ავსტრალიურმა ხვლიკმა კვერცხის დადების შემდეგ იმშობიარა
სცინკები შესაძლო იმაზე უფრო უცნაურები იყვნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა. მეცნიერებმა პირველად დააფიქსირეს შემთხვევა, როდესაც ერთი ორსულობის პერიოდში ხვლიკმა კვერცხიც დადო და იმშობიარა კიდეც.
სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერები დააკვირდნენ, თუ როგორ დადო სამი კვერცხი სკინცმა, ხოლო სულ რამდენიმე კვირის შემდეგ კი მან პატარა ხვლიკიც გააჩინა.
"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ხერხემლიან ცხოველში მშობიარობა და კვერცხების დება ერთი ორსულობის პერიოდში დაფიქსირდა", - აცხადებს კვლევის ავტორი კამილა ვიტინგტონი.
მკვლევარებმა ამ დრომდეც იცოდნენ, რომ ხვლიკების ამ სახეობას გარკვეული უცნაურობა, კერძოდ, ბიმოდალური რეპროდუქცია ახასიათებდა. სკინცები გარკვეულ გეოგრაფიულ რეგიონებში კვერცხებს დებენ, ზოგან კი მშობიარობენ.
"ჩვენ არ ვიცოდით, ინდივიდებს შეეძლოთ თუ არა იმის გადაწყვეტა, კვერცხს დადებდნენ თუ იმშობიარებდნენ. როგორც ჩანს, საქმე სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს. ეს გასაოცარია, ეს ფაქტი ამ ხვლიკს კიდევ უფრო უცნაურს ხდის", - აცხადებს ის.
კენგურუს კუნძულზე მცხოვრები სკინცები გამრავლებისას მშობიარობენ, კოტინენტზე არსებული სკინცები კი კვერცხებს დებენ. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე სახეობაა ცნობილი, რომელსაც მსგავსი უნარი აქვს.
სიდნეის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა ჟურნალ Biology Letters-ში რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.
ვიტინგტონი იმედოვნებს, რომ ის ერთგვარი რუკის შექმნას შეძლებს, სადაც აღნიშნული იქნება, თუ რომელ რეგიონში რა სტრატეგიით მრავლდებიან ეს ცხოველები.
სკინცები პაწაწინა ფეხების მქონე გველებს ჰგვანან და ისინი ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ფართოდ არიან გავრცელებულნი.
"რაც უფრო უკეთ დავაკვირდებით სკინცებს უკეთ მივხვდებით, ამ კვლევაში ერთეულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, თუ ფართოდ გავრცელებულ ქცევასთან", - აცხადებს ის.
კომენტარები