Plague Inc. – პანდემიაზე დაფუძნებული თამაშის საიტი უეცარი პოპულარობის გამო გადაიტვირთა
კორონავირუსის სწრაფ გავრცელებას ერთი უჩვეულო შედეგი მოჰყვა. თამაში Plague Inc., რომელშიც მოთამაშეს ევალება, რომ ინფექცია მთელ მსოფლიოს მოსდოს, უეცრად ძალიან გაპოპულარულდა.
Plague Inc. ჩინეთში 21 იანვრის ყველაზე ხშირად გადმოწერადი თამაში გახდა, 23 იანვარს კი იგივე ტიტული მან აშშ-შიც მიიღო.
მომატებული ინტერესის გამო თამაშის შემქმნელმა კომპანიამ, Ndemic Creations-მა შეტყობინებაც გაავრცელა, სადაც ის მოთამაშეებს მოუწოდებდა, რომ ინფორმაციის მისაღებად და დასკვნების გასაკეთებლად თამაში არ გამოეყენებინათ.
"გთხოვთ გახსოვდეთ, რომ Plague Inc. უბრალოდ თამაშია და არა რაიმე სამეცნიერო სიმულაცია. კორონავირუსის ამჟამინდელი აფეთქება კი რეალური რამაა და ის უამრავ ადამიანს ეხება", — ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე.
Ndemic Creations-ის დამფუძნებლისთვის, ჯეიმს ვანისთვის ეს გასაკვირი არ ყოფილა.
"ყოველთვის, როდესაც რაიმე მსგავსი დაავადება თავს იჩენს, Plague Inc.-ს მოთამაშეები ემატება. ამ დროს ხალხს სურს მეტი გაიგოს იმაზე, თუ როგორ ვრცელდება ინფექციები მსოფლიოში", — ამბობს ის.
Plague Inc. ამჟამად სამაგიდო და ვიდეოთამაშის სახითაა ხელმისაწვდომი. ჯეიმსმა თამაში 8 წლის წინ შექმნა.
Ndemic Creations მოთამაშეებს მოუწოდებს, რომ გადამოწმებული ინფორმაციის მისაღებად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდს მიმართონ.
კომენტარები