კვლევა: თუ დაძინება გიჭირთ, ცხვრების დათვლის ნაცვლად, იქანავეთ
ადამიანები ბავშვებს ათასობით წლის განმავლობაში აქანავებდნენ, პატარების დაძინების ეს ეფექტური მეთოდი კი დღესაც ისეთივე პოპულარულია, როგორც ადრე. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ჰამაკში გორაობა ბავშვების გარდა, ზრდასრული ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობაც არის.
ამის გათვალისწინებით უცნაურია, რომ ჩვენ მხოლოდ ახლა აღმოვაჩინეთ ის ფაქტი, რომ დაძინების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი, შესაძლოა, არა ცხვრების დათვლა, არამედ ქანაობა იყოს.
ჟენევის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჟურნალ Current Biology-ში გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც ახსნილია, რომ ქანაობა არამარტო ხარისხიან ძილს უწყობს ხელს, არამედ ის ჩვენს მეხსიერებაზეც კარგ გავლენას ახდენს.
შვეიცარიაში ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილეობა 18-მა ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო, კვლევის შედეგად კი გაირკვა, რომ ძილის დროს ქანაობა ადამიანაზე დადებითად მრავალი სხვადასხვა კუთხით მოქმედებს.
ქანაობისას კლევის მონაწილეებს უფრო მალე ეძინებოდათ, მათი ძილი უფრო მშვიდიც იყო, ძილის ფაზებში კი ე.წ. ღრმა ძილი ჭარბობდა. ამ დროს ტვინში ნელი ტალღები წარმოიქმნება, რომელიც მახსოვრობაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
"კვლევის მონაწილეებზე დაკვირვებისას აღმოვაჩინეთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვაქანავებდით, უფრო სწრაფად ეძინებოდათ, ღამე კი უფრო იშვიათად ეღვიძებოდათ", - აცხადებს კვლევის ავტორი ლორენც ბეიერი.
წინამორბედ კვლევაში მეცნიერები დააკვირდნენ, თუ რამდენად ეხმარებოდა ქანაობა ადამიანებს ჩაძინებაში დღე, 45-წუთიანი ძილის დროს. ახლა კი მათ სურდათ დაედგინათ, თუ რა გავლენა ექნებოდა ქანაობას ღამის ძილზე. მეცნიერები კვლევის მონაწილეებს სამი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ. პირველ ღამეს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, რომ ახალ გაერმოს შეგუებოდნენ, შემდეგი ორი ღამის განმავლობაში კი მათ შეადარეს, ახდენდა თუ არა ქანაობა რაიმე გავლენას ძილის ხარისხზე.
უკლებლივ ყველა მონაწილემ აღნიშნა, რომ ქანაობისას მათ უკეთესად ეძინათ. მონაწილეებზე მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოეხდინა უფრო ხანგრძლივ ღრმა ძილის ფაზებსაც.
"იმის გადასამოწმებლად, ჰქონდა თუ არა ქანაობას გავლენა მახსოვრობაზე, კვლევის მონაწილეებმა მახსოვრობის ტესტები შეავსეს - მათ ღამე სიტყვათა წყვილები უნდა დაემახსოვრებინათ, დილით კი აღნიშნული სიტყვები გაეხსენებინათ. ქანაობა მახსოვრობაზე დადებით გავლენას ნამდვილად ახდენდა - ტესტის შედეგები ქანაობაში გატარებული ძილის შემდეგ ბევრად უკეთესი იყო", - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი უღა პეღო.
მსგავსი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა კიდევ ერთ კვლევაში, რომლის ფარგლებშიც ისინი თაგვებს ძილის დროს აქანავებდნენ. ცნობილია, რომ ყურის შიგნით არსებული ვესტიბულარული აპარატი ორგანიზმს ბალანსისა და ორიენტაციის შენარჩუნებაში ეხმარება. ხოლო იმ თაგვებს, რომელთა ვესტიბულარული აპარატიც გამართულად ფუნქცინირებდა, ქანაობის შემთხვევაში უფრო დიდი ხნის განმავლობაში ეძინათ, ხოლო იმ თაგვებში, რომელთა ვესტიბულარულ აპარატსაც აჩქარების, ანუ ქანაობის აღქმა არ შეეძლო, აღნიშნული დადებითი ეფექტი არ დაფიქსირებულა. ეს მეცნიერების თქმით კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, რომ ქანაობა მშვიდ და ხარისხიან ძილს ხელს უწყობს.
კომენტარები