მილიონობით წლის წინ დედამიწაზე გიგანტური დინოზავრები დააბიჯებდნენ, მათ ფეხებთან კი პატარა მცოცავი არსებები დაფუსფუსებდნენ. ახლა კი მეცნიერებმა ამ უკანასკნელთა რიგის იდეალურად შემონახული წარმომადგენელი აღმოაჩინეს — დროში გაყინული პატარა მრავალფეხა.

8,2-მილიმეტრიანი მრავალფეხა მიანმარში აღმოაჩინეს, ის იმდენად უნიკალურია, რომ მეცნიერებმა მას მრავალფეხიანების ოჯახის ხეზე ახალი ქვერიგიც გამოუყვეს. ის 99 მილიონი წლის წინ, ცარცულ პერიოდში ცხოვრობდა, როდესაც ზღვებში მოზაზავრები დაცურავდნენ, მიწაზე კი ტირანოზავრები ნადირობდნენ.

აღმოჩენილი მრავალფეხა Callipodida-ს რიგის პირველი განამარხებული ნიმუშია. მისი აღმოჩენა მიუთითებს, რომ ფეხსახსრიანების ეს ჯგუფი ჯერ კიდევ 100 მილიონი წლის წინ არსებობდა.

სახეობას Burmanopetalum inexpectatum შეარქვეს, კვლევა ჟურნალ ZooKeys-ში გამოქვეყნდა.

"ჩვენთვის ძალიან გასაკვირი იყო, როდესაც მივხვდით, რომ ნიმუშისათვის მრავალფეხიანების დღევანდელ კლასიფიკაციაში ადგილი არ მოიძებნა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ზოგადი შესახედაობა ბოლო 100 მილიონი წლის განმავლობაში რადიკალურად არ შეცვლილა, Callipodida-ს რიგში გარკვეულმა მორფოლოგიურმა თავისებურებებმა დიდი ცვლილებები განიცადა", — აცხადებს კვლევის ავტორი პაველ სტოევი.

მრავალფეხაზე დასაკვირვებლად მეცნიერებმა სამგანზომილებიანი რენტგენული მიკროსკოპია გამოიყენეს, რამაც მათ საშუალება მისცა, რომ მრავალფეხას ფიზიკური სტრუქტურა დეტალურად შეესწავლათ.

"ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ასე კარგად შემონახულ ნიმუშს წავაწყდით", — აცხადებს სტოევი.