცხოვრები მამრი შევარჩიეთ", — აღნიშნა კროისერმა.
ავაზა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობაა, ბიოლოგები დიდი ხანია მათ გამრავლებას ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ცდილობენ, თუმცა 2003 წლის შემდეგ წარმატებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, სწორედ ამიტომ მათ ინ-ვიტრო მეთოდის გამოყენება სცადეს.
მიუხედავად იმისა, რომ უფროს მდედრ ავაზებს გამრავლებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ, მათ სიცოცხლისუნარიანი კვერცხუჯრედების წარმოქმნა შეეძლოთ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ინ-ვიტრო განაყოფიერებით ემბრიონის ახალგაზრდა ავაზებში გადატანა შესაძლებელი იქნებოდა.
ზოოპარკის გუნდის მიზანს ავაზების პოპულაციის ზრდა წარმოადგენს. ემბრიონის გადატანის პროცედურა კი ამ მიზნის განხორციელებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ხელოვნურ განაყოფიერებასთან შედარებით, პროცესის უპირატესობა მისი მოქნილობა და მოსახერხებლობაა.
"ხელოვნური განაყოფიერებით წარმატების მიღწევის ძალიან მცირე შანსები გვაქვს, რადგან კვერცხუჯრედი სიცოცხლისუნარიანობას მცირე დროის მანძილზე ინარჩუნებს. ემბრიონის გადატანის პროცესი — როცა მდედრი თავისი ბუნებრივი ციკლის ისეთ ფაზაში იმყოფება, როდესაც ემბრიონის მიღება შეუძლია, ბევრად მოსახერხებელია", — განაცხადა ბიოლოგმა პიერ კომიზოლმა.
"ის ცხოველები, რომლებსაც ჩვენ გამრავლებაში ვეხმარებით, ბუნებრივი გზებით ამას ვერ მოახერხებდნენ", — განაცხადა კროისერმა.
ფოტო: Grahm S. Jones
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიხედვით, ველურ ბუნებაში სულ რაღაც 7 500 ავაზაა შემორჩენილი, რაც მათი გამრავლების პროცესისთვის ხელშეწყობას აუცილებელს ხდის. ბოკვერების დაბადება მნიშვნელოვანი მხოლოდ პოპულაციის ზრდისთვის არ არის — ეს ასევე მეცნიერებისთვისაც განსაკუთრებული მოვლენაა.
"ავაზა უნიკალური სახეობაა, მსგავსი უნიკალური მონაცემების აქამდე შეუსწავლელი ან რთულად შესასწავლი სახეობების საიდუმლოებების გამჟღავნებისთვის გამოყენება კი საკმაოდ მნიშვნელოვანია", — განაცხადა კომიზოლმა.
კომენტარები