2038 წლისთვის გერმანიაში ქვანახშირის ყველა ელექტროსადგური დაიხურება
გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც 2038 წლისთვის ქვეყანა ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ქვანახშირს აღარ გამოიყენებს. აღნიშნული გადაწყვეტილება პარიზის კლიმატური შეთანხმების მოთხოვნების შესრულებისაკენ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.
გერმანია ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ენერგიის გამოსამუშავებლად გარემოსთვის ერთ-ერთი ყველაზე საზიანო საწვავს, ქვანახშირს, დიდი რაოდენობით იყენებს. გერმანიაში ენერგიის 40% სწორედ ამ გზით გამომუშავდება. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში გამომუშავებულ ენერგიაში ქვანახშირის წილი მხოლოდ 5%-ია. საფრანგეთი ქვანახშირის გამოყენების შეწყვეტას 2022 წლისთვის, დიდი ბრიტანეთი კი 2025-სთვის გეგმავს.
2022 წლისთვის გერმანიაში ფუნქციონირებას ატომური ელექტროსადგურებიც შეწყვეტენ, რის შემდეგაც მთელი ყურადღება განახლებადი ენერგიის წყაროებს დაეთმობა.
2038 წლისთვის ქვანახშირზე უარის თქმა გერმანიას დაახლოებით 45 მილიარდი დოლარი დაუჯდება.
საჭიროების შემთხვევაში გერმანია ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ბუნებრივ აირსაც გამოიყენებს, რომელიც გარემოს, ქვანახშირთან შედარებით, ორჯერ უფრო ნაკლებად აბინძურებს.
"წიაღისეულ საწვავზე უარის თქვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი ინოვაციებისა და შესაძლებლობებისკენ გაგვიხსნის გზას", - განაცხადა ანგელა მერკელის მრჩეველმა ჰანს იოახიმ შელნჰაუბერმა.
მომდევნო ათ წელიწადში ელექტროსადგურების დახურვის გამო გერმანიის მთავრობას დაახლოებით 5 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა მოუწევს.
"გერმანია ინჟინერიასა და მრეწველობაზე დაფუძებული ქვეყანაა, მისი ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მეოთხეა. ამჟამად ყველა ქვეყანა გერმანიას უყურებს, რომელმაც დანარჩენ მსოფლიოს მაგალითი უნდა მისცეს", - აცხადებს პოტსდამის კლიმატური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი იოჰან როკსტრომი.
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელის, ZDF-ს მიერ აღნიშნულ საკითხზე ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 1 285-მა ადამიანმა მიიღო, რომელთაგანაც 73 პროცენტს მიაჩნდა, რომ ქვანახშირზე უარის თქმა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
კომენტარები