მომავლის ხილვები — 5 გაფრთხილება კლასიკური სამეცნიერო ფანტასტიკის სამყაროდან
სამეცნიერო ფანტასტიკისთვის უცხო არაა მომავლის და იმ წარმოუდგენელი შესაძლებლობების განჭვრეტა, რომლის მიღწევაც ადამიანის მოდგმას ძალუძს. მაგრამ იგი ასევე უამრავ გაფრთხილებას შეიცავს. ამიტომ გონივრული იქნება, თუ მეტი ყურადღებით მოვეკიდებით გზავნილებს, რომლებიც დღეს იმაზე აქტუალურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
1. რობოტები და ხელოვნური ინტელექტი
1920-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, როცა ჩეხმა მწერალმა, კარლ ჩაპეკმა, სიტყვა რობოტი გამოიგონა, სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლებმა დაიწყეს კაცობრიობის გაფრთხილება ადამიანსა და მანქანას შორის ზღვრის გაქრობის საშიშროებაზე.
მართლაც, რობოტები იმდენად ემსგავსებიან ადამიანებს, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, რთული იყოს მათი ჩვენგან გარჩევა. რა გავლენა ექნება ამას კაცობრიობის ევოლუციაზე? ფილიპ კ. დიკს თუ დავუჯერებთ, ეს საკითხი იმაზე ჩახლართულია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მის მიერ შექმნილი რეპლიკანტები, 1968 წელს გამოცემული წიგნიდან, ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?, — რომელზე დაყრდნობითაც მოგვიანებით დღეს უკვე კლასიკად ქცეული ფილმი, სამართებელზე მორბენალი, გადაიღეს, — არაერთ მნიშვნელოვან კითხვას აჩენს.
თუმცა დღეისთვის მხოლოდ რობოტებზე როდი გვაქვს სადარდებელი. ხელოვნური ინტელექტი, სავარაუდოდ, უფრო დიდი საფრთხეც კია, ვიდრე — მისი "რობოტი ბიძაშვილები". არტურ კლარკის 1968 წლის წიგნში, კოსმოსური ოდისეა 2001, გამოჩენილი ავისმომასწავებელი HAL 9000-დან დაწყებული, რობერტ ჰაინლაინის 1966 წლის რომანში, მთვარე სასტიკი ქალბატონია, აღწერილი "კეთილმოსურნე" მაიკით დამთავრებული, უამრავი ტექსტი გვაფრთხილებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ძალა, რომელსაც ჩვენი ყოველდღიურობის ყველა ნაწილზე გაბატონება შეეძლება, ერთ დღესაც განადგურებას გვიქადის. და ამაში საკუთარი თავის გარდა ვერავის დავადანაშაულებთ.
2. საფრთხეები მიღმიერი სამყაროდან
სამეცნიერო ფანტასტიკაში ხშირად ვხვდებით უცხოპლანეტელების ჩვენს სამყაროში შემოჭრის ამბავს. მათგან ყველაზე ცნობილი ალბათ ჰერბერტ უელსის კლასიკა, სამყაროთა ომია — 1898 წელს გამოცემული რომანი, რომელიც მას შემდეგ არაერთი ფილმის, ტელეშოუსა თუ მიუზიკლის შექმნის წყაროდ იქცა.
რასაკვირველია, ბევრი ასეთი ამბავი იმ შიშზეა აგებული, რომ ერთი სახეობა მასთან ახლოს მცხოვრებ სხვა სახეობას დაესხმება თავს. უცხოპლანეტელ "უცხოებად" კი მწერები ან ხოჭოებიც კი შეიძლება მოგვევლინოს, როგორც ეს ჰაინლაინის 1959 წლის წიგნში, ვარსკვლავური დესანტი, და მის 1997 წლის ეკრანიზაციაშია.
თუმცა თუკი ვარსკვლავურ დესანტში დახატული რეალობა ცივი ომის პერიპეტიებს გვახსენებს, უელსის, ჰაინლაინის და სხვა ავტორების მიერ აღწერილი საფრთხე ჯერ კიდევ უცნობ მტერს უკავშირდება. ამგვარ დამპყრობლებთა უტვინოთა ხროვად ან მტაცებელ მხეცებად წარმოდგენა ჩვენზე დამამშვიდებლად კი მოქმედებს, მაგრამ ეს ზედმეტად გამარტივებული ხედვაა და ჩვენი ბაზისური ემოციების დაკმაყოფილებას ემსახურება.
3. ადამიანური სისუსტე
მომავალთან დაკავშირებული საფრთხეებიდან ყველაზე უფრო დამზაფრავი თავად ჩვენგან წამოსული საშიშროებაა, რომლის საფუძველიც დაუფიქრებელი ნაბიჯები, პრიორიტეტების არასწორი განაწილება თუ ჩვენი ფიქრებისა და აზროვნების გამკონტროლებელი არაკეთილსინდისიერი კორპორაციების ქმედება შეიძლება იყოს. სამეცნიერო ფანტასტიკის ბევრმა მწერალმა გაამახვილა ყურადღება ადამიანის ბუნების ნაკლოვანებებზე და მრავალგვარი ინტერპრეტაციით წარმოგვიდგინა სიკეთის სახელით ჩადენილი ქმედებები, რომლებიც სავავალო შედეგით სრულდება. ამგვარი ამბის კლასიკური მაგალითია ფრედერიკ პოლისა და სირილ კორნბლათის 1952 წლის სამეცნიერო ფანტასტიკა, კოსმოსის ვაჭრები.
კოსმოსის ათვისებამ და ვარსკვლავებისკენ სწრაფვამ, შესაძლებელია, ბევრი ისეთი პრობლემა გადაჭრას, რომელიც საფრთხეს ახლო მომავალში გვიქმნის — იქნება ეს კლიმატის ცვლილება, ჭარბი მოსახლეობა თუ რესურსების სიმწირე. თუმცა ბევრად უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ფაქტი, რომ სადაც უნდა წავიდეთ, ჩვენს პრობლემებსაც თან წავიყოლებთ, რადგან კაცობრიობა გამუდმებით უშვებს ერთსა და იმავე შეცდომებს და ასე გაგრძელდება სამყაროს დასალიერშიც.
4. მეცნიერება ბუნების წინააღმდეგ
მიუხედავად სახელისა, სამეცნიერო ფანტასტიკა უკვე მრავალი წელია, სამეცნიერო ფაქტებს უფრო ემყარება, ვიდრე — ფანტასტიკურებს. ისეთი ცნობილი მწერლები, როგორებიც არიან რობერტ ჰაინლაინი, აიზეკ აზიმოვი და ფრედერიკ პოლი, ხატავდნენ მომავალს შორ მანძილზე მომენტალური კომუნიკაციის შესაძლებლობებითა და ყველასთვის ხელმისაწვდომი ცოდნით. ეს მომავალი უკვე აწმყოდ იქცა და ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც იმაზე რთულია გამოგონილისა და ნამდვილი რეალობის გარჩევა, ვიდრე ოდესმე.
შესაძლოა, თქვენ იფიქროთ, რომ ეს მთლიანობაში კარგი ამბავია (ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახლა ამ სიტყვებს ინტერნეტში კითხულობთ), თუმცა სამეცნიერო ფანტასტიკას ჩვენს ზედმეტად თავდაჯერებულ ბუნებასა და იმ უსაფუძვლო რწმენაზეც აქვს რაღაც სათქმელი, რომელიც მეცნიერებაში საკუთარი შესაძლებლობების და ამ შესაძლებლობების კეთილი მიზნებისთვის მოხმარების მიმართ გვაქვს.
1966 წლის რომანში, ყვავილები ელჯერნონისთვის, ადამიანზე ჩატარებულ ექსპერიმენტში ისეთი ხარვეზი გამოვლინდება, რომელიც პროტაგონისტს სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანს. ამბავი, მეტწილად, გენიოსის აღმასვლისა და მარცხის შესახებაა, თუმცა ის ასევე წარმოაჩენს, რამდენად საშიშია, როცა მეცნიერებს არ აქვთ განვითარებული თანაგრძნობის უნარი და უჭირთ იმის გაცნობიერება, სადამდე შეიძლება, მათმა ქმედებებმა მიგვიყვანოს.
თუ გვსურს, რომ მეცნიერება ბუნების დასაპყრობად გამოვიყენოთ, წინდახედულად უნდა ვიმოქმედოთ და მოსალოდნელ შედეგებზე ვიფიქროთ. ყველანაირი პროგრესი სიკეთის მომტანი არაა — ჩვენ მხოლოდ ახლო მომავალში არ უნდა ვიხედებოდეთ და, რაც მთავარია, მიღწეულმა შედეგებმა ზედმეტად თავდაჯერებულები არ უნდა გაგვხადოს.
5. სახეცვლილი რეალობა
სამეცნიერო ფანტასტიკის ყველაზე შემაძრწუნებელი ასპექტები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობაშიც იდგამს ნელ-ნელა ფესვებს, რა თქმა უნდა, რეალობის ცნების გაბუნდოვნებას უკავშირდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს გამოგონილისა და ნამდვილის ერთმანეთისგან გარჩევა წარმოუდგენლად რთული ხდება.
თანამედროვე მომხმარებლურ კულტურაში, რომელიც სოციალური მედიითა და ყალბი ინფორმაციითაა გაჯერებული, ფილიპ დიკის ტექსტებში წამოჭრილი თემები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ამიტომ ყურადღებით უნდა წავიკითხოთ მისი გაფრთხილებები ისეთ წიგნებში, როგორიცაა, მაგალითად, უბიკი (1969 წელი) და პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა (1965 წელი), სადაც სწორედ იმაზეა საუბარი, თუ რამდენად საშიშია ხშირად ჩვენივე ხელით შექმნილ ყალბ რეალობაში თავით გადაშვება. დიკის ნაშრომების თემატიკა იმდენად ბევრს ამბობს თანამედროვე სამყაროზე, რომ მისი რომანები კვლავ იპყრობს ისეთი ცნობილი სერიალებისა თუ ფილმების სცენარისტების ყურადღებას, როგორებიც 2015 წელს დაწყებული კაცი მაღალ კოშკში და 2017 წელს გადაღებული სამართებელზე მორბენალი: 2049 არის.
მსგავსი ამბები თავად რეალობის ბუნებაზე გვაფიქრებს. შესაძლოა, დიკი კონკრეტულ დასკვნებამდე არ მისულა, მაგრამ მან ნამდვილად გვაჩვენა, როგორ გვძერწავს გარემომცველი სამყარო. და სანამ არ შევიცნობთ ამ სამყაროსთან ჩვენი ურთიერთობის ბუნებას და არ გავიგებთ, რა ადგილი გვიკავია მასში, ნათელი მომავლის ხედვა სამეცნიერო ფანტასტიკის ყველაზე დაუჯერებელ ასპექტად დარჩება.
კომენტარები