მარსმავალმა Opportunity-მ, სავარაუდოდ, სამუდამოდ დაიძინა
NASA-ს რობოტ Opportunity-ს ამ კვირაში მარსზე მე-15 წელი შეუსრულდა, თუმცა ის დიდი ალბათობით, უკვე მკვდარია.
"პატარა იმედი კიდევ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ, ეს დასასრულია", - აცხადებს მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სტივენ სქუაიერსი.
რობოტი მარსზე 2004 წელს დაეშვა და მას წვლილი მრავალ აღმოჩენაში მიუძღვის. მისი დახმარებით დადგინდა, რომ მარსის ზედაპირზე ერთ დროს თხევადი წყალი არსებობდა. Opportunity-სთან კომუნიკაცია ივნისში შეწყდა, ამის მიზეზი მარსზე წარმოშობილი გლობალური ქვიშის ქარიშხალი იყო, რომელმაც რობოტის მზის ელემენტებს საკმარისი ენერგიის გამომუშავების საშუალება არ მისცა, რის გამოც Opportunity-ზე არსებული გამათბობლები გაითიშა, დაბალმა ტემპერატურებმა კი, სავარაუდოდ, მარსმავალის ელექტრონული სისტემები დააზიანა.
NASA რობოტთან დაკავშირებას ზაფხულის შემდეგ ცდილობს. ინჟინრებს იმედი ჰქონდათ, რომ ქარიშხლის დასრულების შემდეგ Opportunity-ს ელემენტები დაიტენებოდა და რობოტი კვლავ გაცოცხლდებოდა, თუმცა სიგნალის კვალი არსად ჩანს.
დედამიწაზე არსებული ანტენები Opportunity-ს სიგნალს ყოველდღურად უგზავნიან, შემდეგ კი მისგან პასუხს ელიან, თუმცა უშედეგოდ.
პარასკევს NASA-მ განაცხადა, რომ მათ Opportunity-სთვის ახალი ბრძანებების გაგზავნა დაიწყეს. თუ რობოტმა გაიღვიძა, მაგრამ რაიმე მიზეზით ის ჩვენთან დაკავშირებას ვერ ახერხებს, ახალმა ბრძანებებმა მას დედამიწაზე სიგნალის გამოგზავნა უნდა აიძულოს.
Opportunity და მისი ტყუპი რობოტი Spirit მარსზე ერთმანეთის საპირისპირო მხარეს 2004 წელს დაეშვნენ. თავდაპირველად მათი მისია მხოლოდ სამ თვეზე იყო გათვლილი, თუმცა Spirit-მა მარსზე აქტიური ექვსი წელი გაატარა, Opportunity-მ კი 15.
კომენტარები