პოპულარული თოჯინების მწარმოებელი კომპანია Mattel წელს ასტროფიზიკოს და ასტრონავტ ბარბებს გამოუშვებს. ამ ნაბიჯით კომპანია ბავშვებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებას ეცდება.

ბარბი პირველად 1959 წელს შეიქმნა, Mattel-ის წარმომადგენლის თქმით, ბავშვების დიდი მიზნებისაკენ წახალისება კომპანიის ერთ-ერთი მიზანი ყოველთვის იყო.

2019 წელს ბარბი 60 წლის ხდება, ამ თარიღის აღსანიშნავად კი ბარბის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟების ახლიდან გამოშვება გადაწყდა, მათ შორის მოხვდა ასტრონავტი ბარბიც. ბარბის კოსმოსში დიდი ისტორია აქვს, Mattel-მა ასტრონავტი თოჯინა პირველად 1965 წელს გამოუშვა. თოჯინის დიზაინი 1985, 1994, 1998 და 2016 წლებში განახლდა.

60 წლის აღსანიშნავად გამოშვებულ თოჯინებში ასტრონავტის გარდა პილოტს, ათლეტს, ჟურნალისტს, პოლიტიკოსსა და მეხანძრეს შეხვდებით, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

ფოტო: Mattel

წელს კომპანია Mattel-მა National Geographic-თან კოლაბორაცია გადაწყვიტა, რის შედეგადაც არამხოლოდ ასტროფიზიკოსი, არამედ ბუნების დამცველი, ენტომოლოგი, ბუნების დამცველი და ველური ბუნების ფოტოგრაფი ბარბების გამოშვებაც გადაწყდა.

National Geographic-ის მრჩეველებმა კი ბარბებისთვის შესაბამისი აქსესუარები შეარჩიეს. ასტროფიზიკოს ბარბს ტელესკოპი, ვარსკვლავების რუკა და ნისლეულის გამოსახულებიანი მაისური მოჰყვება.

"კომპანია Mattel-თან პარტნიორობით ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ბავშვებთან კომუნიკაცია ახლებური გზით დაგვემყარებინა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ასტრონავტ ბარბს თეთრსა და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი კოსტიუმი და ჩაფხუტი აცვია, ისევე როგორც სპეციალური ხელთათმანები და ფეხსაცმელები. მისი შეძენა კი უკვე შესაძლებელია.

ამავე თემაზე: