წყნარ ოკეანეში აღმოაჩინეს ორგანიზმები, რომლებიც დარიშხანს სუნთქავენ
დედამიწაზე სიცოცხლე განსაკუთრებით მრავალფეროვანია. ახლა მეცნიერებმა იპოვეს მიკროორგანიზმები, რომლებიც ჟანგბადის ნაცვლად დარიშხანს სუნთქავენ. შეგახსენებთ, რომ ადამიანთათვის დარიშხანი ცნობილი საწამლავია.
მეცნიერები თვლიან, რომ ეს გადარჩენის უძველესი, კერძოდ იმ დროინდელი სტრატეგიაა, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადის ნაკლებობა იყო. თუმცა გასაკვირია, რომ ასეთი ორგანიზმების პოვნა დღესაც შეიძლება.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, ეს შეიძლება მიანიშნებდეს, თუ როგორ შეეგუება ოკეანეში არსებული ეკოსისტემები დედამიწაზე კლიმატის რადიკალურ ცვლილებებს, — ატმოსფეროში ჟანგბადის რაოდენობის მკვეთრად შემცირებას.
"ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ ოკეანეებში დარიშხანი ძალიან მცირე ოდენობითაა, თუმცა ის ფაქტი, რომ მას ორგანიზმების ნაწილი სიცოცხლისათვის იყენებს, ძალიან მოულოდნელია", — აცხადებს ოკეანოგრაფი გაბრიელა როკაპი.
მიკროორგანიზმები წყნარ ოკეანეში, მექსიკის სანაპიროსთან ახლოს, პრაქტიკულად უჟანგბადო წყლებში აღმოაჩინეს.
დნმ-ის ანალიზით მეცნიერებმა დაადგინეს ორი მეტაბოლური გზა, რომლითაც მიკროორგანიზმები დარიშხანზე დაფუძნებული მოლეკულებიდან ენერგიის მიღებას ახერხებენ.
წინამორბედ კვლევებში აღმოჩენილია ორგანიზმები, რომლებიც ჟანგბადის არარსებობის შემთხვევაში გადასარჩენად აზოტს ან გოგირდს იყენებენ, თუმცა დარიშხანზე დამოკიდებული ორგანიზმები ამ დრომდე აღმოჩენილი არ იყო.
ეს აღმოჩენა მეცნიერებს სხვა პლანეტებზე სიცოცხლის ძებნაშიც დაეხმარება, მაგალითად, სიცოცხლის უცხო ფორმებს, შესაძლოა, არსებობისთვის ჟანგბადი სულაც არ სჭირდებოდეთ.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები