ყურსასმენებში ჩაშენებული ჰაერის გამწმენდი — Dyson-ის ახალი პატენტი
მტვერსასრუტების მწარმოებელმა კომპანია დაისონმა ყურსასმენებზე დამონტაჟებული ჰაერის გამწმენდი დააპატენტა.
კომპანიამ პატენტზე განაცხადი 2019 წლის ივლისში შეიტანა. მის აღწერაში ნაჩვენებია ყურსასმენებში ინტეგრირებული სპეციალური მოდული, რომელიც ყურსასმენის მომხმარებლისთვის ჰაერს გაწმენდს.
დაისონი ჰაერის გამწმენდ საშუალებებს დიდი ხანია აწარმოებს. ეს ხელსაწყოები უმეტესად საყოფაცხოვრებო ფართებისთვის გამოიყენება. მსოფლიოში ჰაერის დაბინძურება დიდი პრობლემაა და ბევრ ქვეყანაში ადამიანები პირბადეებს ყოველდღიურადაც ატარებენ.
როგორც ჩანს, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ახალი ტიპის ჰაერის გამწმენდებზე მოთხოვნა მაღალია. პატენტის მიხედვით, ყურსასმენზე დამაგრებული გამწმენდი მოდული მომხმარებლის პირს დაფარავს და მას სუფთა ჰაერით უზრუნველჰყოფს.
დაისონის პატენტის მიხედვით მოდულს ყურსასმენებში ჩამონტაჟებული ძრავი ამუშავებს, რომლის მეშვეობითაც ჰაერის გამწმენდი წამში 1,4 ლიტრ ჰაერს ისრუტავს.
დაისონი ერთადერთი კომპანია არაა, რომელიც პერსონალური ჰაერის გამწმენდებით დაინტერესდა. 2019 წლის CES-ზე Ao Air-მა Atmos-ის ნიღაბი წარადგინა, რომელიც კომპანიის მტკიცებით, ჰაერის გასუფთავებას სტანდარტულ პირბადეებზე უკეთესად ახერხებს.
დაისონის პატენტი მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი მასობრივ წარმოებაში ჩაეშვება. ისიც უცნობია, საერთოდ შექმნის თუ არა რეალობაში დაისონი ასეთ მოწყობილობას.
2019 წელს კომპანიამ ელექტრომანქანების წარმოებისთვის 2 მილიარდი დოლარი გამოყო, თუმცა მოგვიანებით, პროექტი შეჩერდა.
დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა ინოვაციური ხელსაწყოებით, ცხადია მისასალმებელია, თუმცა მსგავსი ინოვაციების საჭიროება იმაზე მიანიშნებს, რომ ჰაერის დაბინძურება სერიოზული პრობლემაა.
კომენტარები