2018 წლის 20 მთავარი სამეცნიერო აღმოჩენა
იქნება ეს მარსზე თხევადი წყლის აღმოჩენა, მაიმუნების კლონირება, თუ იუპიტერის 12 ახალი მთვარე, 2018 წელი სამეცნიერო სიახლეებითა და აღმოჩენებით საკმაოდ დატვირთული იყო.
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ტემპებს თუ გავითვალისწინებთ, მართლები ვიქნებით თუ ვივარაუდებთ, რომ მომდევნო წელს კიდევ უამრავი საინტერესო და შთამბეჭავი სიახლე გველოდება, თუმცა მანამდე თვალი გადავავლოთ იმ მნიშვნელოვან ამბებს, რომელთა შესახებაც ამ წლის განმავლობაში შევიტყვეთ.
1. ჩვენ შევიტყვეთ, რომ 2040 წელს, შესაძლოა, კლიმატური კატასტროფის წინაშე დავდგეთ
გაეროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 40 ქვეყნის 91 მეცნიერი მონაწილეობდა, გამოააშკარავა, რომ თუ დედამიწაზე სათბურის გაზების გამოყოფა ამ ტემპებით გაგრძელდება, 2040 წლისთვის დედამიწის ატმოსფეროს ტემპერატურა 1,5 გრადუსით მოიმატებს, რაც მასიურ კატასტროფებს გამოიწვევს, საერთო ზარალი კი 54 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ კრიტიკული ზღვარი ტემპერატურის 2-გრადუსიან ცვლილებაზე გადიოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, 1,5 გრადუსი კატასტროფული შედეგების მისაღებად სავსებით საკმარისია.
2. ადამიანებს ახლა უკვე ახალი ორგანო, ინტერსტიტიუმი გვაქვს
2018 წელს მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში ახალი ორგანო, ინტერსტიტიუმი აღმოაჩინეს. ამ დრომდე მისი გარჩევა შემაერთებელი ქსოვილისგან ვერ ხერხდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ახალი ორგანო სხეულში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომისაა და მას ორგანიზმში სითხის განაწილება და გადატანა ევალება. სავარაუდოდ, ინტერსტიტიუმი ორგანიზმში მიმდინარე უამრავ პროცესშია ჩართული.
3. მარსის ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის დიდი მასა აღმოვაჩინეთ
მეცნიერებმა ისტორიაში პირველად მარსის ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის დიდი მასა აღმოაჩინეს. ევროპელმა მეცნიერებმა აღმოჩენა Mars Express-ზე მიმაგრებული სპეციალური რადარის საშუალებით გააკეთეს. ცნობილია, რომ დედამიწაზე არსებულ მიწისქვეშა წყლის რეზერვუარებში გარკვეული მიკროორგანიზმების პოვნაა შესაძლებელი, მეცნიერების თქმით, თუ სიცოცხლე დედამიწაზე გაჩნდა, არ არის გამორიცხული, რომ იგივე ოდესღაც მარსზეც მომხდარიყო, ამ სიცოცხლის კვალის პოვნა კი შესაძლებელია მარსის ზედაპირის ქვეშ, თხევად გარემოში შეიძლებოდეს.
4. პირველად მოვახდინეთ მაიმუნების კლონირება
ჩინელმა მეცნიერებმა მაკაკის კლონის შესაქმნელად გამოიყენეს მეთოდი, რომლითაც პირველად ცხვარ დოლის კლონირება მოხდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეცნიერებმა პრიმატების კლონირება მოახდინეს. აღნიშნულ საკითხს მოჰყვა კრიტიკაც, ადამიანების ნაწილი მიიჩნევდა, რომ მსგავსი ექსპერიმენტი არაეთიკურია.
5. აღმოვაჩინეთ ცხოველი, რომელიც 30 წლის განმავლობაში გადაშენებულად ითვლებოდა
კენგურუ თაგვი პატარა, მიწის ქვეშ მცხოვრები ძუძუმწოვარია, რომელიც მექსიკის ჩრდილოეთში ცხოვრობს. ის უკანასკნელად 1989 წელს იყო შემჩნეული, ხოლო 1994 წელს მექსიკის მთავრობამ კენგურუ თაგვი გადაშენებულად გამოაცხადა. მოულოდნელად, მეცნიერებმა 2017 წელს ოთხი კენგურუ თაგვი აღმოაჩინეს. ექსპერტების თქმით, ეს აღმოჩენა დამაიმედებელია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ამ რეგიონში ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენა მიმდინარეობს.
6. აღმოვაჩინეთ დინოზავრის ახალი, ამ დრომდე სრულად უცნობი სახეობა
2012 წელს სამხრეთ აფრიკაში უცნობი დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს. ახლახან კი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნამარხი გიგანტურ დინოზავრს, ბრონტოზავრის მონათესავე სახეობას ეკუთვნის. გამოთვლები მიუთითებს, რომ აღმოჩენილი დინოზავრის წონა თითქმის 12 000 კილოგრამს აღწევდა. ექსპერტების თქმით, ეს მიწაზე მცხოვრები ყველაზე დიდი ცხოველია, რომელსაც ოდესმე უარსებია.
7. NASA-მ ტყუპების შესწავლისას აღმოაჩინა, რომ კოსმოსში ყოფნა გენების ექსპრესიას ცვლის
NASA-მ კოსმოსში ასტრონავტი სკოტ კელი გაუშვა, რომელსაც დედამიწაზე ტყუპი ძმა, მარკ კელი ჰყავს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სკოტ კელის გენების ექსპრესია კოსმოსში ყოფნისას მნიშვნელოვნად შეიცვალა. მარკ კელის ორგანიზმში კი მსგავსი ცვლილება არ დაფიქსირებულა. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ სკოტ კელის გენების დიდი ნაწილის ექსპრესია დარეგულირდა, თუმცა მისი გენების შვიდი პროცენტი საწყის მდგომარეობაში კვლავ არ დაბრუნებულა
8. 129 წლის შემდეგ, კილოგრამის ახალ განმარტებაზე გადავედით
პარიზის მიწისქვეშა საცავში დაცული ეტალონი, რომლითაც კილოგრამის განსაზღვრა ხდებოდა, წონაში იკლებდა. ნოემბერში მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ საჭირო იყო კილოგრამის ახალი განსაზღვრების შემოღება. კილოგრამის ახალი განსაზღვრება პლანკის მუდმივაზეა დაფუძნებული, რომელიც სამყაროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მუდმივაა.
9. აღმოვაჩინეთ სამყაროს ყველაზე კაშკაშა ობიექტი
ეს არის ჩვენგან 13 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კვაზარი (მისი ოფიციალური სახელია PSO J352.4034-15.3373), რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ამ კვაზარს ახალ ისეთად ვხედავთ, როგორიც ის 13 მილიარდი წლის წინ, სამყაროს შექმნისას იყო. შესაძლებელია, რომ სამყაროში უფრო კაშკაშა ობიექტებიც არსებობდნენ, თუმცა ჯერ ჩვენ ისინი არ გვიპოვნია.
10. აღმოვაჩინეთ, რომ ოზონის შრეს იმაზე სწრაფად შეუძლია აღდგენა, ვიდრე გვეგონა
გაეროს მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ ოზონის შრის აღდგენა სწრაფად მიმდინარეობს. თუ პროცესი არ შენელდება, 2030 წლისთვის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ოზონის შრე სრულად აღდგება, სამხრეთ რეგიონებში ეს პროცესი 2050 წელს, დედამიწის პოლუსებზე კი 2060 წლისთვის დასრულდება.
11. აღმოვაჩინეთ სინათლის ახალი ტიპი
თუ თქვენ ბნელ ოთახში ორ ფანარს ისე აანთებთ, რომ მათმა სხივებმა ერთმანეთი გადაკვეთონ, არაფერი მოხდება. ისინი ერთმანეთში ყოველგვარი ურთიერთქმედების გარეშე გაივლიან. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივრესიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მეთოდი, რომლის გამოყენებისასაც ფოტონები ერთმანეთთან ურთიერთქმედებას იწყებენ. აღნიშნული აღმოჩენა, შესაძლოა, უსწრაფესი კვანტური კომპიუტერების შესაქმნელად გამოგვადგეს.
12. იუპიტერის გარშემო 12 ახალი მთვარე დავაფიქსირეთ
მზის სისტემის მეცხრე პლანეტის ძიებისას მეცნიერებმა შემთხვევით იუპიტერის 12 ახალი მთვარე აღმოაჩინეს. ორი ახალი მთვარე ორბიტაზე იუპიტერის ბრუნვის მიმართულებით ბრუნავს. ისინი სავარაუდოდ ერთი დიდი მთვარის გახლეჩვის შედეგად წარმოიქმნენ. დანარჩენი 10 მთვარე პლანეტიდან უფრო მოშორებითაა, მათგან ცხრა კი ორბიტაზე პლანეტის ბრუნვის საპირისპირო მიმართულებით ბრუნავს.
13. აღმოვაჩინეთ 90 000 წლის წინ დაბადებული გოგო, რომელსაც ნეანდერტალელი დედა და დენისოველი მამა ჰყავდა
მეცნიერებმა ციმბირში, დენისის გამოქვაბულში ძვლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ნამარხის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ეს ინდივიდი ადამიანის ორი სხვადასხვა ქვესახეობის ნაჯვარი იყო. ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა ქვესახეობები ერთმანეთში იმაზე უფრო ხშირად ჯვარდებოდნენ, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით.
13. ჰომო საპიენსის შექმნილი ყველაზე ძველი ნახატი
ქვის იარაღზე აღმოჩენილი წითელი ხაზები შესაძლოა ჰომო საპიენსის შექმნილი უძვლესი ნახატი იყოს. მეცნიერთა ვარაუდით, იარაღი დაახლოებით 73 000 წლისაა. ეს 30 000 წლით უფრო ძველია, ვიდრე ამ დრომდე აღმოჩენილი ყველაზე ძველი ნახატი.
14. დავადგინეთ, რომ ხვლიკებს სიზმრები ესიზმრებათ
ლიონის ნეირომეცნიერებათა ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ ხვლიკებს გამოკვეთილი ძილის რეჟიმები გააჩნიათ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხვლიკებს სწრაფი ძილი (REM) და ნელი ძილი ისევე ახასიათებთ, როგორც ადამიანებს. კვლევის ავტორების თქმით, შედეგები მიუთითებს, რომ ხვლიკები სიზმრებს ხედავენ.
15. ერთნაირსქესიანი თაგვებისგან შთამომავლობის მიღება შევძელით
გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებით ჩინელმა მეცნიერებმა ერთნაირსქესიანი თაგვებისგან შთამომავლობის მიღება შეძლეს. მეცნიერებმა შთამომავლობის მიღება ორი მამრისა და ორი მდედრისგან სცადეს. ორი მამრისგან მიღებული შთამომავლობა მალევე დაიღუპა, მდედრი თაგვებისგან მიღებული შთამომავლობა კი გადარჩა და გამრავლებაც შეძლო.
16. გავარკვიეთ, რომ მსოფლიოს უძველესი ცხოველი, მართლაც ცხოველი იყო
558 მილიონი წლის წინ ოკეანის ფსკერზე უცნაური არსება მოკვდა. მისი ოვალური ფორმის სხეული სიგრძეში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრია, მისი გვერდები კი სიმეტრიული "ნეკნებითაა" დაფარული. მეცნიერებმა მისი ნამარხი 1940-იან წლებში აღმოაჩინეს და მას შემდეგ მუდმივად მიდის დავა იმაზე, თუ რას წარმოადგენდა ეს არსება. არც ის იყო ადვილი გასარკვევი, საერთოდ მიეკუთვნებოდა თუ არა ის ცოცხალი ორგანიზმების სამეფოს. გასული 558 მილიონი წლის მიუხედავად, ავსტრალიელმა გეოფიზიკოსმა ილია ბობროვსკიმ შეძლო იმ მარტივი მოლეკულების დაფიქსირება, რომლებიც ერთ დროს ამ ორგანიზმში არსებობდნენ, რის შედეგაც დადგინდა, რომ დიკინსონია, (Dickinsonia) მართლაც ცოცხალი ორგანიზმი იყო.
17. აღმოვაჩინეთ, რომ ტირანოზავრები იმაზე უფრო პუტკუნები იყვნენ, ვიდრე წარმოგვედგინა
2018 წელს მეცნიერებმა უახლეს კვლევებზე დაყრდნობით ტირანოზავრის აქამდე ერთ-ერთი ყველაზე დეტალური მოდელი შექმნეს. ახალ პროექტში მონაწილეობა ხელოვანებისა და პალეონტოლოგების გუნდმა მიიღო. მათ დინოზავრის მოდელის თითოეული ფენა მაქსიმალური სიზუსტით შექმნეს. მიღებული შედეგი კი საზოგადოებაში გავრცელებული წარმოსახვისგან საკმაოდ შორსაა.
18. აღმოვაჩინეთ ნივთიერება, რომლითაც შესაძლოა მამაკაცებისთვის კონტრაცეპციის ახალი მეთოდი შევქმნათ
ამ დრომდე მამაკაცებისთვის განკუთვნილ კონტრაცეფციის აბებს სერიოზული გვერდითი ეფექტები ჰქონდა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელსაც მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის შემცირება უსაფრთხოდ შეუძლია.
19. აღმოვაჩინეთ უძველესი, 13 000 წლის ლუდი
ისრაელში არქეოლოგებმა ერთ-ერთ გამოქვბულში ლუდის ნარჩენები აღმოაჩინეს, რომლებიც 13 000 წლით დათარიღდა. ეს არის ადამიანების მიერ ალკოჰოლის დამზადების ყველაზე ძველი დოკუმენტირებული შემთხვევა.
20. ასტრონომებმა ბოლოსდაბოლოს დაადგინეს, საიდან მოდიან ნეიტრინოები
ნეიტრინოებს ხშირად მოჩვენება ნაწილაკებად მოიხსენიებენ ხოლმე, ნეიტრინოები ყველგანაა, თუმცა ამ დრომდე უცნობი იყო, თუ საიდან მოდიან ისინი. თქვენს გარშემო ამ წამს მილიარდობით ნეიტრინოა, თუმცა თქვენ ვერაფერს გრძნობთ. 2018 წელს მეცნიერებმა განსაკუთრებით მაღალი ენერგიის მქონე ნეიტრინო დააფიქსირეს, მომდევნო კვლევებით კი გაირკვა, რომ მისი წყარო ჩვენგან ოთხი მილიარდი სინათლის წლით დაშორებული ბლაზარი, სახელად TXS 0506+056-ია.
კომენტარები