სპორტული სამყარო ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გლოვობს. სპორტსმენები იხსენებენ ისტორიებს ბრაიანტზე, აღნიშნავენ მის წვლილს კალათბურთის განვითარებაში და უსამძიმრებენ ოჯახს.

მაიკლ ჯორდანი: "ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და მე ეს ძალიან მომენატრება. ის იყო სასტიკი მეტოქე, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა შემოქმედების უნარი. კობი ასევე იყო გასაოცარი მამა, რომელსაც მისი ოჯახი ძალიან უყვარდა. იყო ამაყი იმით, რომ მის ქალიშვილებს უყვარდათ კალათბურთი".

კობი ბრაიანტი და მაიკლ ჯორდანი

კობი ბრაიანტი და მაიკლ ჯორდანი

ფოტო: Getty Images

შაკილ ო'ნილი: "არ არსებობს სიტყვები, რომელიც გადმოსცემს იმ ტკივილს, რასაც ჩემი მშვენიერი ჯიჯის და ჩემი ძმის, კობის გარდაცვალების გამო განვიცდი. მე შენ მიყვარხარ და ძალიან დამაკლდები".

შაკილ ო'ნილი და კობი ბრაიანტი

შაკილ ო'ნილი და კობი ბრაიანტი

ფოტო: KEVORK DJANSEZIAN / Associated Press

მეჯიკ ჯონსონი: "ჩემი მეგობარი, ლეგენდა, ქმარი, მამა, ვაჟი, ძმა, ოსკარის გამარჯვებული და ყველა დროის უდიდესი კალათბურთელი წავიდა. რთულია ამის გაგება. კობი იყო ჩვენი თამაშის ლიდერი, მაგალითი როგორც ქალი, ისე კაცი მოთამაშეებისთვის".

ზაზა ფაჩულია: "ძალიან ადრეა. ძალიან სევდიანია. ძალიან ბევრი გატეხილი გულია. ძალიან ბევრი ცრემლია. მადლობა უამრავი მოგონებისთვის".

კობი ბრაიანტი და ზაზა ფაჩულია

კობი ბრაიანტი და ზაზა ფაჩულია

ფოტო: AP Photo / LM Otero

ლიონელ მესი: "სიტყვები არ მყოფნის... მთელი ჩემი სიყვარული კობისა და მისი ოჯახისთვის. სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა და ერთად კარგი დროის გატარება".

კობი ბრაიანტი და ლეონელ მესი

კობი ბრაიანტი და ლეონელ მესი

პოლ პოგბა: "გმირები მოდიან და მიდიან, ლეგენდები რჩებიან სამუდამოდ".

კრიშტიანუ რონალდო: "ვწუხვარ კობისა და მისი შვილის გარდაცვალების სულისშემძვრელი ამბის გამო. კობი ნამდვილი ლეგენდა და ინსპირაცია იყო ბევრისთვის. სამძიმარს ვუცხადებ მის მეგობრებსა და ოჯახს, ასევე ყველა იმ ადამიანის ოჯახს, რომლებიც ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ".

ანდრეა პირლო:"შენ იყავი მაგალითი ჩვენი თაობისთვის. მშვიდად განისვენე, ლეგენდავ".

ლუკა მოდრიჩი: "ნამდვილი ლეგენდა. რთული დასაჯერებელია. მოგვენატრები კობი".

რაფაელ ნადალი: "საშინელი ამბავია. ტრაგიკულად დაიღუპა მსოფლიოს უდიდესი სპორტსმენი. კობი ბრაიანტი, მისი შვილი ჯინა და სხვა მგზავრები. თანაგრძნობას ვუცხადებ მის ცოლსა და ოჯახს. შოკში ვარ".

Los Angeles Clippers-ის მწვრთნელმა, დოკ რივერსმა ცრემლები ვერ შეიკავა, როცა კობის გარდაცვალებაზე დაუსვეს კითხვა. მან ჟურნალისტს მხოლოდ ის უთხრა, რომ კობის შესახებ გუნდთან უნდა ესაუბრა.

ფეხბურთელმა ნეიმარმა გარდაცვლილ ლეგენდას გატანილი გოლი მიუძღვნა. გოლის შემდეგ ნეიმარმა ხელით ციფრები 2 და 4 აჩვენა (ბრაიანტი 24 ნომერი იყო), შემდეგ კი პატივისცემის ნიშნად ხელები ცისკენ აწია.

The Spurs-ისა და Raptors-ის კალათბურთელებმა თამაშისას "24-წამიანი დარღვევით" მიაგეს პატივი ბრაიანტს, რასაც დარბაზი ოვაციებით შეხვდა.

Houston Rockets-ის კალათბურთელებმა კი ასე გამოხატეს პატივისცემა მატჩის წინ.

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) კი განაცხადეს, რომ მათი ოჯახი ლეგენდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო განადგურებულია. მათი თქმით, ბრაიანტს არა ტიტულების, არამედ იმის გამო დაიმახსოვრებენ, რომ ის მთელ მსოფლიოში ადამიანებს შთააგონებდა.

"20 სეზონის განმავლობაში კობიმ გვაჩვენა, რას ნიშნავს, როცა შესანიშნავი ტალანტი შერწყმულია გამარჯვებისადმი აბსოლუტურ ერთგულებასთან. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე ჩვენი თამაშის ისტორიაში, რომელსაც ლეგენდარული მიღწევები ჰქონდა.

ის იყო ხელგაშლილი და ცოდნას, რომელიც მიიღო, უზიარებდა ახალი თაობის მოთამაშეებს".

სპორტსმენების გარდა, კალათბურთელის სიკვდილმა დიდი დარტყმა მიაყენა გულშემატკივართა მრავალმილიონიან არმიას, რომელიც მან წლების განმავლობაში შეკრიბა. ისინი სხვადასხვა სახის ფოტო-ვიდეომასალას ავრცელებენ სოციალურ ქსელებში. ნაწილი კი ქუჩაში იკრიბება და ბრაიანტს ასე მიაგებს პატივს.

კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბრაიანტი საკუთარ ვერტმფრენში მინიმუმ სამ სხვა ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. ამჟამად 5 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული. ცნობილია, რომ ბორტზე არ იყო მისი ცოლი, ვანესა ბრაიანტი.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კობი ბრაიანტი აღიარებულია კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავად. ის 20 წლის განმავლობაში ლოს-ანჯელეს ლეიკერსში თამაშობდა. მოგებული აქვს NBA-ს ხუთი ჩემპიონატი და 18 All Star თამაში. მან NBA-ში თამაში 18 წლის ასაკში დაიწყო და კარიერა 2016 წელს დაასრულა. ბრაიანტი NBA-ს ისტორიაში პირველი მცველია, რომელმაც მინიმუმ 20 სეზონი ითამაშა.

გაიგეთ მეტი: