ოპრას ინტერვიუ ჯულია რობერტსთან და მსახიობის ახალი ფოტოსესია 51 წლის აღსანიშნავად
Harpers Bazaar-ის ახალი ნომრის მთავარი გმირი ჯულია რობერტსია. მსახიობთან ინტერვიუ ოპრა უინფრიმ ჩაწერა.
ოსკაროსანმა მსახიობმა და ლეგენდარულმა ტელეწამყვანმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს, მათ შორის იყო ჯულიას ახალი შოუ Homecoming-იც, რომელიც ოპრამ წინასწარ ნახა და როგორც ამბობს, იმდენად ემოციური იყო, რომ ბევრი იტირა.
საუბარი შეეხო ჯულიასა და დენი მოდერის ქორწინებასაც, რომელიც გამუდმებით ტაბლოიდების მთავარი თემაა.
"ხშირად, როდესაც მე და დენი სურსათის საყიდლად სავაჭრო ცენტრში მივდივართ, ჟურნალების დახლთან ვხედავთ რამდენიმე გამოცემას, რომლის ყდაზეც ჩვენ ვართ და წერია, რომ ვშორდებით. მაგალითად, ერთი გამოცემა წერდა, რომ ეს განქორწინება $150 მილიონი დაჯდა, მეორეს კი ეწერა, რომ ჩემი და დენის დაშორება $275 მილიონად იყო შეფასებული. ეს ძალიან უხერხული და არასასიამოვნოა, გული მტკივა, როდესაც ასეთ ამბებს ვიგებ, რადგან ჩემი ქორწინებით ვამაყობ. წელს, 4 ივლისს, მე და დენიმ ერთად ყოფნის 16 წელი აღვნიშნეთ", - ამბობს ჯულია.
Homecoming-ის გარდა, შენ თამაშობ პიტერ ჰეჯესის ფილმში, Ben Is Back, რომელიც დეკემბერში გამოდის. შენი პერსონაჟი ნარკოტიკებზე დამოკიდებული ბიჭის დედაა. ვინც ფილმი ნახა, ყველა ამბობს, რომ კინოსურათში ბწყინავ, დარბაზში კი ხალხი ტირილს ვერ წყვეტდა.
თემა, რომელსაც ეს ფილმი ეხება, სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიურობაა. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როდესაც მსგავსი ამბები ემართება ძალიან ბევრ ოჯახს, ყოველდღე, ყოველ საათს. ერთხელ მკითხეს, მივედი თუ არა რჩევის მისაღებად ნარკოდამოკიდებული შვილის დედასთან იმისთვის, რომ როლი უკეთ შემესრულებინა. რა თქმა უნდა, არა, ჩემი მხრიდან ყველაზე დიდი უსინდისობა იქნებოდა, რომ სხვისი ტრაგედია ჩემი კარიერისთვის გამომეყენებინა. ადამიანებს სტკივათ, განიცდიან და ცდილობენ, შვილები გადაარჩინონ. როგორ უნდა მივსულიყავი და მეთქვა, იცით, მე ჯულია ვარ და ჩემი ახალი როლისთვის მჭირდება, რომ თქვენს ტკივილზე მომიყვეთ. ერთდერთი, რაც გავაკეთე, ეს დაგუგლვა იყო: აღმოვაჩინე ფორუმი, სადაც დედები საკუთარ განცდებს ერთმანეთს ანონიმურად უზიარებდნენ, საათობით ვკითხულობდი მათ ამბებს და გული მტკიოდა მათი დარდის წარმოდგენისას. გადაღებების დაწყებამდე ლუკასი [ლუკას ჰეჯესი] ჩვენთან რჩებოდა სახლში, მინდოდა ჩემს შვილებს გაეცნოთ ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად ითამაშებდა ფილმში. ჰენრიმ [ჯულიას შვილი] მკითხა: "დედა, რატომ ხდება ისე, რომ ყველა ფილმში, სადაც დედას თამაშობ, შენი შვილები სულ ბიჭები არიან?" ძალიან გამამხიარულა მისმა ასეთმა აღმოჩენამ. ლუკასთან ერთად ჩვენთან რჩებოდა უმშვენიერესი კეტრინ ნიუტონიც, რომელიც ასევე ჩემი შვილის როლს ასრულებს. მათთან ერთად გავდიოდი სანაპიროზე, შემდეგ კი ერთად ვსადილობდით.
როდის გააანალიზეს შენმა შვილებმა, რომ შენ ჯულია რობერტსი ხარ, ამერიკის ყველაზე საყვარელი მსახიობი?
ვფიქრობ, მათ ეს დიდად არც ადარდებთ. ერთხელ მკითხეს, "დედა, შენ ცნობილი ხარ?", ვუთხარი, რომ შესაძლოა ვიყო, რადგან ხალხი ჩემი ფილმების სანახავად დადის კინოში. შემდეგ კი მკითხეს, ისეთივე პოპულარული ვიყავი თუ არა, როგორიც ტეილორ სვიფტია.
წარმოგიდგენია დღე, როდესაც მთელი ოჯახი დასხდებით და ლამაზმანს უყურებთ?
არა, თუმცა წარმომიდგენია, რომ მთელი ოჯახი დავსხდებით და ერთად ვნახავთ ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილს ან ფოლადის მაგნოლიებს.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჯულია რობერტსს ინსტაგრამზე ვნახავდი. რატომ დარეგისტრირდი?
რამდენიმე მიზეზი მქონდა, უპირველესად კი, ჩემი შვილები, რომლებიც მთხოვდნენ, რომ ეს გამეკეთებინა. არ მიყვარს, როდესაც ჩემი ცხოვრება ზედმეტად საჯარო ხდება, ამიტომ ვცდილობ, იშვიათი დრო გავატარო იქ. ძალიან მშურს ჩემი მეგობრის, სარა ჯესიკა პარკერის, რომელიც შესანიშნავი ინსტაგრამერია, ის გამუდმებით პასუხობს ხალხს. ერთი შემთხვევა მახსოვს, ჩემი ძმისშვილი ემა [ემა რობერტსი] და მე ერთ-ერთ ვიქენდზე ბანქოს ვთამაშობდით, ფოტო გადავიღეთ და ინსტაგრამზე დავდეთ. მოგვიანებით კი, როდესაც თვალი გადავავლე კომენტარებს სოციალურ ქსელში, ყველა აღნიშნავდა, თუ რა საშინლად გამოვიყურებოდი, რომ კაცს ვგავდი. ერთი რამ მინდა ვუთხრა ხალხს, რომელიც გარეგნობის გამო მაკრიტიკებს - მე 50 წლის ქალი ვარ, კარგად ვიცი, ვინ ვარ და თქვენი ასეთი კომენტარები ჯერ კიდევ მტკენს გულს. ვწუხვარ, რომ ხალხმა იმ ფოტოში ვერ შეამჩნია ის დიდი სიყვარული, რის გამოც ეს ფოტო დავდეთ და მთელი აქცენტი მხოლოდ მახინჯ ჯულია რობერტსზე გააკეთეს. ამ ფოტოზე დაწერილი კომენტარების შემდეგ ვფიქრობდი, რა იქნება, 15 წლის რომ ვიყო?
ოპრა უინფრი ჯულიასთან ინტერვიუს დროს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების ამბავსაც შეეხო.
"შეუძლებელია, ამ ამბებზე რეაქცია არ გქონდეს. არჩევნების დღეს, როდესაც გავიგეთ, რომ ტრამპმა გაიმარჯვა, ჩემი გოგო ჰეიზელი გამოვიდა ოთახიდან და დაგვინახა, ჩართულ ტელევიზორთან როგორ ვუყურებდით ახალ ამბებს. როდესაც მისი სახე დავინახე, მივხვდი, რომ დაბნეული იყო და არ იცოდა, რა რეაქცია შეიძლებოდა ჰქონოდა ამ ამბებზე, სწორედ ამიტომ, მასთან ერთად წავედი ქალების მარშზე, ვაშინგტონში. მინდოდა სცოდნოდა, რომ მას, როგორც ქალს, ჯერ კიდევ აქვს ხმა, მისი ხმა კი ყველაზე ძლიერია. მინდოდა დაეჯერებინა, რომ ამ ქვეყანაში ქალებს კვლავ აქვთ საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი - ქალებს ყველაფერი გამოუვათ.
როგორია ცხოვრება 50 წლის შემდეგ? ჰოლივუდში ეიჯიზმი ხომ ჯერ ისევ რჩება პრობლემად. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ შენს ღიმილს და გავლენას წინ ვერაფერი აღუდგება
სულაც არ არის საშიში, იყო 50 წლის ქალი. მახსოვს, გასულ წელს დენიმ მკითხა, "რა გინდა გავაკეთოთ შენი 50 წლის იუბილესთვის?", ვუთხარი რომ მსურდა სამყაროსგან იზოლირება, თუნდაც ხუთი დღით. შემდეგ ბავშვების გარეშე გავემგზავრეთ იმ ქალაქში, სადაც წლების წინ ერთად ვიყავით. თუმცა, როდესაც მაღაზიაში შევედი და უკან დავბრუნდი, ბავშვები გარეთ დამხვდნენ. ეს საოცრება იყო. შემდეგ მთელი ოჯახი ერთად ვიცინოდით, ვერთობოდით და ათას სიგიჟეს ვაკეთებდით. ეს ჩემთვის ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად იქცა. აი, ასე გავხდი 50 წლის, რაც ჩემთვის ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.
ინტერვიუ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ Harpers Bazaar-ის საიტზე.
კომენტარები