სუფთა ჰაერის სუნთქვა მალე, შესაძლოა, $350 დაგიჯდეთ
ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვანი პრობლემაა. მსოფლიოს გარკვეულ რეგიონებში ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას იწვევს. პრობლემების თავიდან ასარიდებლად კი ხალხს აირწინაღების და სპეციალური პირბადეების გაკეთება უწევთ.
დაბინძურებული ჰაერის მუდმივი სუნთქვა აუარესებს სასუნთქი სისტემის დაავადებებს და გულის შეტევის, კიბოს და სხვა მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზიც ხშირად არის ხოლმე. კომპანია Ao Air კი ცდილობს, რომ ჰაერის დაბინძურებას ტექნოლოგიების მეშვეობით ებრძოლოს.
წელს CES-ზე (სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა) კომპანიამ სპეციალური ელექტრო პირბადე წარადგინა, რომელიც Ao Air-ის წარმომადგენლების თქმით, ჰაერს უკეთ ფილტრავს, ვიდრე სტანდარტული პირბადე.
სხვა პირბადეებისგან განსხვავებით, Ao Air-ის პირბადე არ საჭიროებს ძალიან მყარ მიმაგრებას კანთან, რაც ჩვეულებრივი პირბადის გამოყენების დროს ხშირად ოფლიანობას და დისკომფორტს განაპირობებს ხოლმე.
კომპანიაში ამბობენ, რომ მათი ნიღბის გამოყენება ბევრად მარტივია. ამასთანავე, პირბადე გამჭვირვალეა და არ ფარავს ადამიანის სახეს.
"ჩვენი გამჭვირვალე დიზაინის პირბადე მსუბუქად ემაგრება თქვენს ცხვირს და სხვებს თქვენი სახისა და ღიმილის დანახვის საშუალებას აძლევს", — ნათქვამია Ao Air-ის პრეს რელიზში.
შესაძლოა, ახალი ტიპის აირწინაღი მართლაც უფრო მოსახერხებელი იყოს, თუმცა მას ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს — ფასი. ამ მომენტში Ao Air-ის პირბადე 350 დოლარი ღირს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰაერის დაბინძურებით მსოფლიო მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული ნაწილი ზარალდება, Ao Air-ის გაჯეტი, სტანდარტულ პირბადეს ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს.
თუმცა მსგავსი "ინოვაციები" გვაიძულებს დავფიქრდეთ, გვინდა თუ არა ვიცხოვროთ მსოფლიოში, სადაც სუფთა ჰაერი ფუფუნებაა.
კომენტარები