მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანესთეზიის გამოყენებით ადამიანებისა და ცხოველების გარდა მცენარეების "დაძინებაც" არის შესაძლებელი.

ეს კვლევა მეცნიერებს სხვადასხვა საანესთეზიო მედიკამენტების უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებას მისცემს. კვლევაში ასევე ხაზია გასმული იმაზე, რომ მცენარეებს ცხოველებთან და ადამიანებთან იმაზე მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ჩვენ გვგონია.

"მცენარეები უბრალო ბიოლოგიურ რობოტებად არ უნდა მოვიხსენიოთ. ისინი ცოცხალი ორგანიზმები არიან, მათ თავიანთი პრობლემები და ცხოვრება აქვთ. ბუნების მკაცრ პირობებში გადასარჩენად მათ გარემოში არსებული ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების უნარი სჭირდებათ, ისევე როგორც ჩვენ." - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

ფოტო: MNOLF/WIKIMEDIA COMMONS

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სხვადასხვა სწრაფად მოძრავი მცენარე შეისწავლეს, მათ შორის მორცხვი მიმოზა და ვენერას ბუზიჭამია.

მათ აღმოაჩინეს, რომ ფოთლებზე ლიდოკაინის ან ეთერის დაწვეთების შემდეგ მცენარეები მოძრაობის უნარს კარგავდნენ, ისინი თითქოს დროებით "იძინებდნენ."

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ისინი ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდებოდნენ და მწერების ჭერას აგრძელებდნენ.

"გარემოდან ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების გზები ყველა ორგანიზმში მსგავს პრინციპებზეა დაფუძნებული," - ამბობს კვლევის ავტორი.

მეცნიერებმა იციან, რომ სხვადასხვა სახის საანესთეზიო საშუალებები ტკივილის შეგრძნების გაქრობას და ცნობიერების დროებით დაკარგვას იწვევს, თუმცა მათ კვლავ არ იციან, ზუსტად რა პროცესები დგას ამ ყველაფრის უკან.

"დაძინებული" მიმოზა, რომელიც შეხებაზე არ რეაგირებს

"დაძინებული" მიმოზა, რომელიც შეხებაზე არ რეაგირებს

ფოტო: Yokawa

მორცხვი მიმოზას ფოთლების მოძრაობა

მორცხვი მიმოზას ფოთლების მოძრაობა

ფოტო: MNOLF/WIKIMEDIA COMMONS

მორცხვი მიმოზა შეხებისას ფოთლებს სწრაფად კეცავს, თუმცა ეთერის დოზის მიცემის შემდეგ ის მოძრაობის უნარს დაახლოებით 7 საათის განმავლობაში კარგავდა. ვენერას ბუზიჭამია კი ლიდოკაინის მიღების შემდეგ მწერების დაჭერას ვეღარ ახერხებდა.

კვლევის მიხედვით, საანესთეზიო საშუალებები გავლენას უჯრედებში არსებულ მოქმედების პოტენციალზე ახდენს, რაც საბოლოოდ უჯრედებს შორის ინფორმაციის გაცვლას უშლის ხელს.

"ბიოელექტრული პოტენციალი არა მარტო ადამიანებსა და ცხოველებს, არამედ მცენარეებსაც აძლევს მოძრაობის საშუალებას," - ამბობენ კვლევის ავტორები.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ადამიანის ცნობიერებას ჩვენს ტვინში, ნეირონებს შორის არსებული ელექტრული იმპულსები აყალიბებს, ანესთეზია კი სწორედ ამ ელექტრული სისტემის დროებით მოშლას იწვევს, რის შედეგადაც ჩვენ ცნობიერებასა და შეგრძნების უნარს ვკარგავთ. ხოლო თუ საანესთეზიო საშუალებები ელექტრული იმპულსების მოქმედებას მცენარეებშიც ისევე ზღუდავენ, როგორც ადამიანებში, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გარკვეული ტიპის ცნობიერება მცენარეებსაც გააჩნიათ?

"ამ კითხვაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არავინ იცის." - ამბობს კვლევის ავტორი.