პაწაწინა მგალობელმა ჩიტმა საკუთარ წონით კატეგორიაში მიგრაციის რეკორდი დაამყარა
მისი სახელია გაზაფხულა ჭივჭავა. ეს არის პატარა მგალობელი ჩიტი, რომლის ყოველწლიური მოგზაურობაც რამდენიმე კონტინენტს და დაახლოებით 26 000 ათას კილომეტრს მოიცავს. შვედმა მეცნიერება დაადგინეს, რომ გაზაფხულა ჭივჭავას მიგრაცია ფრინველთა ამ წონის კატეგორიაში ყველაზე გრძელია.
ჭივჭავას ეს მიღწევები ახლახან ჩატარებულ კვლევაში გამოვლინდა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა სპეციალური გადამცემების საშუალებით სამი მამრი ჭივჭავას მოგზაურობის მარშრუტი შეისწავლეს. მათი მოგზაურობა ჩრდილოეთ რუსეთში დაიწყო და აფრიკაში დამთავრდა, რომლის დროსაც მათ დაახლოებით 13 000 კილომეტრი გაიფრინეს. აღსანიშნავია, რომ მათ მიერ დაფარული მანძილი შეიძლება უფრო გრძელიც იყოს, რადგან კვლევა დროზე ადრე შეწყდა, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩიტებზე მიმაგრებული გადამცემების ელემენტები დაჯდა.
"მე ვვარაუდობ, რომ ისინი კიდევ დაახლოებით 1 000 კილომეტრს გაიფრენდნენ", - აცხადებს კვლევის თანაავტორი და ლუნდის უნივრსიტეტის მეცნიერი სუზანა აკესონი.
გაზაფხულა ჭივჭავა პატარა ჩიტია, მისი სიგრძე სულ რაღაც 12 სანტიმეტრია, თუმცა, მისმა გარეგნობამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს.
შემოდგომის დადგომასთან ერთად გაზაფხულა ჭივჭავა აღმოსავლეთ ციმბირს ტოვებს და სამხრეთ-დასავლეთ აზიისკენ მოფრინავს. ჭივჭავები მიგრაციის დროს დღის მეოთხედს ფრენაში ატარებენ, რომლის დროსაც ისინი წამში ცხრა მეტრს გადიან, რაც საკმაოდ სწრაფია.
მათ ფრენისას ხანმოკლე შესვენებები ხშირად აქვთ, თუმცა პირველ ხანგრძლივ შესვენებას ისინი ხუთ-კვირიანი მოგზაურობის შემდეგ, კავკასიასა და აზიაში იღებენ. ორი კვირის შემდეგ კი მოგზაურობა, რომელიც ბოლოს ტანზნიასა და კენიაში სრულდება, კვლავ გრძელდება.
კვლევით დგინდება, რომ ამ მანძილის დასაფარად ფრინველებს დაახლოებით ოთხი თვე სჭირდებათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ ერთი გზაა, მათ სახლში დასაბრუნებლად იგივე მარშრუტი აქვთ გასავლელი.
ცხადია, რომ არსებობს სხვა ფრინველები, რომლებიც ყოველწლიურად უფრო შორ მანძილებზე მიგრირებენ. მაგალითად, პოლარული მეთოვლია ყოველწლიურად 70 000 კილომეტრს ფარავს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეთოვლია ჭივჭავაზე 10-ჯერ უფრო დიდია.
"კვლევის შედეგები გასაოცარია. ეს ერთადერთი კვლევაა, რომლითაც ირკვევა, რომ ამ ზომის ჩიტებს ასეთ შორ მანძილებზე ფრენა შეუძლიათ. კიდევ უფრო გასაოცარი კი ის არის, რომ ცხოვრების პირველ წელს ისინი ამ გზას მარტო გადიან", - აცხადებს აკესონი.
გაზაფხულა ჭივჭავას მიმართულებების განსაზღვრის შეუდარებელი უნარი აქვს. მას გააჩნია რამდენიმე ბიოლოგიური კომპასი, რაც მას დედამიწის გარშემო ნავიგაციის საშუალებას აძლევს. მათი მარშრუტის გაანალიზებით, მეცნიერები შეჯერდნენ ნავიგაციის იმ ორ ფორმაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ჩიტი იყენებს.
სწორი მარშრუტის დასადგენად ჭივჭავები მზეს და დედამიწის მაგნიტურ ველს იყენებენ. ჭივჭავას "მზის კომპასი" მიგრაციის დროს დროის სასაათო სარტყელების ცვლილებას აღიქვამს. მისი "მაგნიტური კომპასი" კი დედამიწის მაგნიტური ველის დახრის კუთხეს აფიქსირებს.
ეს უნიკალური უნარები გზაფხულა ჭივჭავას უზარმაზარ დისტანციებზე გადაადგილებასა და ახალი რესურსების ათვისების საშუალებას აძლევს, რაც მისი გადარჩენისთვის აუცილებელია.
კომენტარები