აშშ-ს მთავრობა: სიბერის საწინააღმდეგოდ ახალგაზრდული სისხლის გამოყენება უსარგებლოა
აშშ-ს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის ასაკოვან ადამიანებს მოუწოდებს, არ მიმართონ ბოლო დროს გავრცელებულ პრაქტიკას, რომლის დროსაც მოხუცებულ ადამიანებს გასაახალგაზრდავებლად ახალგაზრდების სისხლს უსხამენ.
აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა ადამიანების სისხლის მოხუცებულებში გადასხმის პროცედურა მისაღებ, უსაფრთხო და ეფექტურ პრაქტიკად აღქმული არ უნდა იყოს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პაციენტების ნაწილი პროცედურაში, რომლის ეფექტურობა და უსაფრთხოობა დადასტურებული არ არის, ათასობით დოლარს იხდის.
ბოლო ორი წლის განმავლობაში გაჩნდა ცნობები, რომ გარკვეული ბიზნეს სტარტაპები პაციენტებს ათასობით დოლარის სანაცვლოდ ახალგაზრდების სისხლის გადასხმას სთავაზობენ, ისინი აცხადებენ, რომ სისხლის გადასხმა მეხსიერებასა და ფიზიკურ სიძლიერეს აუმჯობესებს, ზოგი მათგანი კი იმასაც ამბობს, რომ ამ მეთოდით ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებებთან ბრძოლა შეიძლება.
ამ ბიზნესში ჩართულმა ყველაზე ცნობილმა კომპანიამ, Ambrosia-მ, FDA-ს მიერ განცხადების გამოქეყნების შემდეგ საქმიანობა სწრაფადვე შეწყვიტა.
"FDA-მ ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ აშშ-ს სხვადასხვა შტატში ფუნქციონირებს დაწესებულებები, რომლებიც ადამიანებს სამკურნალოდ ახალგაზრდა ადამიანების სისხლის გადასხმას სთავაზობენ. მსგავსი მკურნალობის მეთოდების ეფექტურობა კლინიკურად დადასტურებული არ არის და ისინი პოტენციურად შესაძლოა საფრთხის შემცველიც იყოს. გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული პირები ადამიანებს ამ საეჭვო პროცედურისათვის ათასობით დოლარს ახდევინებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია Ambrosia ადამიანებს თინეიჯერების სისხლის გადასხმას 8 000 დოლარად სთავაზობდა. თანხის სანაცვლოდ სისხლის მიღება 35 წლის ასაკის ზემოთ მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო.
Ambrosia-ს დამფუძნებელი, ჯესი კარმაზინი აცხადებდა, რომ პაციენტები სისხლის გადასხმის შემდეგ თავს უფრო ძლიერად გრძნობდნენ და მათ მეხსიერებაც უუმჯობესდებოდათ. თუმცა, ექსპერტების თქმით, ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება.
დეკემბერში Ambrosia ნიუ-იორკში პირველი კლინიკის გახსნას გეგმავდა, თუმცა ამ დროს Ambrosia კომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა საოპერაციო დირექტორმა დატოვა.
"FDA-ს მიერ 2019 წლის 19 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, ჩვენ პაციენტების მკურნალობა შევწყვიტეთ", - ნათქვამია Ambrosia-ს ვებგვერდზე. კარმაზინმა კი აღნიშნულ საკითხზე კომენტარი აღარ გააკეთა.
კომენტარები