კვლევა: მარიხუანა შესაძლოა ორგაზმის ხარისხს აუმჯობესებდეს
არსებობს თეორია, რომ მარიხუანას შესაძლოა სექსსა და ორგაზმზე დადებითი გავლენას ჰქონდეს, განსაკუთრებით ქალებისათვის.
Journal of Sexual Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით, ქალებს, რომლებიც სქესობრივ აქტამდე მარიხუანას იყენებდნენ, გამოკითხვისას დამაკმაყოფილებელი ორგაზმების აღნიშვნის შანსი 2,1-ჯერ უფრო მეტი ჰქონდათ.
კვლევა სეინტ ლუისის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის გინეკოლოგებმა და მეცნიერებმა ჩაატარეს, რომელში მონაწილეობაც 373 ქალმა მიიღო. აქედან 176 მარიხუანას რეგულარული მომხმარებელი იყო.
ექსპერიმენტის მონაწილეებმა სექსისა და მარიხუანის შესახებ სპეციალური კითხვარები შეავსეს. შემდეგ კი მეცნიერებმა შეადარეს, თუ რა გამოცდილებას იღებდნენ ადამიანები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ და ფხიზელ მდგომარეობაში სექსისას.
"ცდისპირების 68,5 პროცენტი, რომელიც სქესობრივ აქტამდე მარიხუანას მოიხმარდა, აცხადებდა, რომ მათთვის სექსი მარიხუანას მოხმარების შემდეგ უფრო სასიამოვნო იყო, 60,6 პროცენტი სექსუალური ლტოლვის მომატებასაც აღნიშნავდა, 52,8 პროცენტი კი უფრო დამაკმაყოფილებელ ორგაზმებზე მიუთითებდა", - აცხადებენ კვლევის ავტორები.
უნდა გვახსოვდეს, რომ იმ კვლევებთან მიმართებაში, რომლებშიც ცდისპირები ინფორმაციის წყარონი თავად არიან, სიფრთხილეა საჭირო. ასეთი გამოკითხვების დროს რესპოდენტები შესაძლოა გულწრფელები არ იყვნენ, ან მათი პასუხები შესაძლოა მათივე სურვილებით იყოს განპირობებული. ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ადამიანებს, რომლებიც მარიხუანას იყენებენ, სექსის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, რაც ბუნებრივია შედეგებზეც აისახება.
კვლავ უცნობია, თუ რა მექანიზმებით აუმჯობესებს ქალებისათვის სექსს მარიხუანა, ავტორები მიუთითებენ თაგვებზე ჩატარებულ კვლევებზე, რომლებშიც დაფიქსირებულია მარიხუანაში არსებული ნივთიერებების კავშირი იმ ჰორმონებსა და ნეიროტრანსმიტერებთან, რომლებიც სქესობრივი ქცევის რეგულირებაში იღებს მონაწილეობას.
"შედეგები მიუთითებს, რომ მარიხუანა ორგაზმების ხარისხს აუმჯობესებს. საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა გაირკვეს, თუ რა როლს თამაშობს ქალების სქესობრივ ცხოვრებაში ენდოკანაბინოიდის სისტემა. ეს ქალებში სექსუალური დისფუნქციის მოშლის მკურნალობაშიც დაგვეხმარება", - ნათქვამია კვლევაში.
კომენტარები