პატრიარქის 2019 წლის საშობაო ეპისტოლე — სრულად
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის საშემოდგომო ეპისტოლე სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე წუთის წინ წაიკითხეს. On.ge უცვლელად გთავაზობთ ეპისტოლის ტექსტს:
"ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:
საუკუნეებიდან საუკუნეებს გადაეცემოდა მოლოდინი იმისა, რომ "მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელს", რაც ნიშნავს "ჩვენთან არს ღმერთი" (ესაია 7,14) და რომ იქნება "სახელი მისი დიდისა განზრახვისა ანგელოზი, ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნეთა" (ესაია 9, 5-6).
2019 წლის წინ აღსრულდა ქვეყნიერების მხსნელის შესახებ წმინდა ესაიას ეს წინასწარმეტყველება.
ჭეშმარიტად ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სულიერად თანაზიარნი გავხდეთ ენით გამოუთქმელი ამ სასწაულისა, თუმცა ღვთის დიდებას სრულად ვერასდროს შეიცნობს ადამიანური გონება და ვერც იესო ქრისტეს ღვაწლს გააცნობიერებს სრულად ოდესმე. ვიცით, რომ იგი "გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხა სულისაგან წმინდისა", რომ იცხოვრა კაცთა შორის, აღასრულა მრავალი სასწაული, მოგვცა ახალი მცნება და ჯვარს ეცვა, რათა ჩვენთვის ცხონება მოენიჭებინა... ერთი შეხედვით, მარტივად ითქმის ეს, მაგრამ თუ დავუკვირდებით მომხდარს, გამაოგნებელი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით: უფალი, შემოქმედი, მეორე ჰიპოსტასი წმინდა სამებისა, რომელიც, მამის და სულიწმინდის მსგავსად, მხოლოდ საღვთო ბუნებისა იყო, ჩვენს გადასარჩენად იღებს ადამიანურ ბუნებასაც.
ყოვლისშემქმნელმა, ყოვლისშემძლემ, მარადიულმა, დაუსაბამომ, ცხოველსმყოფელმა... კაცობრივი სხეული და თვისებები (გარდა ცოდვისა) მიიღო, რათა გამხდარიყო თანაარსი ყველა ჩვენგანისა და ჩვენთვის მოენიჭებინა ცოდვათაგან განთავისუფლება და განღმრთობა. ამიტომაც იგი, განკაცების შემდგომ თავის თავში უკვე მარადიულად ატარებს ორ სრულიად განსხვავებულ, შეურევნელ ბუნებას: შეუქმნელობასა და შექმნილობას, დაუსაბამობასა და დასაბამიერობას, გარეშეუწერელობასა და გარეშეწერილობას; მკვდრეთით აღდგომამდე კი უკვდავებასთან ერთად ჰქონდა მოკვდავობაც, უვნებობასთან ერთად — ვნებულობაც, უხრწნადობასათან ერთად - ხრწნადობაც.
მან, ჭეშმარიტმა სიცოცხლემ, მოკვდავობა იწილხვედრა, რათა თვისი უკვდავებით სიკვდილი მოეკვდინებინა; ბუნებით უხრწნელმა ხრწნადი სხეული შეიმოსა, რათა ჩვენი ხრწნილება განექარვებინა, ჩვენი უგუნურება საღვთო ცოდნით განებრწყინვებინა და ცოდვისადმი მონობა ცოდვაზე მეფობით შეეცვალა. ამის ძალმოსილება მხოლოდ მას ჰქონდა!
მხოლოდ მას შეეძლო თავის საღვთო ჰიპოსტასში დაეტია ერთობა ადამიანური თვისებებისაც და უდიდესი მსხვერპლის ფასად შეემუსრა ათასწლეულების მანძილზე გამრავლებული და გამოვლენილი მთელი კაცობრიობის ცოდვის სისავსე. ეს სასწაული ორ ეტაპად ხორციელდება: წმინდა იოანე დამასკელის სწავლებით, პირველ ეტაპზე განკაცებული ღმერთის კაცობრივ ბუნებაში მოხდა ამ ბუნებისთვის დამახასიათებელი უმეცრების, უძლურების, არაცხოველსმყოფელობისა და მონურობის საღვთო ღირსეულობებით (საღვთო ცოდნით, შემძლეობით, ცხოველსმყოფელობით, მეუფებით) გამდიდრება, არსობრივი თვისებების შეუცვლელად, და ჩვენ, ქრისტესთან თანაზიარებით, მიწიერ ყოფაში მოგვეცა შესაძლებლობა ამ მადლით განმსჭვალვისა.
სულიერი ცხოვრებით, მაგალითად, მოიპოვება სიბრძნით მეტყველება, წინასწარმეტყველების ნიჭი, კურნების ძალა, სხვა სასწაულთქმედებათა უნარი... რომელიც პიროვნებაში არსებით ცვლილებებს არ იწვევს. ამიტომაც ღვთის ამ საბოძვარს ადვილად დაკარგავს ყველა, ვინც კვლავ ცოდვაში ჩაეფლობა. მეორე ეტაპზე, ანუ მაცხოვრის ჯვარცმის, დაფვლისა და აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტემ თავისი განმღრთობილი კაცობრივი ბუნება თვისობრივად გარდაქმნა, ადამისეულ თავდაპირველ უცოდველ მდგომარეობას დაუბრუნა და, უფრო მეტიც, - თითოეულ ჩვენგანს ღვთის საუფლოს მარადიულად დამკვიდრების შესაძლებლობა მიანიჭა. ასე რომ, ცათა შინა დაუსრულებელი სიხარული და ნეტარება ელოდება ყველას, ვინც კი ქრისტეს გზით სვლას მოინდომებს და შესაბამის ღვაწლს აღასრულებს.
ქმნილებისადმი შემოქმედის ენითუთქმელი სიყვარულის ამ საოცარმა გამოვლინებამ მთელი ხილული და უხილავი სამყარო შეძრა: "ანგელოზნი ღაღადებენ, მთავარანგელოზნი გალობენ, აქებენ ქერუბიმნი და ადიდებენ სერაფიმნი, — ყოველი დაბადებული დღესასწაულობს დღეს, რამეთუ ღმერთსა ხედვენ ქვეყანასა ზედა და კაცსა, - ცათა შინა; ქვესკნელსა, — ზესკნელად განგებულებით და ზესკნელსა, — ქვესკნელად კაცთმოყვარეობით" (ათანასე ალექსანდრიელი). — პირველი ვინ მიეახლება ბეთლემელ ყრმას? პირველი ვინ იგრძნობს და ვინ შეეგებება მომხდარ სასწაულს?— ძველი აღთქმის მართალი იოსები, უბრალო მწყემსნი და წარმართული სამყაროს ბრძენნი, — შორეული სპარსეთიდან (ასურეთიდან) უჩვეულო ვარსკვლავის მსვლელობას გამოყოლილი მოგვნი, რომელთაც საოცარი სიმბოლური შესაწირი, — ოქრო, გუნდრუკი და მური, — მიართვეს მას. ოქრო — ვითარცა მეფეს, გუნდრუკი — ვითარცა ღმერთს, და მური — ვითარცა ღმერთკაცს, რომელიც კაცობრივი ბუნებით უნდა მომკვდარიყო და შეემურვათ.
წმინდა იოანე ოქროპირი ამ სამ ძღვენში ხედავს ადამიანისთვის უმთავრეს სიკეთეთაც: ჭეშმარიტ რწმენას, სასოებასა და სიყვარულს, რომელთა აუცილებელი ერთობაც განაპირობებს ნებისმიერი პიროვნების უფლისკენ სწორად სვლას. ინებოს ღმერთმა, ჩვენც, მოგვთა მსგავსად, ნელ-ნელა ავმაღლდეთ გულისხმისყოფისა და სრულყოფის კიბეზე, შევიმოსოთ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით, რომ ვპოვოთ ბეთლემის ბაგასა შინა მწოლი იესო და განვეშოროთ უკეთურ ბრძანებებსა და მზაკვრობას ჰეროდე მეფისას, რომელმაც 14 000 ყრმა მოაკვლევინა იმ იმედით, რომ მათ შორის მოაკვდინებდა ახლადშობილ ძეს ღვთისას (მასში მომავალ მეფეს და მეტოქეს ხედავდა) და ამით თავის ამქვეყნიურ მეფობას გაიხანგრძლივებდა. საუკუნეთა მანძილზე უფლამდე მისასვლელი გზა მუდამ ნარ-ეკლიანი იყო, ვიწრო და ძნელად სავალი, რადგან ყოველ ეპოქას თავისი ჰეროდე ჰყავს, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება ბოროტ, ბილწ საქმეთ, არ ერიდება არც უდანაშაულო ყრმათა მოწყვეტას, ოღონდ ადამიანები თავის მონობაში ამყოფოს და შემოქმედი დაავიწყოს.
ჩვენს დროშიც მისი მოქმედებანი სხვადასხვა სახით ვლინდება: აბორტით მოწყვეტილ ჩვილთა სისხლი ცას შეჰღაღადებს, ნარკომანია, აზარტული თამაშები თუ უზნეო ცხოვრების წესი ათასობით ახალგაზრდას იწირავს და ეს დანაშაულებანი ჩვენგან პასუხს ითხოვს.
ჰეროდესეული სული იმასაც ცდილობს, ისეთი გარემო დაამკვიდროს, სადაც მისაბაძი აღარ იქნება სხვისთვის არა თუ თავის გაწირვა, ნაცვალგების გარეშე სიკეთის ქმნაც კი; მისაბაძი აღარ იქნება ზნეობრიობა და სიწმინდე და ადამიანებს დახშული ექნებათ სინდისის ხმა.
ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ სიმართლე და სიკეთე განქარდება, ურთიერთპატივისცემა და პატიოსნება დაიკარგება, რაღა იქნება ჩვენი ყოფა?! თუ მეგობრობა, სიყვარული და თანადგომა ადამიანთა ბუნებიდან წარიხოცება, ვინ შეძლებს ამგვარ სივრცეში ცხოვრებას?! ასეთი საზოგადოება ხომ თავისთავად გახდება სიცოცხლის უუნარო და გადაგვარებისათვის განწირული, რადგან მას აღარ ექნება ძალა ბოროტების შეჩერებისა და ცოდვისთვის წინააღმდეგობის გაწევისა? ამასთან, გაქრება ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ზღვარიც, — ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის.
სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა თანდათან ჩვენთანაც ფეხს იკიდებს და ხალხს შიში და უიმედობა იპყრობს, მაგრამ არ უნდა გავტყდეთ, არ უნდა დაგვაბრკოლოს არც გამრავლებულმა ღალატმა და გაუტანლობამ, არც შურმა და მზაკვრობამ. დროა ასეთი! არსებული რეალობა უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი რწმენის დიდი გამოცდა და შევძლოთ, განვეშოროთ ბოროტებას, ჩვენდამი ჩადენილ ავ საქმეთა გამო, — სამაგიეროს გადახდას; ვეცადოთ, არ დავკარგოთ მომავლის იმედი, არ დავკარგოთ მოყვასის სიყვარული და მისდამი თანადგომის სურვილი, არ დავკარგოთ ღირსება და ძალისამებრ ჩვენისა, სიკეთით ვუპასუხოთ გამოწვევებს.
შევნიშნავთ იმასაც, რომ არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც. თავისთავად სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედიაც და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს და ნანახისა თუ ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა. დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, — გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, — ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს.ამის მოქმედთ, ალბათ, ჰგონიათ, რომ რაკი სხვასზე ფიზიკურად არ ძალადობენ და სხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, — როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, რადგან მას ქმნადობის უნარი გააჩნია. არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა — სიკვდილის ტოლფასი. ამასთან, არცერთი ჩვენი ნათქვამი არ ქრება და იგი ჩვენი მამხილებელი იქნება ღვთის წინაშე. მაცხოვარი ბრძანებს: "ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სასამართლოში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას, რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში უნდა ჩავარდეს" (მათე 5,22).
იაკობ მოციქულიც მეტად მკვეთრ შეფასებას აძლევს ავის- მთქმელთ: "...ენა ცეცხლია, უსამართლობის სამყაროა იგი ...ის ბილწავს მთელს სხეულს... დაუკავებელი ბოროტებაა და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე. მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს... ასე არ უნდა იყოს" (იაკობი 3, 6-10).
თითოეული დღე, საათი და წუთი აღბეჭდილია ჩვენი კარგი ან ცუდი ქმედებით, კარგად ან ცუდად მეტყველებით. დროს ვერ დავაბრუნებთ და მასში ვერც ჩვენს ნაკვალევს წავშლით, თუ სინანული არ გვექნა. გულწრფელი, ღრმა სინანული, აღსარება და ზიარება ღვთისგან ნაწყალობევი ის საიდუმლოებებია, რომელთაც ძალუძთ მთელი ჩვენი განვლილი არასწორი ცხოვრების და მისი შედეგების აღმოფხვრა, ცოდვის წარხოცვა და ახალ ადამიანად ჩვენი გარდაქმნა, განწმენდა და სულიერი ამაღლება.
წმინდა იოანე ოქროპირი წერს: როგორი ცხოვრებითაც არ უნდა ვიცხოვროთ, სინანულს ვერ ავცდებით; ის, ვინც ამქვეყნად ცდილობს სინანულით უწამლოს თავისი სულის ცოდვით გამოვლინებებს, მარადიულად იხარებს, ხოლო ვინც ამ ქვეყანად შეჰხარის დროებით წარმავალ სიკეთეთ და ყველა საშუალებით მათ მოპოვებას ესწრაფვის მხოლოდ, აუცილებლად ინანებს საუკუნოდ.
პავლე მოციქული კი ბრძანებს: "ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, ხოლო სულიერნი,- სულისას… ხორცის ზრახვა სიკვდილია, ხოლო სულის ზრახვა, — სიცოცხლე და მშვიდობა" (რომ. 8, 5-6). "მეორე რჯულშიც" ვკითხულობთ: "თქვენს წინაშე ვიმოწმებ ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ" (II სჯ. 30,19).
მთელი კაცობრიობის და თითოეული ჩვენგანის არსებობის არსი ამ ორი გზიდან ერთ-ერთის არჩევაში მდგომარეობს.
განსაკუთრებული ზრუნვა გვმართებს მომავალ თაობაზე, რათა შემდეგ მათ საყვედური არ გვითხრან, რომ არ დავეხმარეთ, გაცნობიერებული ნაბიჯები გადაედგათ თავისი ცხოვრების გზაზე. მე ურთიერთობა მაქვს პედაგოგებთან და ნაწილობრივ ვიცი ის პრობლემები, რის წინაშეც დღეს საჯარო სკოლა დგას.
სასიხარულოა, რომ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მასწავლებელთა ხელფასს გაზრდის და იზრუნებს მათი ავტორიტეტის ამაღლებისთვის; ასევე, სასიხარულოა დაწყებით კლასებში "დედა ენის" დაბრუნება, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია; ჩვენ მხოლოდ აუცილებელ თემებზე შევჩერდებით და ვიმედოვნებთ, ახალი ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს მას.
პირველ რიგში, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნული სულისკვეთებით მოსწავლეთა აღზრდას; სასწავლო პროგრამებიდან, სამწუხაროდ, თითქმის ამოღებულია ჩვენი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები, ყურადღება არ მახვილდება ჩვენი ერის გმირულ წარსულზე, არ აღინიშნება გამოჩენილ პიროვნებათა და მოვლენათა ღირსსახსოვარი თარიღები; ხშირად არ ეწყობა ექსკურსიები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის გასაცნობად... უნდა გატარდეს სხვა ღონისძიებებიც, რომ ყმაწვილებში სამშობლოს სიყვარული გაღვივდეს და ისინი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.
ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის; ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია. სკოლაში საათები უნდა დაეთმოს პირად ჰიგიენას, ხელსაქმეს, სახელობო მიმართულებებს, ბუნებასთან ურთიერთობას, სოფლის მეურნეობის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნას, უნდა ფუნქციონირებდეს მუსიკალური, სამხატვრო, ლიტერატურული წრეები... უმნიშვნელოვანესია სპორტული დარბაზებითა და მოედნებით სასწავლებლების უზრუნველყოფა და სპორტულ წრეებში ბავშვების გაერთიანება, რომ მათ ენერგია აქ დახარჯონ და ჯანმრთელ და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.
სკოლამ უნდა ჩაუნერგოს მოსწავლეებს შრომის სიყვარული, უნარი პატიებისა და სხვისი სიხარულით გახარებისა, სიმართლის დაცვისა და მეგობრის ერთგულებისა, დაჩაგრულის თანადგომისა და, საერთოდ, სიკეთის ქმნისა. ამის განხორციელების შემთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ, რომ მოზარდებს მივეცით საშუალება ჯანსაღ თაობად აღზრდისა; შევთავაზეთ სიკეთე და სიცოცხლე, დანარჩენი კი მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
როგორც აღვნიშნეთ, დღეს ხშირ შემთხვევაში დედ-მამა შვილს ვერ აქცევს სათანადო ყურადღებას; სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მშობელი ნაკლებად მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში, რაც დაუშვებელია; სავალდებულო უნდა გახდეს პედაგოგებთან ხშირი შეხვედრა; მათ უნდა იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა და მასწავლებლებთან ერთად ყველაფერი გააკეთონ შვილთან მიმართებაში სწორი მიდგომების განსაზღვრისათვის.
რაც შეეხება ოჯახს, ანუ მცირე ეკლესიას: ზოგადად, ყველამ ვიცით, რომ იგი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს. ყველამ ვიცით ისიც, რომ ოჯახში უსიამოვნებებიც ხდება, მაგრამ როგორც ცოლი, ისე ქმარი უნდა ეცადოს, რთული სიტუაცია მალევე განმუხტოს და, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, დღე ისე არ უნდა დასრულდეს, რომ განაწყენებულებმა ერთმანეთს შენდობა არ სთხოვონ.
გახსოვდეთ ისიც, რომ ჩხუბსა და დაძაბულობას შვილები უნდა განარიდოთ, მათი მგრძნობიარე სული მთელი სიმწვავით რეაგირებს ასეთ ქმედებებზე; განსაკუთრებით მძიმე კვალს კი მშობლების განშორება ტოვებს. სამწუხაროდ, დღეს ხშირად ირღვევა ოჯახები, უმთავრესად ახლადშექმნილი. ვფიქრობთ, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ახალგაზრდები ცხოვრებისთვის არ არიან მომზადებულნი და პატარა გაუგებრობაც საკმარისი ხდება განშორებისთვის. მათ უნდა იცოდნენ, რომ თავდაპირველად უსიამოვნებები შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ეს არის ერთმანეთთან რეალური ურთიერთობების დაწყების პერიოდი; ეს არის ოჯახურ სივრცეში დათმობის და, ამავე დროს, შენი ღირსების დაცვის, სიყვარულის გაცემისა და მიღების, სხვისი და საკუთარი თავის პატივისცემის დამკვიდრების პერიოდი.
ცოლ-ქმრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვრის ყოლას. ამასთან, კარგი იქნება თუ ისინი აღსარებას ერთ სასულიერო პირს ჩააბარებენ (რა თქმა უნდა, შეიძლება სხვა და სხვა მოძღვარიც ჰყავდეთ), რომ მისი საშუალებით თითოეულმა შედარებით უმტკივნეულოდ გააცნობიეროს თავისი შეცდომა და მდგომარეობა გამოასწოროს. დაეყრდენით ღმერთს, ისწავლეთ მასთან საუბარი, გადაუშალეთ გული და იგი გიჩვენებთ საოცარ მაგალითს მეგობრობისა და შეწევნისა.
ცალკეული ადამიანი და მთელი მსოფლიოც დაუცველობის განცდამ სწორედ იმიტომ მოიცვა, რომ პიროვნება თავისი თავის იმედად დარჩა და შემოქმედი დაივიწყა. ბედნიერია ის, ვის გულშიც ღმერთმა თვისი ძის სული გამოავლინა (გალატ.4,6) და აღავსო იგი ჭეშმარიტი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. ასეთი პიროვნებისთვის აღარ არსებობს შიში ხვალინდელი დღისა, აღარ არსებობს შიში განსაცდელისა და თვით სიკვდილისაც, რადგან იცის და სწამს, რომ "ღვთის მოყვარულთ ყოველივე სასიკეთოდ წარემართებათ... ხოლო "თუ ღმერთი ჩვენსკენ იქნება, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ" (რომ. 8, 28,31)!
ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, ყოველნო ერნო, — ჩვენთვის შვა ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი, ჩვენს ყველა სენთა და ტკივილთა დიდი მკურნალი. ბეთლემის ბაგას ვარსკვლავი დასდგომია; ვიჩქაროთ, რომ თაყვანი ვსცეთ ჩვილ იესოს, — აბრაამის აღთქმის განცხადებას, მოსეს რჯულის დასრულებას, ახალ პასექსა და ახალ ადამს, პურს ცხოვრებისას და ნათელს სოფლისას, ძეს ღვთისას და ძეს კაცისას, გზას, ჭეშმარიტებასა და სიცოხლეს.
შორებელთა და ახლობელთ გვიხმობს ღმერთი ჭეშმარიტი, გვიხმობს ხანდაზმულთ და ყრმებს, ახალგაზრდებს, გვიხმობს დამცირებულთ და შეურაცხყოფილთ, ქვრივ-ობლებს, განსაცდელში მყოფთ, მდიდართ და გლახაკთ, ჩინებულთ და უჩინოთ, ერსა და ბერს. არა აქვს მნიშვნელობა, მისკენ ჩვენი გზის სავალი ბეთლემელი მწყემსებივით ხანმოკლე იქნება, თუ მოგვებივით ხანგრძლივი, მთავარია ვპოვოთ იესო, ვპოვოთ ყოვლადწმინდა მარიამი, ჩვენი გამორჩეული მფარველი, და აღარც განვეშოროთ მათ სიცოცხლის ბოლომდე.
იესო ქრისტეს მოწყალებით, ღვთისმშობლის მეოხებით, ღმერთმა ბედნიერი შობა-ახალი წელი მომადლოს თითოეულ თქვენგანს, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. ყველას გისურვებთ უფლის მადლით აღვსებას!
ღმერთს ებარებოდეთ, იხარეთ ორთავ სოფელსა შინა! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი".
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვაჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა მაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
კომენტარები