სუხიშვილები, ღვინო და ფესტივალი - წინანდალში "რადისონ ქოლექშენის" პრეზენტაცია გაიმართა
წინანდალში, ჭავჭავაძეების ისტორიული მამულის ულამაზეს ბაღში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. მათ შორის იყვნენ საქართველოს მთავრობის წევრები, ცნობილი ქართველი ხელოვანები, ქორეოგრაფები, ბიზნესმენები და უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები. შემოდგომის ფოთლისფერი მზის სხივების სითბოს ფონზე შესამჩნევი იყო, რომ სტუმრებს ამაღლებული განწყობა ჰქონდათ. აქ, ამ ისტორიულ მიწაზე, სრულიად ახალი სიცოცხლის დასაწყისი იგრძნობოდა.
27 ოქტომბერს წინანდალში საქართველოსა და რეგიონში "რადისონ ქოლექშენის" ბრენდის პირველი სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართა. ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში ათასზე მეტი ადამიანი სწორედ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად შეიკრიბა. ტერიტორიაზე მიმოფანტულ ადამიანებს რადისონის უახლესი, ეკოლოგიურად სუფთა სასტუმო გადმოჰყურებდა. შენობა, რომლის გარე ფასადიც მთლიანად მცენარეებით არის მორთული, იდეალურ კონტრასტს ქმნის ძველ, ალექსანდრე ჭავჭავაძის დროინდელ არქიტექტურულ სტილთან.
ძველი და ახალი არქიტექტურული შედევრის დაბალანსებული, სასიამოვნო შერწყმა ცნობილი გერმანელი ინდუსტრიული დიზაინერის, ინგო მაურერის დამსახურებაა. თუმცა ეს არ არის სასტუმროს ერთადერთი ღირსება. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღის მიმდებარედ, ეკოლოგიურ გარემოში განთავსებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 142 ნომერს, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზებს, ბიბლიოთეკას, ღია და დახურულ რესტორნებს, სპა-ცენტრს, აუზსა და ფიტნეს-კლუბს აერთიანებს.
სიმბოლურია ისიც, რომ წინანდალი პირველი ადგილია, სადაც "რადისონ ქოლექშენის" სასტუმრო იმთავითვე ამ ბრენდის სახელით აშენდა. აქამდე, სხვა სასტუმროებს რადისონის იარლიყი მხოლოდ რებრენდინგის შედეგად ენიჭებოდა. ეს ფაქტი სიმბოულურია იმის გამო, რომ წინანდალი ოდითგანვე იყო ინოვაციებისა და სიახლეების კერა, სადაც ჭავჭავაძეების ოჯახი ნერგავდა ღვინის დაყენების ახალ ტექნოლოგიებს, არქიტექტურასა და სხვ.
"რადისონ ქოლექშენის" ინტერიერის მოწყობაში ჩართული იყო ქართველი ლეგენდარული მოქანდაკე და მხატვარი თამარ კვესიტაძე, რომელმაც ულამაზესი ბიბლიოთეკის კონცეფცია შექმნა.
"ამ პროექტზე მუშაობა იყო სრულიად განსაკუთრებული და ამავდროულად ძალიან რთული. ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან ფაქიზი სამუშაო, რომელიც მთელი გულით შევასრულე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ", - თქვა თამარ კვესიტაძემ.
წინანდლის მამულში მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული ჭავჭავაძეების საგვარეულო ოჯახი ცხოვრობდა. 1690 წლიდან გარსევან ჭავჭავაძემ, რომელიც ერეკლე II-ის კარზე მსახურობდა, მამულის მშენებლობა დაიწყო და ულამაზესი სასახლე დადგა, თუმცა ისტორიას მწირე ინფორმაცია შემორჩა იმ შენობის შესახებ. უცნობია, რა მოუვიდა გარსევან ჭავჭავაძის სახლ-კარს, თუმცა დღეს ამ ადგილას ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ აშენებული სასახლე იმშვენებს თავს.
წინანდლის სასახლეზე ცნობილ ქართველ რომანტიკოს პოეტს, ვახტანგ ორბელიანს ლექსიც კი აქვს დაწერილი, რომელსაც "ორი შენობა" ჰქვია. ლექსში ავტორი ალექსანდრესა და გარსევანის სასახლეებს ადარებს. მართალია, "ორი შენობა" სავსეა წარსულზე სინანულითა და გოდებით, თუმცა ვახტანგის მიერ აღწერილი სასახლე ნამდვილად გასაოცარია.
დრო ყველაფერს ამჩნევს თავის კვალს და ასეთ ისტორიულ ადგილებს დიდ გასაჭირს უქმნის ხოლმე. თუკი წარსულში წინანდალი დიდი კულტურული მექა იყო, უახლოეს წარსულში მისი გავლენა საქართველოს ცხოვრებაში შემცირდა. სწორედ ამ დროს, ამ ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო. წინანდლის პროექტის მიზანია კომპლექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბება, რისი ნიშანიც სწორედ "რადისონ ქოლექშენის" ახალი სასტუმროა.
"წინანდალი ყოველთვის იყო ახალი იდეების, ინოვაციების, განვითარების საბადო და ჩვენს ეს კარგად გვესმის", - ამბობს "სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი. მისი თქმით, "რადისონ ქოლექშენის" აშენება და წინანდლის მამულის განვითარება უდიდესი წარმატების საწინდარი გახდება როგორც კახეთისთვის, ისე მთლიანი საქართველოსთვის.
"11 წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვფიქრობდით ამ პროექტზე. არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ზრუნვა, რომ ყველაფერი დიდებულად გამოსულიყო. ეს ადგილი გახდება განათლების, ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების მთავარი ცენტრი. აქ იწყება ახალი სიცოცხლე", - დაამატა რამიშვილმა.
წინანდალში რომ ახალი სისხლი იწყებს ჩქეფას, ამაში ადგილზევე დავრწმუნდით. განხორციელებული პროექტის ფარგლებში 1200 ადგილიანი ამფითეატრი და 600-ადგილიანი დახურული საკონცერტო დარბაზიც შეიქმნა. საზეიმო გახსნის ცერემონიაზე შეკრებილი სტუმრებისთვის დახურულ დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტიც გაიმართა, რომელშიც ახალგაზრდა მუსიკოსებმა დაუკრეს.
"რადისონ ქოლექშენის" აშენება და ამ პროექტის დასრულება რთული იქნებოდა ისეთი პარტნიორების დახმარების გარეშე, როგორიცაა თიბისი და საპარტნიორო ფონდი. თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პროექტს "საშვილიშვილო საქმე" უწოდა და გვითხრა, რომ განხორციელებული ინვესტიციით ძალიან ამაყობს.
"წინანდალში შეიქმნა უნიკალური კულტურული და ბიზნეს გარემო, რომელიც ამ რეგიონზე ძალიან დადებითად აისახება. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტის დამფინანსებლები ვართ, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი გახდება საქართველოს სავიზიტო ბარათი", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, "რადისონ ქოლექშენის" მიერ განხორციელებული პროექტი სრულ ჰარმონიაშია იმ ისტორიულ მემკვიდრეობასთან, რომელიც საქართველოს ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში გამოჰყვა.
"ეს ადგილი იმსახურებს, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში იყოს და ყოველთვის საუკეთესო განწყობა სუფევდეს", - დაამატა მან.
წინანდლის მამულის განვითარების კიდევ ერთი ნაწილია 2019 წლის სექტემბერში დაგეგმილი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც თიბისი სტატუსის ხელშეწყობით გაიმართება. ფესტივალი საქართველოს მთავრობისა და კომპანია "სილქ როუდ ჯგუფის" თანამშრომლობით შეიქმნა. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ეს ფესტივალი მომავალი წლიდან წინანდალს მსოფლიო კულტურის რუკაზე ახალ და მნიშვნელოვან ადგილს დაუმკვიდრებს.
"ეს ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონის განვითრებისთვის. ის ვარსკვლავები, რომლებიც ჩამოვლენ ფესტივალის ფარგლებში, შექმნიან ახალ კულტურულ კერას საქართველოში. მჯერა, რომ წინანდალი აუცილებლად გახდება მოწინავე რეგიონი ამ სფეროში", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ფესტივალს სრულიად განსაკუთრებულს ხდის ის ფაქტი, რომ მისი მუსიკალური ხელმძღვანელი მსოფლიოში ცნობილი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა იქნება. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დირიჟორი "რადისონ ქოლექშენის" გახსნაზე საპატიო სტუმრის სტატუსითაც იმყოფებოდა და თავისი ემოციებიც გაგვიზიარა.
"ბედნიერი ვარ, რომ დღეს წინანდალში ვიმყოფები და ამ ისტორიული მომენტის ნაწილი ვარ. მუსიკალური ფესტივალი, რომელიც მომავალ წელს იწყება, სრულიად ახალი სიტყვა იქნება კლასიკური მუსიკის სამყაროში. ჩვენ ვაპირებთ პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის ჩამოყალიბებას, რომელიც ყოველწლიურად გამართავს კონცერტებს. ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში კი მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. ეს ძალიან დიდი მოვლენა იქნება", - ამბობს ჯანანდრეა ნოზედა.
გახსნის ცერემონიის დასრულებისას სტუმრები განახლებულ, 1200 ადგილიან ამფითეატრში შეიკრიბნენ, სადაც საღამო სუხიშვილების სოლო კონცერტმა დააგვირგვინა. ქართული ნაციონალური ბალეტის ლეგენდებმა თავისი ყველაზე ცნობილი ცეკვები შეასრულეს და მაყურებლებისგან უწყვეტი აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
პროექტის განვითარება ჯერ კიდევ გრძელდება და მას არაერთი სიახლე დაემატება. ერთი რამ კი ფაქტია: "რადისონ ქოლექშენის" გახსნის შემდეგ წინანდალი სრულიად ახალ სიცოცხლეს იწყებს და მის ისტორიაში არაერთი დიდებული ფურცელი ჩაიწერება.
კომენტარები