ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის კამერა მწყობრიდან გამოვიდა
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ერთ-ერთ ყველაზე მთავარი, ფართო კუთხის კამერა მწყობრიდან გამოვიდა. ამჟამად ჰაბლი მუშაობას მის გარეშე აგრძელებს.
NASA-ს თქმით, კამერამ მუშაობა სამშაბათს შეწყვიტა, თუმცა ჰაბლის დანარჩენი სამი კამერა კვლავ წარმატებით მუშაობს, რისი წყალობითაც ტელესკოპს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.
აღნიშნული პრობლემა ჰაბლის მიერ სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა კვაზარის აღმოჩენას დაემთხვა, რომლის გამოსხივებაც 600 ტრილიონი მზის გამოსხივებას უდრის.
ახლადაღმოჩენილი კვაზარი იმდენად ძველია, რომ სინათლე, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ მაშინ არის გამოსხივებული, როდესაც სამყარო სულ რაღაც ერთი მილიარდი წლის იყოს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კვაზარზე დაკვირვებით ისინი უკეთ გაიგებენ, თუ როგორ ყალიბდებოდა გალაქტიკები ახალგაზრდა სამყაროში.
სამშაბათს ხარვეზი ტელესკოპის ფართო კუთხის კამერას (WFC3) შეექმნა, რომელიც ასტრონავტებმა ტელესკოპზე 2009 წელს დაამონტაჟეს. NASA-ს თქმით, კამერას სათადარიგო ელექტრონული სისტემაც გააჩნია, რომლის გააქტიურებაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება.
WFC3-ს გალაქტიკების, ვარსკვლავებისა და ნისლეულების უამრავი შთამბეჭდავი ფოტო აქვს გადაღებული. მისი საშუალებით მოხდა პლუტონის გარშემო არსებული პატარა მთვარეებისა და ნეპტუნის მე-14 თანამგზავრის აღმოჩენა. კამერა ხილულ, ულტრაიისფერ და ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში მუშაობს.
ჰაბლის ორბიტა დედამიწიდან 560 კილომეტრის სიმაღლეზეა. ტელესკოპი 1990 წელს გაუშვეს, კოსმოსური შატლის დახმარებით კი შეკეთების და განახლების მიზნით ასტრონავტები მას ხუთჯერ ეწვივნენ.
ცოტა ხნის წინ ჰაბლი გიროსკოპის გაუმართაობის გამო მწყობრიდან სრულად გამოვიდა, თუმცა ინჟინრებმა პრობლემის აღმოფხვრა მალევე შეძლეს.
ბალტიმორის კოსმოსური ტელესკოპების ინსტიტუტის წარმომადგენელი შერილ განდი აცხადებს, რომ ეს ჰაბლზე კამერის გაუმართაობის პირველი შემთხვევაა.
"NASA ამჟამად ინჟინრების გუნდს კრებს, რათა გაუმართაობის მიზეზი დადგინდეს. ჩვენ ჰაბლი გამართულ მდგომარეობაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაბრუნოთ და ნასა ამისთვის ყველაფერს აკეთებს", - აცხადებს განდი.
კომენტარები