18,2 გრადუსი — ანტარქტიდაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
ღამით თბილისში ტემპერატურა უკვე ნულს ჩამოცდა, მაგრამ პლანეტის ყველაზე ცივ, მშრალ და ქარიან კონტინენტზე, ანტარქტიდაზე 8 თებერვალს, ესპერანსას რეგიონში ტემპერატურამ 18 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ამ რეგიონში ოდესმე დაფიქსირებულა.
ტემპერატურა ესპერანსაში არგენტინის კვლევითმა სადგურმა გაზომა. ახალ რეკორდს მალე მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კომიტეტი, "ექსტრემალური კლიმატის არქივი" დაადასტურებს.
"რეკორდი მთებიდან დაშვებული თბილი ჰაერით იყო განპირობებული", — ამბობს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი რენდალ ცერევნი.
ანტარტიდაზე ტემპერატურა საშუალოდ -10-დან -60 გრადუს ცელსიუსამდეა. ანტარქტიკის ნახევარკუნძული, სადაც რეკორდულად თბილი ტემპერატურა გაზომეს, დანარჩენ კონტინენტთან შედარებით, ყველაზე სწრაფად თბება.
ანტარქტიდაზე ტემპერატურის სწრაფი მატების და ყინულის დნობის ტენდენცია მეცნიერებისთვის ხშირად განგაშის მიზეზია. ამჟამინდელი მონაცემებით, ყინულის დნობა დედამიწის გარშემო ზღვის დონის 0.8-2 მეტრამდე მატებას გამოიწვევს. ეს, რა თქმა უნდა, უდიდეს საფრთხეს უქმნის დედამიწის ეკოსისტემებს და სანაპირო ზოლში მცხოვრებ ადამიანებს.
კომენტარები