ილონ მასკმა დღეს ტესლას პირველი ელექტრო პიკაპი, Cybertruck წარადგინა. ტესლა პიკაპის სამ სხვადასხვა მოდელს გამოუშვებს, 400, 482 და 800-კილომეტრიანი ელემენტით. მანქანის საწყისი ფასი $39 900 იქნება. მოდელი 2021 წლის მეორე ნახევარში გამოვა და მისი წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია.

ფოტო: Tesla

მასკმა პრეზენტაციაზე პიკაპის გამძლეობის დემონსტრირება მოახდინა, რომელიც სპეციალური მეთოდით მიღებული უჟანგავი ფოლადითაა დამზადებული. პრეზენტაციაზე კომპანიის მთავარმა დიზაინერმა, ფრანც ფონ ჰოლცჰაუსენმა პიკაპის კარს ურო ჩაარტყა, თუმცა ამან მანქანას ვერაფერი დააკლო. მასკმა ასევე აჩვენა, როგორ სჯობნიდა პიკაპი სიმძლავრით Ford F150-ს, ხოლო სისწრაფი კი Porsche 911-ს.

თუმცა, პიკაპის "შეჯავშნული" ფანჯრების გამოცდამ გეგმის მიხედვით არ ჩაიარა. ჰოლცჰაუსენმა პიკაპის ფანჯრებს გამოსაცდელად სპეციალური მეტალის ბურთი ესროლა, შედეგად კი ორივე ფანჯარა გაიბზარა.

ფოტო: Tesla

ჯამში Cybertruck-ის სამი მოდელი იქნება ხელმისაწვდომი:

  • ერთი ძრავის მქონე, უკანა ამძრაობის პიკაპი, 400 კილომეტრიანი ელემენტით და 3,4 ტონის ბუქსირების შესაძლებლობით. 100 კილომეტრ საათს ის სულ რაღაც 6,5 წამში მიღწევს.
  • ორი ძრავის მქონე, სრულამძრავიანი პიკაპი, 482 კილომეტრიანი ელემენტით და 4,5 ტოის ბუქსირების შესაძლებლობით. 100 კილომეტრ საათს ის სულ რაღაც 4,5 წამში მიაღწევს.
  • სამი ძრავის მქონე, სრულამძრავიანი პიკაპი, 800-კილომეტრიანი ელემენტით და 6,3 ტონის ბუქსირების შესაძლებლობით. 100 კილომეტრ საათს ის სულ რაღაც 2,9 წამში აღწევს.

ტესლას თქმით, პიკაპში ჯამში ექვსი ზრდასრული ადამიანის ადგილი იქნება. საჭის გვერდით კი 17-ინჩიანი სენსორული ეკრანია.

ფოტო: Tesla

პიკაპის გამოშვებამ Tesla-ს, შესაძლოა, წარმატება მოუტანოს. პიკაპის გაყიდვები აშშ-ში სტაბილურად იზრდება, ხოლო მომხმარებლები ასეთი ტიპის მანქანებზე, როგორც წესი, უფრო მეტ თანხას ხარჯავენ.

ფოტო: Tesla

ფოტო: Tesla

აღსანიშნავია, რომ ტესლა პირველი კომპანია არაა, რომელიც ელექტრო პიკაპს გამოუშვებს. მაგალითად, ფორდი სრულად ელექტრულ F-150-ზე უკვე მუშაობს. ამავე გზას ადგანან General Motors და სტარტაპი Rivian-იც, რომელსაც მხარს Ford და Amazon უჭერს.