მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალმა აღმოჩენამ პლანეტების ფორმირების ამ დრომდე გაბატონებული თეორია თავდაყირა დააყენა.

ამ დრომდე, გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, მიმოფანტული ნივთიერებები ერთმანეთს უმოწყალოდ ეჯახებოდნენ, ამით ზომაში იზრდებოდნენ, შემდეგ კი პლანეტებს, ვარსკვლავურ სისტემებსა და სხვა სტრუქტურებს ქმნიდნენ.

ახალი შედეგები კი მიანიშნებს, რომ ეს პროცესი ბევრად უფრო "ლმობიერი" უნდა ყოფილიყო. ახალი მოდელის მიხედვით, ნივთიერებებისა და ობიექტების აგრეგაცია ნაზად ხდებოდა და არა ქაოტურად.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

"ქაოსური შეჯახებების თეორია 1960-იან წლებში გამოჩნდა და ის დღემდე ლიდერობდა, აქვეა მეორე, შედარებით ახალგაზრდა თეორიაც, რომელიც პლანეტების ფორმირების ბევრად უფრო ლმობიერ სურათს გვიხატავს. ეს უკანასკნელი აქამდე სრულად უგულებელყოფილი იყო, პირველი თეორია კი სწორად მიიჩნეოდა. თუმცა ახლა ეს მდგომარეობა შეიცვალა", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ალან შტერნმა.

ეს ახლებური ხედვა მზის სისტემის გარე ნაწილში მყოფი ობიექტის, აროკოთის (Arrokoth) დეტალური შესწავლის შედეგად გამყარდა. აროკოთი მზისგან ექვსი მილიარდი კილომეტრით არის დაშორებული და კუიპერის სარტყელში მდებარეობს. ის პლანეტების ფორმირების პროცესის უძველესი გადმონაშტია. ექვსი წლის წინ, როდესაც აროკოთი პირველად აღმოაჩინეს, მას 2014 MU69, ხოლო ზედმეტსახელად კი ულტიმა-თულე უწოდეს.

მეცნიერებმა ობიექტის მაღალი გარჩევადობის ფოტო ერთი წლის წინ, NASA-ს New Horizons ხომალდის მეშვეობით მოიპოვეს და პირველად, მათ საშუალება მიეცათ დაკვირვებოდნენ, ამ შემთხვევაში რომელი თეორია უფრო უკეთ ახსნიდა მათ მიერ დანახულ სურათს — კატასტროფული შეჯახებების სცენარი, თუ ალტერნატიული ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ობიექტები ერთმანეთს რბილად ეტმასნებიან.

აროკოთის შემთხვევაში დოქტორი შტერნისა და მისი გუნდის ანალიზებმა ძლიერი შეჯახებისთვის დამახასიათებელი ნიშნების კვალი ვერ იპოვა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ორი ობიექტი ერთმანეთს ნაზად დაუკავშირდა.

კუიპერის სარტყელის ობიექტები მზის სისტემის ფორმირების დროიდან თითქმის არ შეცვლილან, ამის გამო ისინი ერთგვარ დროის კაფსულას წარმოადგენენ.

ნაზი შეჯახებების თეორია 15 წლის წინ პროფესორმა ანდერს იოჰანსენმა შეიმუშავა, ამ დროს იგი ახალგაზრდა დოქტორანტი იყო. იდეა თეორიის შესახებ კომპიუტერული სიმულაციის შედეგად გაჩნდა.

დოქტორი იოჰანსენი

ფოტო: LUND OBSERVATORY

ანდერს იოჰანსენის თქმით, მისი თეორიის მტკიცებულების ნახვა ძალიან სასიხარულოა.

ახალ იდეას სკეპტიკოსებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე დაკვირვების შედეგად დასკვნების გამოტანა ნაადრევია.